ავტორი:

"მე დედამიწის მოქალაქე ვარ!" - გიგა აგლაძის ქართულ-ამერიკული პროექტები და შემოქმედებითი წარმატებები

"მე დედამიწის მოქალაქე ვარ!" - გიგა აგლაძის ქართულ-ამერიკული პროექტები და შემოქმედებითი წარმატებები

რეჟისორი, მუსიკოსი და საერთოდ, მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი გიგა აგლაძე უკვე რამდენიმე წელია, უცხოეთში აქტიურად მოღვაწეობს, თუმცა საქართველოსთან მუდმივი კონტაქტი აქვს.

რამდენიმე თვის წინ, თბილისში უკრაინას კონცერტი მიუძღვნა, სადაც თავის ბენდთან და სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ცოცხლად უკრავდა და მღეროდა. ეს ჩანაწერი ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ტელევიზიითაც გადმოიცა. "სულ რაღაცას ვაკეთებ, არ ვჩერდები. ეს არის ცხოვრება, ეს არის არტი. ყველაფერი უნდა მოასწრო. თან, როდესაც ხელოვან ადამიანს ამდენი იდეა გაწუხებს, ამდენი რაღაცის გაკეთება გინდა, ეს ყველაფერი შიგნიდან თუ გარედან გჭამს, არ გასვენებს, ძილშიც გეფიქრება, სხვანაირად არ გამოდის... ხან სცენარს ვწერ, ხან ვხატავ, ხან მუსიკას ვწერ...“ - გვეუბნება გიგა აგლაძე, რომელსაც ლოს-ანჯელესში დავუკავშირდით.

მნიშვნელოვანია, რომ ის ფილმის გადასაღებად ემზადება, რომელსაც "დედა ერთი საათით“ ერქმევა.

გიგა აგლაძე:

- ეს აქტუალური დრამა იქნება, რომელიც ემიგრაციასა და პატარა ბავშვის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. საინტერესო თანხვედრა მოხდა, - სცენარი 10 წლის წინ დავწერე. ასე ხდება ხოლმე - ვწერ, თაროზე ვდებ და შემდეგ ყველას თავისი დრო მოსდის. მოკლედ, იმის დრო დადგა, რომ ეს სცენარი გაცოცხლებულიყო... გარდა იმისა, რომ ფილმის პერსონაჟები ემიგრაციაში არიან, პატარა გოგონას ლეიკემია აქვს. აქ კიდევ ერთი თანხვედრაა - სცენარი ქართველებზე და უკრაინელებზეა... ჩვენ ხომ საერთო გასაჭირი გვაქვს?! თუმცა, არ მგონია, ეს მარტო ჩვენი გასაჭირი იყოს, მსოფლიოს პრობლემაა. უბრალოდ, აქტიურ ფაზაში დღეს უკრაინაა, გუშინ საქართველო იყო. ახლა ამაზე აქტუალური ჩემი შემოქმედებიდან ნამდვილად არაფერია. ამიტომ გადმოვიღე თაროდან სცენარი, გავაცოცხლე და ამერიკაში ჩამოვიტანე.

ამ თემაზე აქვე, ერთ ძალიან საინტერესო ადამიანთან ერთად ვიმუშავე. მოკლედ, უკვე შეგვიძლია მადრიდში წავიდეთ და შემოდგომის ბოლოს ფილმის გადაღება დავიწყოთ. მთავრი ამბავი მადრიდში ხდება, ფილმი სრულმეტრაჟიანია, ქასთინგში მაღალი კლასის ესპანელი მსახიობები მონაწილეობენ. დეტალების მეტად გამჟღავნების უფლება არ მაქვს. ფილმს საზოგადოებისთვის არაერთი ძალიან ცნობილი სახელი დაუკავშირდება, დაველოდოთ...

- ფილმს მაყურებელი როდის იხილავს?

