ავტორი:

"ერთ დროს შავი ზღვის მარგალიტი იყო. ახლა კი, ტრასაზე ძროხები არიან.. კაფეში თუ მიირთმევთ, დიდი შანსია, მოიწამლოთ" - რუსები აფხაზეთში დასვენებითა და მომსახურებით უკმაყოფილოები არიან

"ერთ დროს შავი ზღვის მარგალიტი იყო. ახლა კი, ტრასაზე ძროხები არიან.. კაფეში თუ მიირთმევთ, დიდი შანსია, მოიწამლოთ" - რუსები აფხაზეთში დასვენებითა და მომსახურებით უკმაყოფილოები არიან

მაღალი ფასები, ელექტროენერგიისა და წყლის ხშირად გათიშვა, ადგილობრივების უტაქტო დამოკიდებულება, გზებზე მძღოლების უკონტროლო მოძრაობა - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც რუსი დამსვენებლების თქმით, ისინი აფხაზეთში აწყდებიან.

რა მინუს-პლუსები აქვს აფხაზეთში ყოფნას ტურისტისთვის, რა ვერ შეიცვალა წლების განმავლობაში და რა უნდა შეიცვალოს, მათი ხედვით, რომ რეგიონში "დასვენება უსაფრთხო გახდეს", - ეს არის საკითხები, რომლის გარშემოც ყოველი წლის ზაფხულში რუსი დამსვენებლები სოციალურ ქსელებსა და მედიაბლოგებში მსჯელობას არ წყვეტენ.

  • ინტერნეტგამოცემა big-rostov.ru-ს ცნობით, ერთადერთი, რაც აფხაზეთში ჯერჯერობით არ იცვლება და დამსვენებელს იზიდავს, არის ბუნება, სიმწვანე, კარგი სანაპიროები და სუფთა ზღვა.

გამოცემასთან საუბარში, ერთ-ერთი რესპონდენტი ალექსანდრა კალიაგინა ამბობს, რომ "აფხაზეთში ტყეები სავსეა ველური მაიმუნებით და არავინ იცის, საიდან და როდის გამოხტებიან. ამჯერად გადატანითი მნიშვნელობით არ ვგულისხმობ, ნამდვილ ცხოველებზე მაქვს საუბარი, რომლენიც 90-იან წლებში, ომის დროს გაიქცნენ სოხუმის მაიმუნთსაშენიდან და ტყეებში გაიფანტნენ. თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ არც ისე იშვიათად უხეში, თითქმის ველური დამოკიდებულების გამო, ადგილობრივებსაც ხშირად ეძახიან "ველურ მაიმუნებს", - ამბობს კალიაგინა.

"ომის შემდეგ არ ვყოფილვარ აფხაზეთში. ტურისტული კომპანიები ისეთ ფოტოებს დებდნენ, ვენდე, რატომღაც მეგონა, რომ პატარა ევროპულ კურორტზე მოვდიოდი, სინამდვილეში ერთ დიდ სოფელში ჩამოვედი. ვისაც არ ახსოვს და არც უნახავს, ვერ ხვდება განსხვავებას, მაგრამ ერთ დროს ის მართლაც შავი ზღვის მარგალიტი იყო. ახლა კი, ტრასაზე ძროხები არიან მიმოფანტული და ზანტად იცოხნებიან, ადგილობრივებისთვის არ არსებობს საგზაო მოძრაობის წესები, შუქნიშნები. თუ აფხაზმა მძღოლმა გზაზე რუსულნომრებიან მანქანას მოჰკრა თვალი, უნდა დაასწრო და ან მარჯვნივ, ან სულაც საპირისპირო მიმართულებით უნდა გადახვიდე, თორემ შეიძლება გაგიტანოს, იმიტომ, რომ მისი პრინციპია, გაგასწროს, მასზე წინ არ გაგიშვას", - წერს თეოდორ ბაზილევსკი.

