ავტორი:

"ვაჭმევდით და უეცრად გაითიშა, ძირს მოწყვეტით დავარდა..." - მამა, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის

"ვაჭმევდით და უეცრად გაითიშა, ძირს მოწყვეტით დავარდა..." - მამა, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის

მურცხვალაძეების შშმ პირების ოჯახი ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია. ოჯახის მამა გოგიტა მურცხვალაძე მძიმე დიაგნოაზის მქონე შვილზე გვეუბნება, რომ წელიწადის ყველა დრო ჯაბას ჯანმრთელობაზე თავის დადებით და უარყოფით გავლენას ახდენს. ზაფხული, მით უფრო... აგვისტო აუტანელი სიცხის გამო ყველაზე მძიმე პერიოდია მისთვის.

- ამ დროს ყველაზე ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება, მის ორგანიზმში ჰაერის უკმარისობა და ბევრი სხვა ცუდი რამ გამოიწვიოს. ადრეც გითხარით, - კრუნჩხვების შემდეგ უკვე გულყრაც დაეწყო. კრუნჩხვის დროს მაინც არ ეცემა ძირს, გულყრისას - მოწყვეტით ვარდება.

გუშინ ძალიან შეგვეშინდა, ისეთი რამ მოხდა... აბანოდან გამოვიყვანეთ, ვაჭმევდით და უეცრად გაითიშა, ძირს მოწყვეტით დავარდა და თავი საწოლის კიდეს დაკრა. ეს მისთვის იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა, რომ 30 წლის არის და სულ 4-5-ჯერ მაქვს მისი ხმამაღალი ტირილი მოსმენილი. იმდენი და ისე იტირა, გულს რომ ამოგიღებდა და გაგიგლეჯდა, გოდებასავით ტირილი იყო. ძნელია ამის ატანა...

- მისი მკურნალობის თვალსაზრისით, ამ ეტაპზე რა ხდება?

- ჯაბას თავში, იცით, რომ კისტოზური წარმონაქმნებია, რომლებიც მინდოდა, მედიკამენტური მკურნალობის შედეგად გაწოვილიყო, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, დაგვიანებული აღმოჩნდა. ამას ვერცერთი საზღვარგარეთის კლინიკა ვერ იღებს თავის თავზე. თურქეთში 2-ჯერ მყავდა და პირდაპირ, გამოკვეთილად და გარკვევით მითხრეს, რომ ოპერაცია შეიძლება ფატალურად დამთავრდეს და ახლა უკვე მკურნალობასაც ვერ ჰკიდებენ ხელს... ეს კისტა უკვე ისეთი ჩამოყალიბებული და ფესვგადგმულია, ვისაც მედიცინასთან რაიმე შეხება აქვს და ეს სფერო იცის, მიხვდება. არის ერთი დიდი კისტა, თითქმის ფორთოხლისოდენა და მის სიახლოვეს ათეულობით მრავალი კისტოზური წარმონაქმნი. რადგანაც ტვინის უჯრედებშია, ვერაფერს უხერხებენ.

- რას აპირებთ?

- უნდა გაგრძელდეს ისევ ბავშვის მკურნალობა ადრინდელი მეთოდით, რითაც და როგორც ადრე ვმკურნალობდით. ანტიეპილეფსიური და გულყრის საწინააღმდეგო პრეპარატებიც ესაჭიროება. ამასთანავე, პერიოდული გამოკვლევებია საჭირო, რათა ვიცოდეთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ერთადერთი, რასაც უფალს ვთხოვ, შემაძლებინოს და მაცოცხლოს. ამ ინსულტისა და სხვადასხვა დაავადების გამო, დიაბეტიც დამემართა და ბოლო გამოკვლევებზე კიდევ უარესი პასუხი მივიღე... თუმცა ამაზე საზოგადოების ყურადღების მიქცევა არ მინდა.

- რა გულისხმობთ?

- გამოკვლევებზე აქციები ტარდებოდა, ჩავიტარე და ჯირკვალქვეშა სიმსივნე დამიდასტურდა. არ მინდა, გული გავიტეხო, რაც ცხოვრების პერიოდიც მექნება - 1, 5, თუ 10 წელი, მინდა, მთლიანად შვილის ჯანმრთელობაზე ვიყო გადართული. ამის იქით ჩემი ფიქრი ვერ მიდის. ამიტომ, ვცდილობ, ვიდრე ცოცხალი ვარ, ხალხის, საზოგადოების ხელშეწყობით, მაქსიმუმი გავუკეთო. ყველანაირად ხელი შევუწყო და სიცოცხლე გავუხანგრძლივო.

- ერთადერთი იმედი რჩება საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც თქვენ მიმართ მუდმივად გულისხმიერებას იჩენენ და მხარდაჭერას გიცხადებენ?

- ასეა. ეკლესიაში მუდმივად ვლოცულობ ამ ქველმოქმედი ხალხისთვის, ქართველი ერისთვის, მშვიდობისათვის, კეთილდღეობისთვის, ყოველივე კარგისთვის, რაც მინდა, რომ ჩემს ქვეყანას ჰქონდეს. როცა ყველაფერი კარგად იქნება, არც ქვეყანას გაუჭირდება და არც - ჩვენ.

  • საბანკო ანგარიშები, სადაც შეგიძლიათ დაეხმაროთ ჯაბას:

საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად. ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607

თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007 თიბისი ბანკი. მიმღები: გოგიტა მურცხვალაძე.

ანგარიში: GE57TB7080645064300028

ლიბერთი ბანკი. ბანკის კოდი: LBRTGE22 მიმღების ანგარიში: GE04LB0711186007624000