ავტორი:

ვინ არის რუსი ბიზნესმენი დერიპასკა, რომელსაც ბჟანია სოხუმის აეროპორტს გადასცემს - "ვიღაცებს ანკესი იმაზე ღრმად აქვთ გადაგდებული აფხაზეთში, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანდა"

ვინ არის რუსი ბიზნესმენი დერიპასკა, რომელსაც ბჟანია სოხუმის აეროპორტს გადასცემს - "ვიღაცებს ანკესი იმაზე ღრმად აქვთ გადაგდებული აფხაზეთში, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანდა"

ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა ადგილობრივი ე.წ. ხელმძღვანელობა ვერ შეაჩერა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამჯერად სოხუმის აეროპორტის ჯერი დადგა, რომლითაც რუსი ბიზნესმენი, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა დაინტერესდა.

АПСНЫПРЕСС-ის ცნობით, რომელიც ე.წ. პრეზიდენტ ბჟანიას პოზიციის გამხმოვანებელია, წერს, რომ რუსეთის საკუთრებაში გადადის აეროპორტის მთავარი ობიექტები, აფხაზურ მხარეს მხოლოდ აეროპორტის მისასვლელი გზა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი პუნქტი რჩება. დანარჩენი ე.წ. "ინვესტორებმა" და რუსეთის ფედერაციამ გაინაწილეს.

აფხაზების თქმით, უკრაინის ომის ფონზე განვითარებულმა პროცესებმა ბჟანიას ინტერესები აშკარად წარმოაჩინა. მას ერთადერთი მიზანი აქვს - არ დათმოს ხელისუფლება არაფრის ფასად და შეინარჩუნოს ძალაუფლება, თუნდაც რეგიონის რუსეთისთვის ჩაბარების ხარჯზე...

"დერიპასკას აფხაზეთში არსებული ობიექტებით დაინტერესება იმაზე მიანიშნებს, რომ ვიღაცებს ანკესი იმაზე ღრმად აქვთ გადაგდებული აფხაზეთში, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანდა..." - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

  • რუსი მილიარდერი დერიპასკა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო კავშირებით არის ცნობილი. მის საკუთრებაშია რუსეთის ალუმინის მომპოვებელი უმსხვილესი კომპანია Rusal-ის 45%-იანი წილი. მას ასევე წილები აქვს ნავთობის ბიზნესში. რუსი მაგნატის ქონებას Forbes 4 მილიარდ დოლარად აფასებს. ის რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. 2018 წლიდან იმყოფება აშშ-ის ეკონომიკური სანქციების ქვეშ.

მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, დერიპასკამ სოციალური ქსელის თავის გვერდზე ომი გააპროტესტა.

"ის რაც ახლა უკრაინაში ხდება სიგიჟეა. მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია! სიგიჟეა სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურება!" - წერდა დერიპასკა ტელეგრამ-ის პოსტში.

მაშინ დერიპასკასთან ერთად ომის შეწყვეტის მოწოდებები გააკეთეს მიხაილ ფრიდმანმა, პიოტრ ავენმა, ოლეგ ტინკოვმა და ალექსეი მორდაშოვმა - ასევე მილიარდერებმა, რომელთაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა.

  • აფხაზური მედია წერს, რომ დერიპასკას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მფარველობს, შესაბამისად, მისი ოჯახის წევრები და ნათესავები დერიპასკას იახტებით, თვითმფრინავებითა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებით სარგებლობენ.

გასულ კვირას, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ეკონომიკის მინისტრი იმყოფებოდა, რომელმაც სოხუმის აეროპორტის აღსადგენად დაწყებული სამუშაოები დაათვალიერა. ბჟანია გამუდმებით ახსენებს მოსახლეობას თავის პირობას, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის სოხუმის აეროპორტი უნდა ამუშავდეს...

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, 11 აგვისტოს სოხუმში რუსეთისა და აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრაზე სოხუმის ვლადისლავ არძინბას სახელობის აეროპორტის აღდგენის თემა განიხილეს, ოღონდ შემდეგი პირობებით - მისი რეალიზაციის პირობები, ასევე თვითმფრინავის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების მართვის უფლება, საჰაერო მოქმედებების ობიექტები, ენერგოკვების წყარო, კავშირის, უსაფრთხოებისა და სხვა სისტემები, აფხაზეთს რჩება.

"თუმცა, სხვა კომპლექსების აღდგენა-რეალიზაცია თავის თავზე აიღო რუსულმა მხარემ. აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ეს არის ერთობლივი პროექტი, დეტალურად გათვლილი მიზნებით" - წერს გამოცემა.

აფხაზების ნაწილის თქმით, ვიდრე აეროპორტი არ აღდგება და იქიდან თვითმფრინავი არ აფრინდება, არ დაიჯერებენ, რომ ამ ობიექტს არ ეშველება.

"დერიპასკა მსოფლიოს განგსტერებს უწევს წინააღმდეგობას, აბა იმ მილიონებს პატიოსანი შრომით ვერ დააგროვებდა და პატარა აფხაზეთის მმართველი გუნდის ჩაყლაპვა რა გაუხდა... რაც დროს გადის, უფრო და უფრო საშიშ ზონაში შევდივართ. ასე მგონია, რაღაცები უკვე გაყიდულია და უბრალოდ, თანდათან გვეუბნებიან...", - წერს ადგილობრივი ლარისა ავიძბა.

"ჯერ ყველანი აღვშფოთდით, მერე ტურისტული სეზონი გახურდა და მიგვავიწყდა, მათაც ეს უნდათ... კრიტიკული წერილის გამო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალხაზ კვიციანი გაათავისუფლეს, რომელიც ბჟანიას უახლოეს გუნდის წევრად ითვლებოდა. ასე მგონია, მთავარი წარმოდგენა ახლა იწყება. ჩვენ კი, მხოლოდ მაყურებლები ვართ" - მიაჩნია იან ხაჯიმბას.