"გაგრის შემდეგ, ბიჭვინთა შეგხვდებათ, ეს არის უნიკალური დასახლება, საუკეთესო საბჭოთა კურორტი. ომის დროს ძალიანაც არ დაზარალებულა. იქ ახლა რუსეთის "ეფესებეს" ბაზაა და სწრაფად აღადგინეს. იმედია, ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული გაურკვევლობა დალაგდება და ხალხი მიხვდება, რომ განვითარება მოაქვს სტაბილურობას და ამის მაგალითი ბიჭვინთაა. ბიჭვინთაში ზოგი ნომერი თანამედროვე რემონტით და ავეჯითაა აღჭურვილი, ზოგიც საბჭოთა დროინდელით.

ბიჭვინთა ძალიან ლამაზი ადგილია, რომელსაც ბამბუკების ხეივანი ამშვენებს. თუმცა იქ, როგორც მთელ რეგიონში ძროხები ლამის წმინდანად არის აღიარებული, მათ ყველგან შეხვდებით, მათ შორის, ცენტრში, შესაბამისად, იქაურობა სავსეა ნაკელით, დასუფთავებაზე არავინ ზრუნავს. და კიდევ, თუ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა კავშირის წლებში ტროტუარი, შეგიძლიათ იქ ჩახვიდეთ და ნახოთ", - წერს იულია სურკინა.

  • "ბუნების სილამაზეზე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი, მაგრამ მხოლოდ ამით ტკბობა არ არის საკმარისი, როგორც კი კაფეში ან მსგავს დაწესებულებაში კვებას გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ, რომ მოწამვლის ძალიან დიდი შანსი გაქვთ. არ ვიცი, იქ საერთოდ მუშაობს თუ არა სანიტარული ინსპექცია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ თავად ვნახე, რა მშვიდად აგროვებს "გაი" მძღოლებისგან თავის "წილს", არ მჯერა, რომ რომელიმე ორგანიზაცია გამართულად მუშაობდეს. შესაძლოა, რომელიმე საოჯახო სასტუმროში დასვენება კვებით შემოგთავაზონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოება გარანტირებულია...

ნებისმიერ შენობაში წყალი ან ძალიან თბილია, ან საერთოდ არ მოდის. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის გაგრაში ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი საკანალიზიციო სისტემაა, ამიტომაც, სასტუმროს მეპატრონეები საკანალიზაციო მილებს პირდაპირ ზღვაში უშვებენ. ზოგიერთ ადგილას კი, ის პირდაპირ ქუჩაში მოედინება. ამიტომაც, ბანაობისას, ხშირად შეხვდებით ფეკალიებს.

აფხაზეთში ძალიან ნოტიო კლიმატია, ამიტომ გირჩევთ, ფრთხილად და ყურადღებით იყოთ, რადგან გარშემო მუდმივად სხვადასხვა სახეობის მწერი დაცოცავს და დაფრინავს. აბაზანის მიღების დროს კედელზე მორიელი შევნიშნეთ. თუმცა მხოლოდ თავიდან გვეშინოდა, შემდეგ შევეჩვიეთ. კიდევ ერთი, ღმერთმა დაგიფაროთ, უეცრად ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ, მაშინვე დაიქირავეთ ტაქსი, არ დაინანოთ ფული და სოჭში წადით, თორემ შეიძლება სანანებელი გაგიხდეთ.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, თუ თქვენ მანქანას, თუნდაც ფასიან ავტოსადგომზე დააპარკინგებთ, ეს არ ნიშნავს, რომ მას არ გაძარცვავენ, სიმართლის პოვნას არც შეეცადოთ, მაინც ვერ იპოვით. თუ ამ ყველაფრის გათვალისწინებას და პრობლემებისთვის თავის არიდებას შეძლებთ, შესაძლოა, აფხაზეთში დასვენება დაუვიწყარი გახდეს", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი რომან ლაზარიდი.