ავტორი:

"მან მითხრა, რომ ოჯახის და ხალხის მტერი ვიყავი, კრიმინალი... და რომ მისი ქალიშვილი აღარ ვარ" - რუსი სენატორის შვილი მამის და პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდის

"მან მითხრა, რომ ოჯახის და ხალხის მტერი ვიყავი, კრიმინალი... და რომ მისი ქალიშვილი აღარ ვარ" - რუსი სენატორის შვილი მამის და პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდის

"მე წინააღმდეგი ვარ ამ ომის! არავითარი ომი! ეს ხელისუფლება მე არ ამირჩევია, მაგრამ ჩემი დუმილით, უმოქმედობით და სიცოცხლის შიშით ვიცოდი მათი სისასტიკისა და უზნეობის შესახებ...“ - ეს პოსტი საკუთარ "ინსტაგრამზე" რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, ედუარდ ისაკოვის ქალიშვილმა, 25 წლის დიანა ისაკოვამ დაწერა.

"24 თებერვალს ომი დაიწყო. ძალიან რთულია გადმოსცე ის ემოციები, რაც განვიცადე. ეს იყო საშინელი პროტესტისა და თანაგრძნობის განცდა", - ამბობს ისაკოვა BBC-სთან ინტერვიუში. "რუსეთი ადამიანებს კლავს, მე ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელიც ამას აკეთებს. პირველი ორი დღე ბევრს ვტიროდი, გლოვის შეგრძნება მქოდნა, თითქოს ვიღაც მოკვდა, ისე, როგორ ნათესავი გიკვდება."

გოგონას მამა, ედუარდ ისაკოვი, ხანტი-მანსისკის ავტონომიური მხარის სენატორია. ის დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და კანადის მიერ სანქცირებულთა სიაშია. ისაკოვი ფედერაციის საბჭოში შეხვედრებზე რომ მიდის, ქურთუკსა თუ მაისურზე Z სიმბოლო აწერია. ივლისში ისაკოვი უკრაინაში მოკლული რუსი მზვერავის ოჯახს ესტუმრა. ”მე ვამაყობ, რომ ასეთი ახალგაზრდები იცავენ ჩვენს ქვეყანას და ებრძვიან "ნაცისტებს,” - თქვა მან მაშინ.

დიანა ისაკოვა პირველი ქორწინებიდან შეეძინა. ქალი იოგის, სიმღერისა და მედიტაციის მასწავლებელია. ისაკოვა ამბობს, რომ 2020 წელს, მამისგან მალულად, ნავალნის მოწამვლის შემდეგ სოჭში მიტინგზე წავიდა.

კიდევ ერთი უთანხმოება მამასთან, გოგონას თქმით, ლგბტ უფლებებს უკავშირდებოდა: "ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების დახოცვისას ძალიან მტკიოდა გული, ვცდილობდი გამომეთქვა აზრი ამ თემაზე. მამამ დამირეკა და მითხრა, რომ პოსტი წამეშალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამემშვიდობებოდა".

თავად დიანა ისაკოვა ბისექსუალია, ამის შესახებ მისი "ინსტაგრამიდან" გახდა ცნობილი...

17 აპრილს ისაკოვამ სამედიცინო ნიღაბი და ხელთათმანები გაიკეთა და ომის საწინააღმდეგო ბროშურების დარიგება დაიწყო. გოგონას თქმით, ის სწრაფად დააკავეს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ადამიანებმა. პოლიციაში ექვსსაათიანი დაკითხვის დროს, ისაკოვას თქმით, მამის შიშის გამო, მან უარი თქვა კითხვებზე პასუხის გაცემაზე: "მამაჩემის საშინელი შიში მქონდა. მე მის გრძნობებსა და მოთხოვნილებებს საკუთარზე მაღლა ვაყენებდი“.

როდესაც პოლიციამ გაარკვია, რომ სენატორის ქალიშვილი დააკავეს, როგორც ისაკოვა ამბობს, მისით მანიპულირება სცადეს:

"მამას არაფერს ვეტყვით, ითანამშრომლეთ ჩვენთან“, - ეუბნებოდნენ პოლიციაში. როგორც გოგონა ამბობს, ოქმს წაუკითხავად მოაწერა ხელი, მაგრამ როცა მოგვიანებით მეგობრებს სთხოვა, შეემოწმებინათ, მის წინააღმდეგ საქმე ხომ არ იყო აღძრული, მათ ვერაფერი იპოვეს.

მეორე დღეს, დაკითხვაზე ეფ-ეს-ბემ დაიბარა, მალე მისი ქმედების შესახებ ინფორმაცია მამამისამდეც მიაღწია. ამბობს, რომ საშინელი სტრესი ჰქონდა და მდგომარეობიდან გამოსვლა თერაპიით სცადა.

