ავტორი:

ხევსურეთზე შეყვარებული გერმანელი ცოლ-ქმრის მისტიური ამბავი - "ელპიდეს ტრაგიკულ სიკვდილს ხევსური ახალგაზრდა შეესწრო... ქალს მეუღლემ პირობა აუსრულა და მთაში დაკრძალა"

ხევსურეთზე შეყვარებული გერმანელი ცოლ-ქმრის მისტიური ამბავი - "ელპიდეს ტრაგიკულ სიკვდილს ხევსური ახალგაზრდა შეესწრო... ქალს მეუღლემ პირობა აუსრულა და მთაში დაკრძალა"

ხევსურეთზე უზომოდ შეყვარებული ალფრედ და ელპიდე/ელფრიდე კურელას შესახებ კარგად არის ცნობილი. 1957 წელს ხევსურეთში ელპიდე კურელას ტრაგიკულად დაღუპვას მიუძღვნა გურამ რჩეულიშვილმა მოთხრობა "სიკვდილი მთებში". ვინაიდან გერმანელ ცოლ-ქმარს ერთმანეთისთვის პირობა ჰქონდათ მიცემული, რომელიმე მთებში თუ დაიღუპებოდა, იქვე დაეკრძალათ, ასეც აასრულეს... დღეს ცნობილი ხდება რომ ელპიდე კურელას საფლავი თითქმის განადგურებულია.

ამის შესახებ მწერალი, ფოლკლორისტი ამირან არაბული სოციალურ ქსელში წერს:

"რომ არა არხოტელების მონდომება და მოწადინება, გაგვიჭირდებოდა ელპიდე კურელას საფლავის პოვნა... არხოტიდან უკან რომ ვბრუნდებოდით, ირაკლი ნაროზაულმა, შიო ოჩიაურმა და გურამ ნაროზაულმა გამოგვაცილეს. მათი წყალობით ადვილად მივაგენით ტირიფის კორომით დაჩრდილულ მყუდრო ადგილს, სადაც 1957 წლის ზაფხულში ტრაგიკულად დაღუპული გერმანელი ექიმის, მწერალ ალფრედ კურელას ცოლის - ელპიდე კურელას ნეშტი განისვენებს...

სამოცდახუთი წელია უმოწყალოდ აწვიმს და ათოვს, ქუხს და ელვა ანათებს მარმარილოს შელახულ, მტვერჩამკვდარ ფილას, რომელზედაც ლაპიდარული, მშრალი ინფორმაციის შემცველი გერმანულ-ქართული წარწერაა ამოკვეთილი.

როგორც ჩანს, ციცაბო ფერდობზე დაგორებული ლოდი დაეცა მემორიალურ დაფას. დაეცა და ოთხ თანაბარ ნაწილად გატეხა. ორენოვანი წარწერა, რომელიც ჯერ კიდევ ამ ორმოცი წლის წინ გადმოვიწერე, ძნელად იკითხება. მაშინ ეთერ თათარაიძესთან და ლელა არაბულთან ერთად მეც პირველად ვიმოგზაურე არხოტის მოხავერდებულ ხეობაში...

კურელების ოჯახმა და მათმა ახალგაზრდა გამყოლმა აკიათ გიგლამ (გიგლა არაბულმა) ცირცლოვან, არხოტის მჩქეფარე წყლის ნაპირას, სამოგზაურო კარვებში გაათიეს ღამე. დილით, საუზმის მერე, დაღმართს დაუყვნენ. სწორედ ამ დროს დატრიალდა ენითუთქმელი უბედურება: ელპიდე ცხენზე იჯდა (ბაჭყიათ შავ ცხენს "ალი" ერქვა). მოულოდნელად წითელი კომბინიზონის დანახვაზე დაფრთხა და ოღროჩოღროზე პირთავქვე დაეშვა. ელპიდეს ცალი ფეხი უზანგში ჩარჩა და ცხენის სადავის მართვის უნარი დაკარგა. მისი კეფა და მკერდი ბილიკის ჩასწვრივ მიმოფანტულ ბასრ ლოდებს ეხეთქებოდა. დაფეთებული ცხენი მაშინ-ღა გაჩერდა, მხედრის მოშვებული სხეულის სიმძიმე რომ იგრძნო. და ეს ყოველივე წამებში სამი ადამიანის - ალფრედ კურელას, სტეფანე კურელასა და გიგლა არაბულის - თვალწინ ხდებოდა...

