ავტორი:

"რა ვერ გაიგო შურგალინმა?" - აფხაზები რუსეთის ე.წ. ელჩის ინტერვიუმ აღაშფოთა: ბიჭვინთის აგარაკები რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებში კვლავ "განხეთქილების ვაშლად" რჩება

"რა ვერ გაიგო შურგალინმა?" - აფხაზები რუსეთის ე.წ. ელჩის ინტერვიუმ აღაშფოთა: ბიჭვინთის აგარაკები რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებში კვლავ "განხეთქილების ვაშლად" რჩება

აფხაზებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ რუსეთი თურმე მათი უსაფრთხოების გარანტიაა, ასევე, უთხრეს, რომ მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთან მუშაობა აფხაზეთის აღიარებისთვის, - ამჯერად ეს გზავნილები ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის ე.წ. ელჩის მიხაილ შურგალინის ინტერვიუდან მოისმინეს, რომელიც რუსულ სამთავრობო გამოცემა ria.ru-ს მისცა.

მისივე თქმით, რეგიონში ახალი სამხედრო ბაზის გახსნა არ იგეგმება, რადგან იქ დისლოცირებული მე-7 გაერთიანებული სამხედრო ბაზა, ეფ-ეს-ბე და აფხაზი ე.წ. მესაზღვრეები რეგიონის სტაბილურობას საკმარისად იცავენო...

"თუმცა, მისი უკეთ ფუნქციონერებისთვის სტრუქტურების მუდმივი მოდერნიზაცია გრძელდება. ამ ეტაპზე "რაღაც ახალი ბაზის" გახსნა არ იგეგმება, თუმცა, ცვლილებები შესაძლოა მოხდეს", - ამბობს შურგალინი.

ყველაზე სკანდალური კი ინტერვიუს ის ნაწილი გამოდგა, რომელშიც ის ბიჭვინთის აგარაკებზე ლაპარაკობს. რუსი ე.წ. დიპლომატი აცხადებს, რომ ეს საკითხი ზედმეტად "პოლიტიზირებულია" და ამან შესაძლოა, რუსულ-აფხაზურ ურთიერთობაზე გავლენა იქონიოს.

"ჩვენ განვიხილავთ, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში კონკრეტული ობიექტის გადაცემის თაობაზე, რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელშეკრულების გაფორმების საკითხს, რომელიც პოლიტიზირებულია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შეთანხმების ბევრი მოწინააღმდეგედან ზოგს გულწრფელი მოტივიცია აქვს, ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი მათგანის ქმედება, პირველ რიგში, რესპუბლიკის ხელმძღვანელობის უფრო მეტად "გაღიზიანების“ სურვილით არის ნაკარნახევი. პირდაპირ რომ ვთქვათ, აღნიშნული დოკუმენტი აფხაზეთის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების მძევალი გახდა", - ამბობს შურგალინი.

მისი თქმით, თურმე "საელჩოს" არ აქვს უფლება და არც სურს აფხაზეთის საშინაო საქმეებში ჩაერიოს, თუმცა, ვინაიდან, ბიჭვინთის საკითხი პირდაპირ შეეხება რუსეთ-აფხაზურ ურთიერთობებს, შურგალინი აფხაზეთის მოსახლეობას აფრთხილებს:

"ამ თემაზე პოლიტიკურმა სპეკულაციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების შემდგომ განვითარებას..."

შურგალინის განცხადებით, "ბიჭვინთის ამბავი" აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის მოწინააღმდეგეებისთვის შთაგონებაა. ამ კონტექსტში მან "ენგურს მიღმა“ მყოფებიც, ანუ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი ხალხიც გაიხსენა... შურგალინის თქმით, ისინი, "ამ სიუჟეტს თავისი ინტერესებისთვის სიამოვნებით ატრიალებენ ".

"ელჩმა“ დაამატა, რომ "ბიჭვინთის“ საკითხზე შეთანხმების რატიფიცირების გაჭიანურება აისახება რუსეთის მისწრაფებაზე ინვესტიცია ჩადოს ისეთ პროექტებში, როგორებიცაა: "აეროპორტის მშენებლობა, ტურისტული ობიექტები, აფხაზეთის რკინიგზის რეკონსტრუქცია“.

"რა ვერ გაიგო შურგალინმა?.." - ასეთი სათაურით ეხმაურება ekokavkaza.com -ის პოლიტიკური მიმომხილველი იზიდა ჭანია შურგალინის ინტერვიუს.

აფხაზი ჟურნალისტის თქმით: "რუსი ელჩი ძალიან შორს წავიდა..."

"ის თავის უფლებამოსილებებს გასცდა და ჩაერია ჩვენს შიდა საქმეებში: აფხაზური ოპოზიცია "შეთანხმების რატიფიცირების საკითხის გაჭიანურებაში“ დაადანაშაულა, მოსახლეობის უმეტესობას, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და რუსეთ-აფხაზური მოკავშირე ურთიერთობების გაძლიერების მოწინააღმდეგეები უწოდა და ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გასხვისების მოწინააღმდეგეთა პოზიცია "ენგურის მიღმა" მდგომებთან გააიგივა..." - წერს ჭანია.

შურგალინის განცხადებებს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ვეტერანთა საზოგადოებრივი კავშირი "აიააირას“ პასუხიც მოჰყვა. მათი მოსაზრებით, "რუსი დიპლომატი ფაქტების აშკარა გაყალბებითა და დამახინჯებითაა“ დაკავებული, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მათ "რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს "ელჩის" უფლებამოსილების გადახედვის“ მოთხოვნით მიმართონ.

ოკუპირებული აფხაზეთში რუსეთის "ელჩს“ მიხაილ შურგალინს, ადგილობრივი ვეტერანთა სამოქალაქო ორგანიზაცია "აიააირას“ შემდეგ, ოპოზიციური სამოქალაქო გაერთიანება "აიდგილარაც“ აკრიტიკებს.

"აიდგილარა“ "ელჩს“ "თავის გამონათქვამებსა და მსჯელობაში “ კორექტულობისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მიუთითებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში "არ არის და ვერ იქნება ანტირუსული განწყობები“.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ "ბიჭვინთის“ ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა არ შეესაბამება არც აფხაზეთის და არც რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს. შეთანხმებაში ჩადებული ნორმები კი, "აფხაზეთის კონსტიტუციას" ეწინააღმდეგება.

"დარწმუნებული ვართ, ბიჭვინთის აგარაკები მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რიგშია ობიექტები: "ენგურჰესი", საკალმახე მეურნეობა და ქვეყნის სხვა აქტივები“, - ნათქვამია განცხადებაში.

"აიდგილარა“ კვლავ მოუწოდებს დე ფაქტო რესპუბლიკის "პრეზიდენტს“ ასლან ბჟანიას პარლამენტიდან გაიწვიოს სარატიფიკაციო დოკუმენტი.