ავტორი:

"უფსკრულის თავზე ერთ ადგილზე მდგომმა გაატარა 2 დღე-ღამე" - როგორ გადაარჩინეს ქართველმა მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული პოლონელი ტურისტი: კიდევ ერთი გმირობის ამბავი

"უფსკრულის თავზე ერთ ადგილზე მდგომმა გაატარა 2 დღე-ღამე" - როგორ გადაარჩინეს ქართველმა მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული პოლონელი ტურისტი: კიდევ ერთი გმირობის ამბავი

"კლდეებში მოციმციმე 15 ფარანს ხედავდა, დღისით კი მის გადასარჩენად გამოსული 15 კაცის ხმა ესმოდა. ეს იმხელა ძალაა, ერთ ადგილზე მდგარს ორი დღე-ღამე გააძლებინა..."

გუდაურის ტრაგედიიდან სამი დღის შემდეგ მაშველების დახმარება სვანეთში გაუჩინარებულ ტურისტს დასჭირდა. მესტიის მაშველთა თხუთმეტკაციანი ბრიგადა დაკარგულს ორი დღე-ღამის განმავლობაში, კლდეებზე თოკით დაკიდებული, შეუსვენებლივ ეძებდა და ბოლოს კლდის შვერილში გაუნძრევლად მდგომი 70 წლის პოლონელი ცოცხალი იპოვეს და გადაარჩინეს. ეს მესტიელი მაშველების პირველი თავგანწირვა როდია: როგორც კი ვინმეს შველა სჭირდება, მთებთან შეზრდილი ბიჭები მაშინვე კლდის ვეფხვებად იქცევიან. ისინი საკუთარი თავის იმედად ყოფნას და დაუფასებლობას კარგა ხანია შეეჩვივნენ - მაშველების გმირობაზე ლაპარაკს ხომ ძირითადად მაშინ ვიწყებთ, როცა უბედურება ხდება, არადა, ამდენი სამწუხარო ამბის შემსწრე საზოგადოებას თავგანწირვისა და სიმამაცის მაგალითები არ აწყენდა.

მესტიელი მაშველების თავგანწირვის ამბავი იმ ოჯახმა გვიამბო, სადაც პოლონელი ტურისტი ცხოვრობდა და შემთხვევის ამსახველი ფოტოებიც მოგვაწოდა.

ირინა კვიციანი:

- ჩემი სტუმარი საოცრად ბედნიერი იყო, რომ სვანეთი კვლავ ნახა. გვითხრა, მესტიაში უკვე მეხუთედ ვარ და ყველაფერი კიდევ ერთხელ უნდა მოვიაროო. აღტაცებით ლაპარაკობდა, ემოციებს ვერ იტევდა. აშკარად ეტყობოდ, რომ მისთვის ბედნიერების მიმნიჭებელი სწორედ ბუნება იყო და სვანეთსაც ამიტომ აღმერთებდა ასე. სხვა რამ, მაგალითად, ტექნიკა, მომეჩვენა, რომ არც აინტერესებდა. თავის მოძველებულ ტელეფონს თითქმის არ იყენებდა და, როგორც ჩანს, არც ინტერნეტს სწყალობდა. თავისი შვილისთვისაც მე მიმაწერინა, უკვე ჩამოვედი საქართველოში და კარგად ვარო. სამაგიეროდ, სქელ რვეულში უამრავ რამეს იწერდა. პირველივე დღეებში წავიდა მთაში სასეირნოდ, თუმცა ისეთ კლდეზე აცოცების სურვილი, სადაც მერე მაშველებმა იპოვეს, არ გამოუთქვამს. ვფიქრობ, გზა აებნა, მერე კი ისეთი კლდეები დაინახა, რომ მოინუსხა და ცდუნებას ვერ გაუძლო... რას ვიფიქრებდი, რომ დილით სასეირნოდ წასულ კაცზე შუადღისას პოლიცია დამირეკავდა, შენი სტუმარი იძებნებაო... შუადღის 2 საათზე დაურეკავს 112-ში დასახმარებლად, თუმცა უბედურება ის იყო, რომ მაშველებს სულ სხვა ადგილი მიუთითა: უთქვამს, თეთნულდის ამა და ამ მხარეს ვარ კლდეში გაჩხერილიო, სინამდვილეში კი საპირისპირო მხარეს იყო, თანაც ამის შემდეგ ტელეფონიც გაეთიშა. ამიტომ ვერ იპოვეს ორი დღე. თოკზე გამოკიდებული 15 კაცი სულ სხვა კლდეებში ეძებდა, თანაც - შიშველი ხელებით და რომ არა ასეთი თავგანწირვა, ჩემი სტუმარი დაიღუპებოდა, თუმცა აქამდეც ბევრი გადაურჩენიათ და არავის გაუგია.