გიგლა მეორე ცხენს მოახტა და არხოტისკენ გაქუსლა (მანძილი ცირცლოვანის იმ საბედისწერო მონაკვეთსა და ახიელას შორის დაახლოებით სამი კილომეტრია). სოფლის ვიწრო შარა აათავა და გარსია ოჩიაურის სახლის წინკარში შეაგდო. აღელვებულმა გიგლამ დამხვდურთ შეატყობინა, რაც მოხდა...

ახიელაში მიცვალებულის ჩასვენების შეთავაზებაზე ალფრედმა თავაზიანი უარი უთხრა სტუმართმოყვარე ხევსურებს: მომდევნო დღეს ათენგენობა თენდებოდა და არ უნდოდა დისკომფორტი შეექმნა მედღეობეთათვის... გარდა ამისა, მეუღლეებს ერთმანეთისთვის პირობა ჰქონდათ მიცემული: თუ რომელიმე მათგანი მთაში მოგზაურობისას დაიღუპებოდა, იქვე დაკრძალულიყო.

მარცხენა ფოტოზე: ელპიდე კურელას დაკრძალვა ხევსურეთში

არსებობს ალფრედის მიერ გადაღებული, უჩვეულო დაკრძალვის ამსახველი შავთეთრი ფოტოსურათი: ახალგათხრილი სამარის პირას წერაქვი აგდია. სამარეს გარს უვლიან ბაიჭაურთ ხთისო, გურამ რჩეულიშვილი, ვაჟა გიგაშვილი და ექიმ გზირიშვილის ექსპედიციის წევრები... ჭიმღის ჭიუხის დაბლა, ცადაწვდილი კლდე-ქარაფების კალთაში მიაყარეს მიწა საქართველოზე უზომოდ შეყვარებული გერმანელი ქალბატონის დაფლეთილ სხეულს და აღასრულეს გასვენების მწუხარე რიტუალი. ხოლო ახიელაში ის ღამე ყოფნა-არყოფნაზე საუბარში ერთ დოქ ჟიპიტაურზე გაათენეს ალფრედ კურელამ და გურამ რჩეულიშვილმა.

ხანდახან, გინდა თუ არა, რამდენადმე არაეთიკური ფიქრიც მოგეძალება: ეს სულისშემძვრელი ამბავი რომ არ მომხდარიყო, გურამ რჩეულიშვილის "სიკვდილი მთებში"-ც ხომ არ შეიქმნებოდა,ქართული პროზის ბრწყინვალე ნიმუში!

ა.წ .28 აგვისტოს, მარიამობას, ელპიდე კურელას ეულ საფლავს ათწლეულების შემდგომ კვლავ ეღირსა უცხო ფერებად ახასხასებული ველური ყვავილების შეუდარებელი სურნელი და სილამაზე!".

ამირან არაბული:

- გერმანელი ცოლ-ქმარი ალფრედ და ელპიდე კურელა ხევსურეთზე უზომოდ, ფანატიკურად შეყვარებული წყვილი იყვნენ... მათ ერთმანეთისთვის პირობა ჰქონდათ მიცემული, რომელიმე მთებში თუ დაიღუპებოდა, იქვე დაეკრძალათ. თითქოსდა წინასწარმეტყველების მიხედვით ახდა ეს ყველაფერი. გიგა არაბული ჩემი ბიძა გახლავთ, ცნობილი მშენებელ-ინჟინერი, რომელიც ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როდესაც მასთან ირაკლი აბაშიძის მიერ გამოგზავნილი პირი მივიდა და თხოვა, გერმანელი ცოლ-ქმრისთვის არხოტამდე მეგზურობა გაეწია. გიგლა, რასაკვირველია დიდი სიამოვნებით მიიღო ეს წინადადება. სანამ ჩავიდოდნენ ღამე ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში გაათენეს, მეორე დღეს არხოტამდე ცხენებით წავიდნენ... გურამ რჩეულიშვილი ხევსურეთში იმისთვის იყო ასული, არხოტის შემდეგ გერმანელი სტუმრებისთვის მეგზურობა გაეწია...

