ავტორი:

"ტრაგედია მოხდა... ამ გზაზე ადამიანები იხოცებიან, მაგრამ პატრონი არავინაა" - ახალგორელი მამაკაცი და მისი 12 წლის შვილი ავარიას ემსხვერპლნენ: რას წერენ ადგილობრივები?

"ტრაგედია მოხდა... ამ გზაზე ადამიანები იხოცებიან, მაგრამ პატრონი არავინაა" - ახალგორელი მამაკაცი და მისი 12 წლის შვილი ავარიას ემსხვერპლნენ: რას წერენ ადგილობრივები?

12 წლის ახალგორელი ბავშვი, რომელიც ცხინვალი-ახალგორის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდა, ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს მრავალპროფილიან სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოსური სააგენტო cominf.org ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უბედური შემთხვევა 3 სექტემბერს მოხდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

"ავტომანქანა, რომელსაც 62 წლის მძღოლი ცხინვალი-ლენინგორის გზაზე მართავდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა, შედეგადაც ავტომობილი ამოტრიალდა. მიღებული ტრავმებისგან მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მისი მცირეწლოვანი ვაჟი, ქალიშვილი და მეუღლე კი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს... თუმცა მეორე დღეს 4 სექტემბერს, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა, რადგან ავარიის დროს, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო" - ამბობს გამოცემასთან საუბარში ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი.

გამოცემის ცნობით, ბავშვს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები ჰქონდა. ოჯახი სოფელ დმენისიდან ВАЗ 2121 მარკის ავტომანქანით მოდიოდა.

ადგილობრივების თქმით, ახალგორელი ოჯახი ცხინვალში საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად, დიდი ალბათობით ბაზარში მიდიოდნენ.

"უმძიმესი ტრაგედია მოხდა, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, ამ გზაზე გადაჭარბებული სიჩქარის თუ სხვა პრობლემების გამო ადამიანები იხოცებიან, მაგრამ პატრონი არავინაა", - წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელებში.

ცხინვალელი მადინა მარგიევა სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლო ხანებში უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ამას წინათ სოფელ ტბეთში მანქანა ხეს შემოეხვია და მგზავრები ადგილზე დაიღუპნენ... კიდევ უფრო ადრე ვიღაც საჯარო პირის "ლექსუსი" დაეჯახა სკოლასთან 15 წლის მოზარდს, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. უამრავი ასეთი შემთხვევის მომსწრე ვართ, მაგრამ მიშვებულია სიტუაცია, ადამიანების სიცოცხლე დაუდევრობას ეწირება და ვერაფერს ვცვლით..." - წერს მარგიევა.