- რატომ ვერტმფრენს არ სთხოვეს დახმარება?

- მეც ეგ ვუთხარი, მაგრამ მითხრეს, გუდაურში ისეთი ტრაგედია დატრიალდა, ამ პიტალო კლდეებში ვერტმფრენის მოთხოვნას როგორ გავრისკავდითო! ეს ბიჭები რომ არა, ალბათ, მთელი ოჯახი გავგიჟდებოდით. ხომ არაფერ შუაში ვიყავით, მაგრამ, ამის მიუხედავად, ორი დღე-ღამის განმავლობაში, ბავშვების გარდა, არავის გვძინებია. იმედიც გადაწურული გვქონდა, რომ ცოცხალს ვნახავდით. მხოლოდ მაშველების ზარი მამშვიდებდა, მეუბნებოდნენ, ჯერ არავინ გვინახავს, არც გარდაცვლილი, არც ცოცხალიო, ანუ ჩვენი სტუმრის გადარჩენის შანსი არსებობდა.

- მცირე შანსი კი, მაგრამ საჭმელს რომ თავი დავანებოთ, კაცი ორი დღის განმავლობაში კლდეზე იჯდა. ოდნავი გაუფრთხილებლობაც შეიძლებოდა საბედისწერო ყოფილიყო. ასეთი საშიშროების შესახებ თუ იციან ტურისტებმა?

- რა თქმა უნდა, იციან, მით უფრო, რომ ჩვენი სტუმარი უკვე მეხუთედ იყო სვანეთში, მაგრამ გაუთვალისწინებელი სიტუაციები ხშირია. იმ კლდეზე, საიდანაც ვეღარ ჩამოდიოდა, დასაჯდომი კი არა, ფეხის მოსანაცვლებელი ადგილი არ იყო. ფეხი ოდნავ რომ მოენაცვლებინა, მაშინვე გადაიჩეხებოდა. აი, ასე, უფსკრულის თავზე ერთ ადგილზე მდგომმა გაატარა ორი დღე-ღამე, თუმცა, საბედნიეროდ, გადარჩა...

- როგორ იპოვეს?

- შემთხვევით მაშველებმა შორეულ კლდეში მისი წითელი ქურთუკის ანარეკლი შენიშნეს. რომ მიუახლოვდნენ, უკვე ყვირილიც შემოესმათ და დამირეკეს, რაღაც ხმა გვესმის, სტუმარი ცოცხალი უნდა იყოსო. მეგონა, მეორედ დავიბადე! თუმცა წინ ერთი დიდი სირთულეც იყო: ერთია მთაში კაცის პოვნა და მეორე - მისი თოკებით ჩამოყვანა. ამ დროს უამრავი ტრაგედია მომხდარა, ამიტომ ყველაფერი უდიდესი სიფრთხილით უნდა გაკეთდეს - ახლაც დღისით ნაპოვნი კაცი მხოლოდ ღამის 2 საათზე დაუშვეს მიწაზე. გააგრძელეთ კითხვა