ედუარდ ისაკოვმა BBC-ს განუცხადა, რომ აპრილში ომის საწინააღმდეგო მიტინგში მისი ქალიშვილის მონაწილეობის შემდეგ, მან ქალიშვილი მიიწვია "საბჭოთა ხალხის სამხედრო დიდების ადგილების მოსანახულებლად" და უთხრა "მოხალისედ წასულიყო დონბასში".

"მან მითხრა, რომ ოჯახის მტერი ვიყავი, ხალხის მტერი, კრიმინალი. და რომ მისი ქალიშვილი აღარ ვარ, ამის სათქმელად მოვიდა", - ამბობს დიანა. როცა ისაკოვი მიხვდა, რომ მისი ქალიშვილი მონანიებას და ბოდიშის მოხდას არ აპირებდა, სახლიდან წასვლა მოსთხოვა.

დიანა ისაკოვა ბოლო ხუთი წელი სოჭში, მამის საკუთრებაში არსებულ სახლში ცხოვრობდა. კონფლიქტი ომის შემდეგ არ დაწყებულა, დიანა ისაკოვა ამბობს, რომ მანამდეც ჰქონდა მამასთან პრობლემები, რამაც მძიმე დეპრესია გამოიწვია და ექვსჯერ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა.

"ჩვენს ქვეყანაში ფსიქოლოგია ჯერ კიდევ არ არის განვითარებული და 10 წლის წინ ამის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდნენ. რუსეთში ისეთი აღზრდა გვაქვს, ყველაფერი, რაც გრძნობებთან, ემოციებთან არის დაკავშირებული, უფასურდება... ამ ამბების შემდეგ მამა ორი წელი არ მელაპარაკებოდა".

დიანას უმაღლესი განათლება არ აქვს, სკოლა დაამთავრა და სწავლა არ გაუგრძელებია.

5 წლის წინ მამა-შვილი შერიგდა.

"მამამ ერთი კვირით დამპატიჟა სტუმრად, მე კი ხუთი წელი დავრჩი“. დიანა მუდმივად ცხოვრობდა მამის სახლში, სოჭში, სადაც ედუარდ ისაკოვი მეორე ცოლთან და უმცროს შვილებთან ერთად დასასვენებლად ჩადიოდა.

"ინსტაგრამზე" 2019 წელს გამოქვეყნებული რამდენიმე ერთობლივი ფოტოც აქვს მამასთან ერთად, მათ შორის ერთი დაბადების დღის მისალოცი ტექსტით:

"ჩემო ძვირფასო, ჩემო ერთადერთო, ჩემო უსაყვარლესო მამა“.

ისაკოვმა თქვა, რომ მან ქალიშვილთან ყოველგვარი კავშირი მას შემდეგ გაწყვიტა, რაც გაიგო, რომ მას "ანტირუსული პოზიცია" ჰქონდა.

"ჩვენ არ ვურთიერთობთ, მე აღარ ვუზრუნველყოფ მას...” - განუცხადა მან BBC-ს.

”ის რომ ყოფილიყო სხვა პროფესიით ადამიანი, არავის არ დააინტერესებდა ასეთ გოგონასთან ინტერვიუ, მაგრამ აი, სენსაცია, ის სენატორის ქალიშვილია!“ - ამბობს შვილის პოზიციით უკმაყოფილო მამა.

"მე არ ვიღებ არანაირ პასუხისმგებლობას მის გადაწყვეტილებაზე. მე არ მრცხვენია მისი, არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. ის არის ზრდასრული ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე, ვნერვიულობ, რა დაემართება შემდეგ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ დიქტატურა ადრე თუ გვიან დაეცემა, სამწუხაროდ, მამაჩემის მსგავსი ქედმაღალი ხალხი, ისევე როგორც ჩვენი ხელისუფლება, გადაჭარბებულად აფასებენ საკუთარ თავს.

მათ აქვთ განცდა, რომ ყველაფერი, რაც ახლა ხდება, მარადიულია, რომ პუტინი მარადიულია. კაცობრიობის ისტორიიდან შემიძლია ვიმსჯელო, რომ დიქტატურა ადრე თუ გვიან დაეცემა, ხალხი გაიღვიძებს, გაიხსენებს, რომ მათ აქვთ ხმა, აქვთ ნება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, ხალხს ხმა მივაწვდინო. და რა მოხდება, როგორ შეიცვლება ძალაუფლება? მე გულწრფელად მჯერა 100%-ით, რომ ის შეიცვლება და გახდება უფრო დემოკრატიული და ადეკვატური", - ამბობს დიანა.

ზაფხულში ისაკოვამ გადაწყვიტა დაეტოვებინა რუსეთი და საჯაროდ ელაპარაკა ომსა და პუტინის რეჟიმზე.