ავტორი:

რადიოაქტიური ნივთიერების რეალიზაციაში ბრალდებულებს შესაძლოა ფიროსმანის ნახატის შენახვასა და გაყიდვაში მონაწილეობაშიც დასდონ ბრალი - რა განაცხადა პროკურორმა?

რადიოაქტიური ნივთიერების რეალიზაციაში ბრალდებულებს შესაძლოა ფიროსმანის ნახატის შენახვასა და გაყიდვაში მონაწილეობაშიც დასდონ ბრალი - რა განაცხადა პროკურორმა?

რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღების მცდელობის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ სამივე პირს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატ ზურაბ ჩანქსელიანის განცხადებით, ბრალდებულები ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ და ამბობენ, რომ მათ არ ჰქონდათ სრულად ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა ზიანი შეიძლება მოეტანა სარეალიზაციო ნივთიერებებს.

ადვოკატის თქმით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არასწორად იქნა შერჩეული და გირაო აბსოლუტურად საკმარისი იქნებოდა.

იცოდნენ, რომ უნდა გაეყიდათ რადიოაქტიური ნივთიერება, მაგრამ რა ზიანი შეიძლება მოეტანა მათ გათავისებული ნამდვილად არ ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, არ მიმაჩნია, რომ პატიმრობა სწორად იქნა შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახით. გირაო იქნებოდა აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის, რომ აღკვეთის ღონისძიების მიზნები ყოფილიყო დაკმაყოფილებული“, - განაცხადა დავით როსტომაშვილის ადვოკატმა ზურაბ ჩანქსელიანმა.

გარდა ამისა, სასამართლო პროცესის შემდეგ პროკურორმა მედიას უთხრა, რომ დაკავებულებს, გარდა აკრძალული ნივთიერების ფლობისა და გაყიდვის მცდელობისა, შესაძლოა ბრალად წაუყენონ ფიროსმანის ნახატის შენახვისა და გაყიდვაში მონაწილეობაც.

პროკურორ ბექა ხუნაშვილის თქმით, გამოძიებას აქვს "შესაბამისი მტკიცებულებითი საფუძველი" იმის სათქმელად, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის სახლში ინახება ფიროსმანის ნახატის ასლი, რომელიც ფიროსმანის ხელითვეა შესრულებული, ამ ნახატის ორიგინალი კი ერთ-ერთ მუზეუმშია დაცული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პროკურორმა ნახატის სახელი არ თქვა და არც ის დაასახელა, რომელ მუზეუმშია დაცული ფიროსმანის ორიგინალი ტილო, რომლის არსებობის შესახებაც გამოძიებას აქვს ეჭვი.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 16 აგვისტოს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

სუს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ორგანიზებული ჯგუფი, ქალაქ თბილისსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მათსავე კუთვნილ საცხოვრებელ მისამართებზე უკანონოდ ინახავდნენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ გამა-გამოსხივების მქონე რადიოაქტიურ ნივთიერებებს.

18 აგვისტოს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად, თავისუფლების აღკვეთას 5 დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს“,-აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.