ავტორი:

"ვფიქრობ, ბანკის მოქმედებები, ის, რაც საჯაროდ ჩანს, სამართლიანი ვერ არის" - ლევან დავითაშვილი Credit Suisse-ზე

"ვფიქრობ, ბანკის მოქმედებები, ის, რაც საჯაროდ ჩანს, სამართლიანი ვერ არის" - ლევან დავითაშვილი Credit Suisse-ზე

"ვფიქრობ, ბანკის მოქმედებები, ის, რაც საჯაროდ ჩანს, სამართლიანი ვერ არის", - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, "ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მხრიდან შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის ქმედებების რეკეტად მოხსენიებას.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით "გამოჩნდა, რომ ბანკის მიერ ბატონი ბიძინას ინტერესები იყო ცალსახად დაზიანებული“.

"Credit Suisse-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, როდესაც დადებითი გადაწყვეტილება მომჩივანი მხარის სასარგებლოდ გამოიტანა. ამ შემთხვევაში გამოჩნდა, რომ ბატონი ბიძინას ინტერესები იყო ცალსახად დაზიანებული და დაზარალებული. ვფიქრობ, ბანკის გადაწყვეტილებები უსამართლო იყო, როდესაც ხდება გარკვეული ფინანსური რესურსების გამოყენებაზე შეზღუდვების შემოღება და ცალსახაა, რომ აქ გარკვეულ სუბიექტურ გადაწყვეტილებებს ადგილი აქვს.

ვფიქრობ, ბანკის მოქმედებები, ის, რაც საჯაროდ ჩანს, სამართლიანი ვერ არის. თუმცა, უფრო მეტი იურიდიული ნიუანსები არსებობს, რომელზეც ადვოკატები საუბრობდნენ კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით და საზოგადოებას შეუძლია განსაჯოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა - გურამ მაჭარაშვილმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და სოზარ სუბარმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც შვეიცარიული ბანკის ქმედებებია შეფასებული. "გასული თვეების განმავლობაში შვეიცარიაზე ბევრი რამ დაიწერა. შვეიცარია ისტორიულად ევროპაშიც კი მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნად ითვლებოდა. თუმცა, დღეს რა ხდება ამ ქვეყანაში? თუ ის ყველაფერი მართალია, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ექსპერტები საუბრობენ - რეკეტი, არასამართლიანი სასამართლო და არათავისუფალი მედია, რაც საელჩოს ფავორიტი ხელისუფლების, სააკაშვილის რეჟიმის ხელწერა იყო - გამოდის, რომ მართვის ეს მოდელი დღეს შვეიცარიაშიც აქტიურად დაუმკვიდრებიათ. ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რომელსაც ძველი შვეიცარია განასახიერებდა. ისეთი ევროპა კი, სადაც ბანკი, სასამართლო და მედია სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ საერთო ტოტალური კოორდინაციის ქვეშ მოქმედებენ, ჩვენ ნამდვილად არ გვინდა”, - აღნიშნულია განცხადებაში.