- ჩემი ვარაუდით, ფილმი მზად 2023 წლის სექტემბრისთვის იქნება ან შესაძლოა, 2024-შიც გამოვიდეს. ჩემი დიდი სურვილია, საფესტივალო ცხოვრება ჰქონდეს, შემდეგ დარბაზებში გამოვიდეს და მერე უკვე სხვა პლატფორმებზე.

- თუმცა ამ ფილმამდე "მეორე მე,“ დევით ლინჩთან ერთად გადაიღეთ, რომელიც უკვე ნახა ქართველმა მაყურებელმა...

- ფილმი აშშ-ში 20 შტატის კინოდარბაზსა და კანადის კინოთეატრებში გამოვიდა. ამას თავად ამერიკაში ცოტა ახერხებს. ამიტომ ალბათ ამ თვალსაზრისით პირველი ქართველი ვარ. ამასთანავე, ჩემი ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი მსოფლიო კინოლეგენდა დევიდ ლინჩი გახდა. მე პროდიუსერი, სცენარის ავტორი და რეჟისორი ვარ. ამ ცოტა ხნის წინ, ჰოლანდიაში, კინოფესტივალზე მე და დევიდ ლინჩმა ერთად, საუკეთესო პროდიუსერის ჯილდო მივიღეთ, რაც მეამაყება.

ფილმის პოსტპროდუქცია ამერიკაში გაკეთდა, მუსიკაც აქ დაიწერა... დამთავრებული არ გვქონდა, რომ ეს პანდემია დაიწყო, ამან პროცესი გააჩერა და შეცვალა ყველაფერი. ფილმის წარდგენა, პრაქტიკულად, 2022 წლის დასაწყისში მოხდა. "მეორე მე“ თბილისშიც, რამდენიმე თვე კინოთეატრებში გადიოდა და ჩამოსულიც ვიყავი.

- ემოციურად რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის - უცხო ქვეყანაში ამდენს როგორ ახერხებთ?

- ...საქართველოში კოვიდის პერიოდში ჩამოვედი. ვერ მოვისვენე და კოვიდზე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "მაისის 47 დღე“ გადავიღე. თუ შემოქმედი ხარ, სხვანაირად აბა, როგორ?! იყო დრო, მერიდებოდა, საკუთარი თავისთვის შემოქმედი დამერქმია. რაც ასაკი მემატება ვხდები, რომ შემოქმედი ვარ, იმიტომ, რომ შემოქმედების გარეშე არ შემიძლია. საქართველოშიც სულ რაღაცას ვაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ სულ ჰაერში ვარ, მუდმივად მაქვს შემოქმედებითი საქმიანობის სურვილი...

- რა არის თქვენთვის მთავარი?

- მთავარია, ვიცოდეთ, რა გვინდა - როდესაც ვიცით, გამოდის, უკვე მიზანს ვისახავთ და ამ მიზნისკენ მივდივართ. მიზანი რამდენად მალე სრულდება, ეს სხვა საკითხია... ხან შეცდომებს ვუშვებთ, ხან ზედმეტად ვფიქრობთ ამაზე, მაგრამ როდესაც კოსმოსში ჩვენს იდეებს და აზრებს ვუშვებთ, ანუ იმას, რაც ამ "მინდაზე“ მაღლა დგას, ზუსტად ვიცი, აუცილებლად გამოვა. უბრალოდ, ამ ყველაფერს ბევრი შრომა უნდა.

ცხოვრებაში ჩემთვის მთავარი თავისუფლებაა. თუ თავისუფლება არ გაქვს, თუ გრცხვენია, გერიდება (ჩარჩოებიდან ამოვარდნას არ ვგულისხმობ, ოქროს შუალედის დაჭერაზე ვლაპარაკობ), მაშინ რაიმე შექმნა, წარმოუდგენელია... ხელოვნებას თავისუფლება უყვარს, კანონების დარღვევა... სხვის გადმოკოპირებას კი არ უნდა ცდილობდე, შენი უნდა შექმნა. თუ შენსას ქმნი, მაშინ ყველასთვის მისაღები ხარ.

