ავტორი:

რას ერჩოდნენ ფრეიას? - ნორვეგიის მთავრობამ სენსაციად ქცეული ლომვეშაპი, რომელიც ადამიანებს არ უფრთხოდა, დააძინა

რას ერჩოდნენ ფრეიას? - ნორვეგიის მთავრობამ სენსაციად ქცეული ლომვეშაპი, რომელიც ადამიანებს არ უფრთხოდა, დააძინა

ნორვეგიის მთავრობამ სახელგანთქმული ლომვეშაპი ფრეია, დააძინა. მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, რომლითაც ხალხს მოუწოდებდნენ ცხოველისგან თავი შორს დაეჭირათ, ვიზიტორები ფოტოების გადასაღებად ფრეიას მაინც უახლოვდებოდნენ.

"ლომვეშაპის ევთანაზიის გადაწყვეტილება ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად მივიღეთ", - განაცხადა ფრენკ ბაკე-იენსენმა, ნორვეგიის მეთევზეობის დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა.

ფრეია ამ ზაფხულს გახდა სოციალური მედიის სენსაცია. ახალგაზრდა მდედრი ლომვეშაპი ოსლოს ფიორდებში ატარებდა დროს და სხვა ლომვეშაპებისგან განსხვავებით, სულაც არ ეშინოდა ადამიანების. რამდენიმე პოპულარულ ვიდეოში ვხედავთ, როგორ ადის ფრეია პატარა ნავებზე, რათა წამოწვეს და მზეს მიეფიცხოს.

მეთევზეობის დირექტორატმა გასულ კვირას საზოგადოება გააფრთხილა ფრეიას მორიდებოდა, რადგან ბევრი ვიზიტორი მასთან ერთად ცურავდა ან გარკვეულ საგნებს ესროდა და ფოტოების გადასაღებად სახიფათო დისტანციაზე უახლოვდებოდა ცხოველს.

"საზოგადოებამ უგულებელყო რეკომენდაცია, რომ ლომვეშაპთან დისტანცია დაეცვა",- განაცხადა დირექტორატმა. მათ ამ პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა ვარიანტი განიხილეს, მათ შორის ფრეიას გადაყვანაც, მაგრამ იენსენის თქმით, ასეთი ოპერაციის ჩატარების სირთულემ აფიქრებინათ, რომ ეს არ იქნებოდა ეფექტიანი.

"გვესმის, რომ ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ნეგატიური რეაქციები გამოიწვიოს საზოგადოებაში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი არჩევანი იყო. დიდ ყურადღებას ვაქცევთ ცხოველთა კეთილდღეობას, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს", - ამბობს იენსენი.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">WATCH: A giant walrus named Freya has been touring the shores of Norway, laying around and sinking boats <a href="https://t.co/Ha7b5htas0">pic.twitter.com/Ha7b5htas0</a></p>&mdash; Almost (@almost_co) <a href="https://twitter.com/almost_co/status/1551515603407515648?ref_src=twsrc%5Etfw">July 25, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

მდედრი ლომვეშაპები 600-900 კილოგრამამდე იწონიან. ზღვის ეს ძუძუმწოვრები სანაპიროსკენ მიგრირებენ, რათა ნაკლებად ღრმა წყლებში მოლუსკებით და სხვა უხერხემლოებით იკვებონ. ჩვეულებრივ, ზღვის ძუძუმწოვრები უფრთხიან ადამიანებს და ნორვეგიის სანაპიროების გარე კიდეებზე რჩებიან.

"ფრეიას სანაპიროზე ყოფნა უჩვეულო რამაა, ამიტომაც მოაწყდა სანაპიროს უამრავი ადამიანი ფრეიას სანახავად. ჩვეულებრივ, ლომვეშაპები ზოგიერთ კუნძულზე ჩნდებიან, მაგრამ მალევე მიდიან, რადგან ხალხის ეშინიათ. ფრეია ასეთი არ გამოდგა", - ამბობს ბიოლოგიის პროფესორი რუნე. პროფესორი გმობს დირექტორატის ამ გადაწყვეტილებას და მას ნაჩქარევს უწოდებს.

წყარო: cnn.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა