ავტორი:

"ახრა ავიძბა გადარჩა, მაგრამ თანამებრძოლები დაკარგა" - აფხაზთა დანაკარგი უკრაინელების მიერ "პიატნაშკის" დაბომბვის შემდეგ და მზარდი უკმაყოფილება ოკუპირებულ რეგიონში

"ახრა ავიძბა გადარჩა, მაგრამ თანამებრძოლები დაკარგა" - აფხაზთა დანაკარგი უკრაინელების მიერ "პიატნაშკის" დაბომბვის შემდეგ და მზარდი უკმაყოფილება ოკუპირებულ რეგიონში

რამდენიმე დღეა უკრაინული მედია დონეცკის მიმდებარედ, აფხაზი "მოხალისეებისგან" შემდგარი ბატალიონის, Пятнашка -ს განადგურების შესახებ წერს. ekhokavkaza.com-ის ცნობით, ლუგანსკის რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, დონეცკის გარეუბანში "პიატნაშკის" ბატალიონის ბაზაზე აფეთქება 22 აგვისტოს, დილით მოხდა. შედეგად, "ბევრი დაიღუპა და დაიჭრა."

თვითმხილველების თქმით, აფეთქებები საბრძოლო მასალის საცავში მოხდა. დარტყმა, სავარაუდოდ, HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემით განხორციელდა.

დონეცკში მომხდარ მასშტაბურ დაბომბვაზე წერს რუსული ria-ც, რომლის რეპორტიორიც რამდენიმე დღის წინ სწორედ იქაურობას სტუმრობდა და მეომრების მოტივაციასა და საბრძოლო სულისკვეთებაზე წერდა.

რუსეთის სახელმწიფო გამოცემის მიერ მომზადებული რეპორტაჟის მიხედვით, "დონეცკის ფრონტზე გარდამტეხი მომენტი გამოიკვეთა და რუსი და ადგილობრივი რესპუბლიკური ჯარები მობილიზდნენ სამხრეთიდან ავდიივკაზე თავდასხმისთვის. სწორედ იქ არის თავმოყრილი უკრაინული ძალების ლომის წილი დონბასში. ამ მიმართულებით თითქმის საზღვარზე არიან ინტერნაციონალური ბატალიონ "პიატნაშკის" საერთაშორისო ბრიგადის მებრძოლები. მათი პოზიციები ფრონტის ხაზიდან სულ რამდენიმე ასეულ მეტრშია."

"რიას" მიერ გავრცელებულ ბოლო ინფორმაციაში კი ნათქვამია, რომ "დარტყმა ოშანის ჰიპერმარკეტის მიდამოში მდებარე საწყობებზე განხორციელდა".

შემთხვევიდან რამდენიმე საათში გამოითქვა ვარაუდი, რომ ამ დაბომბვას დიდი ალბათობით, აფხაზი "მოხალისეების" მეთაური, ახრა ავიძბა ემსხვერპლა, თუმცა მოგვიანებით, რუსეთის "პირველი არხის" ეთერში განაცხადეს, რომ "უკრაინელებმა სინადვილეში მხოლოდ ერთი "უაზი" ააფეთქეს."

  • არსებული ინფორმაციით, ავიძბა გადარჩა, მაგრამ ის, რომ დანაკარგი ძალიან მცირეა, რუსული პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევა. აფხაზების თქმით, მათმა "ხელმძღვანელობამ" კარგად აითვისა რუსული ნარატივი და დანაკარგების შესახებ ინფორმაციას მოსახლეობას ერთდროულად კი არა, პერიოდულად აწვდიან, რათა "პატარა აფხაზეთში ადამიანური დანაკარგით გამოწვეული პროტესტი შემცირდეს."

ზოგიერთის თქმით, არც ავიძბასა და არც სხვას, უკრაინის ომში ძალით არავინ მიჰყავს, "მოხალისეები" იქ გარკვეული ანაზღაურების ან შემდგომი პრივილეგიების დაპირების სანაცვლოდ მიდიან. "ისიც უნდა ესმოდეთ, რომ ომი და სიკვდილი გარდაუვალი ცნებებია", - ამბობენ ოკუპირებულ აფხაზეთში.

  • რაც შეეხება ავიძბას, ბოლო ხანს არც ის აქტიურობს, რაც მისგან ცოტა უჩვეულოა, რადგან აფხაზეთში მიმდინარე ყველა პროცესს აქტიურად ეხმაურებოდა

"მომხრეები შემოაკლდა და თავისი თავის რეალიზაცია უკრაინაში გადაწყვიტა. ის ჩვენ, ხალხმა გავხადეთ გმირი და ამიტომაც ღირსი ვართ მისგან ჭკუის დარიგების. იმედია, ცოცხალია. არავის სიკვდილი არ მსურს, მაგრამ იქნებ ვინმე იმით დაინტერესდეს, ავიძბა 20-25 წლის ბიჭების გადაბირებით რატომ არის დაკავებული", - წერს ადგილობრივი ლარისა ანქვაბი.

სხვების თქმით, ავიძბა გამოცდილი კადრია და ასე ადვილად მოსახელთებელიც არ არის.

"მე გავიგე, რომ ახრა ავიძბა გადარჩა, მაგრამ თანამებრძოლები დაკარგა. ახლა ნახეთ მისი გამწარება. ის არავის არაფერის პატიობს", - წერს ენვერ კვარჩია.

ახრა ავიძბა დონბასში საომარ მოქმედებებში 2014 წლიდან მონაწილეობს, ის "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" გმირია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავიძბა ძებნილთა სიაში შეიყვანა.

ავიძბას მიმართ აფხაზეთში განსხვავებული განწყობებია, რადგან მას დიდი წვლილი მიუძღვის რაულ ხაჯიმბას "გადაყენებაში".

2020 წლის ივნისში ავიძბა, აფხაზეთის "პრეზიდენტის," ასლან ბჟანიას თანაშემწედ დანიშნეს, მას საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე ზრუნვა ევალებოდა, რაზეც აფხაზები ძალიან ბევრს წერდნენ ირონიულად. იმავე წლის 9 ნოემბერს, მან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა "საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვის" გამო. შემდეგ რამდნჯერმე შეეცადა რეგიონში მღელვარების მუხტი აეწია, მაგრამ ვერ შეძლო, რის გამოც მუდმივად უკმაყოფილებას გამოხატავდა. უკრაინის ომის დაწყებისთანავე, დონეცკში დაბრუნდა და საომარ პროცესებში ჩაერთო.