ავტორი:

"ამდენი მილიონის მითვისებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა... წილში სხვებიც ჰყავდა, ვინც მფარველობდნენ" - რა არის ახალი აფხაზეთიდან გაუჩინარებულ "მთავარ სანიტარზე"?

"ამდენი მილიონის მითვისებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა... წილში სხვებიც ჰყავდა, ვინც მფარველობდნენ" - რა არის ახალი აფხაზეთიდან გაუჩინარებულ "მთავარ სანიტარზე"?

უკვე ორი კვირაა აფხაზეთის ე.წ. მთავარი სანიტარი ლუდმილა სკორიკი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. ადგილობრივი ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ის 25 ივლისის შემდეგ კავშირზე არ გამოსულა და არც არავინ გაუფრთხილებია. რამდენიმე დღის წინ მისი სახელით ღია წერილი გავრცელდა, რომელშიც იმ გარემოებებს განმარტავს, რის გამოც იძულებული გახდა გამქრალიყო.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, მისი გაუჩინარების შესახებ პირველი ცნობები 8 აგვისტოს გავრცელდა.

"ის ტელეფონზეც არ პასუხობდა... მალე მის სამსახურში ჯანდაცვის სპეციალური სამსახური შევიდა და სოციალურ ქსელებში მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია მისი თაღლითური სქემების შესახებ, თითქოს მან აფხაზეთი დიდი თანხით დატოვა, კერძოდ საუბარია 17-დან 40 მილიონამდე რუბლზე (დაახლოებით, 1,856,390 ლარი)..." - წერს გამოცემა.

4 სექტემბერს ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, სკორიკის საქმიანობაში დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისება, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება და ბოროტად გამოყენება გამოიკვეთა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ მასზე ოპერატიული ძებნა გამოცხადდა.

ამის შემდეგ, ერთთვიანი დუმილი დაარღვია და არენაზე თავად დაკარგული სკორიკი გამოჩნდა - მისი სახელით წერილი გავრცელდა, სადაც ე.წ. ჯანდაცვის მინისტრს გარკვეულ ბრალდებებს უყენებს. მისი მტკიცებით, ედუარდ ბუთბა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 2021 წლის მაისში დაინიშნა, აფხაზეთში "მედიცინის კომერციულ ბაზაზე გადასაყვანად" მიიწვიეს.

სკორიკი წერილში ამბობს, რომ ედუარდ ბუთბა, 2016-2021 წლამდე მეწარმე იყო და ტყავის ნაწარმის შეკეთებაზე, ფეხსაცმლის წარმოებასა და ლითონების დამუშავებაზე მუშაობდა.

მისივე თქმით, ახალმა მინისტრმა სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან მომსახურების ფასების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყო და რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და სოხუმის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ცენტრის ფასიან მომსახურებაზე გადაყვანა სცადა. ასევე, შეუდგა, რესპუბლიკური სანიტარიული და ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის ხელში ჩაგდებას, მაგრამ სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის უფროსის გზიდან მოხსნის გარეშე ვერ შეძლო, რასაც მოკლე დროში მისი ყველა მიმართულებით დევნა და შევიწროება მოჰყვა.

ე.წ. ყოფილი დეპუტატი ნატალი სმირი აფხაზეთში სამედიცინო მომსახურების კომერციალიზაციას არარეალურს უწოდებს, რადგან მისი თქმით, კანონში უწერიათ, რომ ეს სერვისი უფასოა, რამდენიმე მომსახურებების გარდა, როგორიც არის სტომატოლოგიური და ა.შ...

ადგილობრივების თქმით, ამ საქმეში სკორიკი მარტო ვერ იქნებოდა ამიტომ, შესაბამისმა უწყებებმა მხოლოდ ჯანდაცვის კი არა, ე.წ. შს სამინისტროს თანამშრომლებიც უნდა დაკითხონ.

"სკორიკი ამდენი მილიონის მითვისებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა. ყველამ ვიცით, რომ რუსეთიდან მართლაც დიდი თანხები გადმოირიცხა კოვიდის დროს, ეს ეხება როგორც ლაბორატორიებს, ასევე სხვა მიმართულებებს. გენერატორების თანხები, კიდევ ცალკე თემაა... უბრალოდ, ახლა სკორიკზე გადატეხეს ჯოხი, რადგან მან წნეხს ვერ გაუძლო, რაღაც აერია და გაუჩინარება ამჯობინა. ყველამ კარგა ვიცით, რომ მას თითსაც ვერ დააკარებენ, უბრალოდ ამ უწყებაში ვერ დაბრუნდება, მაგრამ ის თანხები შერჩება და სხვაგან იცხოვრებს, რადგან წილში სხვებიც ჰყავდა გაყვანილი, ვინც მას მფარველობდნენ..." - წერს ლიანა ავიძბას.

"ისე რა ცუდმა დრომ მოუწია, რუსეთს სანქციები აქვს და სად უნდა იგულაოს ახლა იმ იმხელა ფულით? ბედი არ გინდა?.. ამხელა ამბავს გარისკავ ქალი და ურალს იქით რომ ვერ წახვალ, დიდი დიდი პეტერბურგში ჩავიდეს და ერმიტაჟი ნახოს. სოჭისკენაც ვერ გამოიხედავს, მაინც ახლოა აფხაზეთთან... ლამის საუკუნოვანი, საბჭოთა მონჯღრეული სამედიცინო ინფრასტრუქტურა გვაქვს და მისი კომერციალიზაცია სდომებიათ, ფული ხომ აკეთონ?.. " - წერს ირაკლი სუხუმსკი.

ნახეთ ასევე: