ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ შემოდგომის (სექტემბერ-ნოემბრის) ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ შემოდგომის (სექტემბერ-ნოემბრის) ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ შემოდგომის ნომერი #4 (125), რომელშიც წაიკითხავთ:

  • პეტრე შარია და მისი დღიურები

მაღალი რანგის საბჭოთა მოღვაწეს სისტემამ არ აპატია ნაწარმოები სულის უკვდავების შესახებ, რომელიც შვილის სიკვდილის შემდეგ დაწერა.

ფილოსოფოსისა და ლიტერატურათმცოდნის, პეტრე შარიას მუშაობამ საბჭოთა პოლიტიკური სისტემის მაღალ თანამდებობებზე, აგრეთვე ლავრენტი ბერიასთან სიახლოვემ, მის მიმართ ეჭვები გააჩინა. ადრეულ წლებში პეტრე შარია საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში იყო მეცნიერებისა და პროპაგანდის განყოფილების გამგე, შემდეგ ცენტრალური კომიტეტის მდივანი იდეოლოგიის დარგში, მუშაობდა მოსკოვში სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის აპარატში. კაცს, რომელსაც “რკინის მუშტში ჰყავდა მომწყვდეული ქართველი ინტელიგენცია”, ბევრი მოშურნე, მოწინააღმდეგე და მტერიც ჰყავდა როგორც სამეცნიერო წრეებში, ისე პარტიულ აპარატში. თუმცა ერთი რამ ცხადია: ის იყო ფართო ერუდიციის ფილოსოფოსი და რუსთველოლოგი. მისი ფილოსოფიური მემკვიდრეობა სულაც არ არის უსარგებლო, ხოლო რუსთველოლოგიური ძიებანი უდავოდ საინტერესოა.

უაღრესად საინტერესოა მისი მოგონებები (“აღსარება”) და დღიურები, სადაც მოთხრობილია იმ ადამიანების შესახებ, რომლებთანაც ურთიერთობა ჰქონდა, იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების შესახებ, რომლის მონაწილეც თვითონ იყო. ერთ-ერთი ასეთი მოგონებაა, მაგალითად, როგორ გადაათქმევინეს ივანე ჯავახიშვილს გადადგომა უნივერსიტეტის რექტორობიდან 1922 წელს.

  • ეთერ ფაღავა - ფრანგული ბალეტის ვარსკვლავი ქართული ფესვებით

ემიგრანტ ეთერ ფაღავას მომავალი ბედიცა და პროფესიაც ქართულმა ფესვებმა და ბავშვობიდანვე მშობლიურმა მუსიკალურმა გარემომ განსაზღვრა. მომავალი პრიმაბალერინას დედა ასმათ ჟორდანია დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მეთაურის ნოე ჟორდანიას ქალიშვილი გახლდათ, ხოლო მამა ლევან ფაღავა – 1924 წლის შეთქმულების მონაწილე.

პატარა გოგონას შატოში, სადაც დედის მშობლები და საფრანგეთის ქართველ ემიგრანტთა დიდი ნაწილი ბინადრობდა, ყოველდღე უცნაური მუსიკის ჰანგები ესმოდა. ქართულ ქალაქურ სიმღერებს ხალხური მრავალხმიანობით გამორჩეული “კრიმანჭული” ემატებოდა. მის უბადლო შემსრულებელ ვალოდია გოგუაძეს მთელი უფროსი თაობა აეყოლიებინა სოფლური სიმღერების შესრულებაში. მრავალრიცხოვან ქალაქურ სიმღერებსა და ორიგინალურ სასოფლო მრავალხმიანობას ავსებდა რეჯებ ჟორდანიას მიერ შესრულებული კლასიკური მუსიკაც. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას ვაჟი პროფესიონალი მუსიკოსი გახლდათ.

პატარა ეთერ ფაღავას სცენური ნათლობა 1944 წელს მოხდა. პარიზული პრესა მალე მას სხვადასხვა ეპითეტით – “ბავშვი საკვირველება” და “პატარა ფაღავად” იხსენიებდა.

ეთერი ფაღავა:

“ჩემს სიცოცხლეში ძალიან ბევრი მიცეკვია, მაგრამ საუკეთესო გამოსვლა ბალანჩინის ბალეტში იყო. ორივე რომ ქართველი ვიყავით, ეს ძალას მაძლევდა, კარგად რომ მეცეკვა. მასაც უხაროდა, ქართველი რომ აღმოვჩნდი. მე 15 წლის ვიყავი, ის კი 40-ის, უდიდესი ავტორიტეტის მქონე პიროვნება”.

  • ანტვერპენის ღვთისმშობლის ტაძარი

ანტვერპენის ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკური ტაძარი შუა საუკუნეების უბრწყინვალესი ძეგლია. 1559 წლიდან ის ანტვერპენის ეპარქიის მთავარი საკათედრო ტაძარია. აგებისთანავე ანტვერპენის ღვთისმშობლის ტაძარი ქალაქის სიმბოლო გახდა. იგი უდიდესი კათოლიკური ეკლესიების რიცხვში შედის, ხოლო მისი დიდებული ჩრდილოეთის კოშკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ტაძარში აგრეთვე დაცულია დიდი ფლამანდიელი მხატვრის, პიტერ პაულ რუბენსის რამდენიმე ტილო. ანტვერპენის საკათედრო ტაძარი ბელგიის ყველაზე მაღალი ეკლესიაა. 123 მეტრი სიმაღლის ჩრდილოეთის კოშკი კი ბენილუქსის ქვეყნებში ყველაზე მაღალი სამრეკლოა, რომლის სილუეტი ანტვერპენის ნებისმიერი წერტილიდან ჩანს. ანტვერპენის ღვთისმშობელი კლასიკური ჯვრის გეგმის მქონე გოტიკური ძეგლია. ის შვიდნავიანი ბაზილიკაა. ტაძრის მგალობელთა გუნდის ისტორია უწყვეტად გრძელდება 1382 წლიდან დღემდე, საუკუნეების განმავლობაში მათი საქმიანობა ომების დროსაც კი არასდროს შეწყვეტილა.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები. როგორ მოსპეს საუკუნოვანი მეკობრეობა ხმელთაშუა ზღვაში / საზღვრებს გარეთ პირველმა ომმა აშშ-ს სწორედ მეკობრეების წინააღმდეგ მოუწი
  • მოკლე ამბები. პირველი საადგილმამულო აღწერა ევროპაში
  • უახლესი ისტორია. რა ხდებოდა ხრუშჩოვის მმართველობისას / ქართველი ხალხის ეროვნული ერთობისა და თვითშეგნების დაცვისთვის ბრძოლის ისტორიიდან (1925-1975 წწ.)
  • საქართველო უცხოელთა თვალით. “ადამიანი, ვინც ომის შეჩერება ვერ შეძლო”. დასასრული
  • ევროპის ისტორიიდან. “მუდამ გამარჯვებულის მხარეს” / ნაპოლეონის პოლიციის მინისტრი ჟოზეფ ფუშე – ნიჭიერი ქამელეონი
  • სპორტი და პოლიტიკა. ფეხბურთის როლი ახალი იტალიის შექმნაში / ფაშიზმი და ოქროს მედლები დუჩეს არსენალიდან

ტექნიკური უნივერსიტეტი – 100. საქართველოში უმაღლესი საინჟინრო სასწავლებლის ისტორიიდან / ანუ საიდან იღებს სათავეს ჩვენი “გეპეი”

სამეფო ფოსტა. ჰოდა, სოსო ჟორდანიას მიმოწერა დედოფალთან

უკრაინელები და ჩეკისტები. ოპერაცია “ატამანის” კრახი

P.S. ჟურნალი “ისტორიანი”, როგორც უკვე მკითხველისთვის ცნობილია, გადასულია სეზონურად გამოცემაზე – იბეჭდება გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის ნომრები. წინამდებარე ჟურნალი შემოდგომისა გახლავთ, შესაბამისად, მომდევნო ნომერი ზამთრის იქნება და მკითხველი მას წლეულს 1 დეკემბერს იხილავს.