- ალფრედ კურელა მეუღლის დაღუპვის შემდეგ ისევ ჩამოდიოდა ხევსურეთში?

- დიახ, ალფრედ კურელა ჩადიოდა ხევსურეთში და შემდეგ მათი შვილი - სტეფანე კურელა... სტეფანე ამ ბოლო დროსაც იყო ჩამოსული, ბარისახოს სტუმრობდა. მან ხევსურეთის უცნოები ფოტოები ჩამოიტანა, ძალიან კარგ ფოტოებს იღებდა. მან მაჩვენა - გარსია ოჩიაურის უნიკალური ფოტოსურათი, რომელიც ფერადია და სავარაუდოდ ალფრედ კურელას მიერ არის გადღებული... გოდერძი ჩოხელის მოთხრობის მიხედვით, ხევსურები რომ გადაასახლეს, გარსიამ უარი თქვა, მთელი რამე საკუთარი სახლის ბანზე ცეკვავდა, ფეხების გულები დაუსკდა, მოხუცი სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა...

ელპიდე/ელფრიდე კურელა ხევსურეთში

მეცნიერი, მწერალი, პოეტი - ლელა გაბური

- ალფრედ კურელას ოჯახს სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ხევსურეთთან და ხევსურებთან და ამის მთავარი მიზეზი ის უნიჭიერესი, ლეგენდარული ადამიანები იყვნენ, ვინც გერმანელ სტუმრებს საქართველოს მთაში მასპინძლობდნენ... ვგულისხმობ გიორგი ოჩიაურს და გურამ რჩეულიშვილს... რომ არა ისინი, რომ არა მათი პიროვნული, სულიერი სიმაღლეები, აზროვნების მასშტაბურობა და ყოვლისმომცველობა შესაძლოა ეს უცნაური მისტერია სიკვდილ-სიცოცხლისა არც აღსრულებულიყო ასეთი მძაფრი და ემოციური ფორმით...

ცნობილია, რომ კურელების წყვილს ხევსურთა სულიერი სამყარო ანდამატივით იზიდავდა... თუ რა მოხდა იმ ტრაგიკულ დღეს და როგორ მოხდა ელპიდეს გარდაცვალება, ამის შესახებ ბევრ წყაროში დაიწერა და ალბათ მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი ეს ამბები...

მე მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ხევსურების ხსოვნაში დღემდე ცოცხლობს ამ ტრაგედიის შესახებ მოგონებები, რომელთაც ლამის ანდრეზის სახე მიიღეს...მე როგორც რიგითი ხევსური, ვისურვებდი, რომ ელპიდე კურელას საფლავი ( იმ ადგილს არხოტში, სადაც ეს საფლავი მდებარეობს ,,ცირცლოვანი” ჰქვია) მოპირკეთდეს, განთავსდეს იქ შესაბამისი ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ და ეს ადგილი იქცეს პოპულარულ ტურისტულ ობიექტად... ელპიდეს სიკვდილს ხევსურთაგან მხოლოდ ერთი ახალგაზრდა - გიგლა არაბული შეესწრო, რომელიც მას აცილებდა... სიკვდილის შესახებ ამბავი მიიტანეს არხოტში, სოფელ ახიელში, საიდანაც ხალხი დასახმარებლად წამოვიდა... ხევსურებს უკითხავთ, თბილისში ხომ არ გადავასვენოთ ცხედარიო... მაგრამ მეუღლემ მიიღო გადაწყვეტილება, იქვე დაესაფლავებინათ...