ავტორი:

იური შევჩუკი რუსული არმიის "დისკრედიტაციისთვის" 50 000 რუბლით დააჯარიმეს - პოლიციელ კამალოვას თქმით, მას მუსიკოსის დაკავებაც სურდა

იური შევჩუკი რუსული არმიის "დისკრედიტაციისთვის" 50 000 რუბლით დააჯარიმეს - პოლიციელ კამალოვას თქმით, მას მუსიკოსის დაკავებაც სურდა

რუსული როკ ჯგუფის DDT-ს ლიდერი იური შევჩუკი 50 000 რუბლით (883 აშშ დოლარი) დააჯარიმეს რუსული არმიის "დისკრედიტაციისთვის". შეგახსენებთ, მაისის შუა რიცხვებში შევჩუკმა უფაში გამოსვლისას სცენიდან წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც განაცხადა: "მოხუცები, ქალები და ბავშვები იღუპებიან ჩვენი მორიგი კეისრის ნაპოლეონური გეგმების გამო... სამშობლო - ეს არაა პრეზიდენტის უკანალი, რომელსაც მუდამ უნდა კოცნო“.

მუსიკოსი სასამართლოს სხდომას არ დასწრებია. მისი დაცვა ამტკიცებდა, რომ მის მიერ კანონის დარღვევის მტკიცებულებები არ არსებობს და პოლიციამ არასწორად შეადგინა ოქმი. ბრალდება ამტკიცებდა, - შევჩუკმა ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიტყვები "სპეცოპერაციის“ შესახებ, მას "ნაპოლეონური გეგმები“ უწოდა და ამგვარად, რუსეთის არმიის დისკრედიტაცია მოახდინაო.

პოლიციელმა კამალოვა, რომელმაც შევჩუკის წინააღმდეგ ოქმი შეადგინა, სასამართლოში დაკითხა. მისი განცხადებით, შევჩუკის მიმართვაში შეამჩნია შეურაცხყოფის ნიშნები, კონკრეტულად, "ჩვენი ბიჭები რატომღაც კვდებიან" და "ჩვენ ომის წინააღმდეგი ვართ".

სასამართლოსადმი მიმართვაში შევჩუკმა განაცხადა, რომ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ყველა ომს ნებისმიერ ქვეყანასა და ნებისმიერ დროში. მისი თქმით, ჯერ კიდევ 1980 წელს დაწერა ამის შესახებ სიმღერა "არ ისროლო“.

პოლიციელის განცხადებით, თავიდან შევჩუკის დაკავება სურდა, მაგრამ შემდეგ, უბრალოდ, ოქმით შემოიფარგლა.