მეორე ისაა, რომ შენი ხელწერა ისე ვერ შეიქმნება, თუ საკუთარ პიროვნებას არ იცნობ. საკუთარი თავი უნდა გაიცნო. ამას კი მარილად თავისუფლებას მოაყრი, სხვანაირად არაფერი გამოვა. თუ შენი სათქმელის თქმა გერიდება, ვერასდროს ვერაფერს მიაღწევ. მსახიობებს, ვინც ჩემს ფილმში მონაწილეობენ, ვეკითხებოდი - ვინ არის თქვენი ყველაზე ახლო მეგობარი? ასახელებდნენ. უფრო ახლო, რომელსაც ყველაფერს გაანდობთ-მეთქი... მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ჩვენში მეორე მე ცხოვრობს, რომელსაც ველაპარაკებით. ჩვენ მარტო არასდროს ვართ... მჯერა, რომ ჩემში კიდევ ერთი პირი ცხოვრობს. ის რჩევებსაც მაძლევს...

- გიგა, კინო თუ მუსიკა?

- მუსიკა ალბათ მე ვარ, - რაც დავიბადე, ვმღერი, მაგრამ კინო ის არის, რაც მინდა ვაკეთო. თანაც ის ხომ ყველაფერს აერთიანებს. როცა ამ პროცესში ხარ, ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა, პერსონაჟებს წარმოიდგენ... ამასთანავე, მწერალიც ვარ, სცენარებსაც ვწერ...

- წლების წინ, როდესაც პროფესია აირჩიეთ, მომავალ რეჟისორს, რა გეგმები გქონდათ?

- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავიდან ფინანსებისა და კრედიტების განხრით დავამთავრე. მერე მივხვდი, რომ ის არაფერ შუაში იყო და "თეატრალურში“ კინორეჟისურის განხრით ჩავაბარე - რეზო ჩხეიძის სახელოსნო დავამთავრე.

თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი და ზუსტად ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. თუმცა ჯერ ჩემი სიტყვა არ მაქვს ბოლომდე ნათქვამი... კინორეჟისორობა ძალიან რთულია. მაშინაც ასე ვიყავი, მჯეროდა, ვიცოდი, რომ რაღაც ისეთს გავაკეთებდი, რითაც ამ სფეროში ჩემს მაქსიმუმს მივაღწევდი.

- ემიგრანტის სტატუსი გაქვთ თუ შემოქმედებითი მივლინებების რეჟიმში გიწევთ ძირითადად უცხოეთში ყოფნა?

- საერთოდ ვერ ვიტან სიტყვას "ემიგრაცია". ზოგმა იცის თქმა, - "მე წავედი“. სად წახვედი? მე დედამიწის მოქალაქე ვარ. თუ დედამიწას გავცდები და მთვარეზე, მარსზე მომიწევს გამგზავრება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ - "მე წავედი“. მაგრამ რადგანაც დედამიწის მოქალაქე ვარ და ჩემთვის მთავარია ადამიანი, ბუნება, ბუნების შენარჩუნება, ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც ძალიან მაწუხებს, არსად გავდივარ, დედამიწაზე ვრჩები. სხვადასხვა კონტინენტზე ყოფნა არაფერს ნიშნავს. ჩვენ შორის დისტანცია რამდენიმე კილომეტრია - ამას მათემატიკა გვიზომავს, რასაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველანი დედამიწის მოქალაქეები ვართ.

- მუსიკა, რომელიც თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ე.ი. დაპაუზებული არ გაქვთ?

- არავითარ შემთხვევაში, ცოცხალ ჯგუფში მაშინ ვუკრავდი, ვმღეროდი და ბენდი მყავდა საერთოდ, ჯერ ხალხს რომ "ეძინა“ (ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი)... არა, გაჩერებული არ ვარ. თუ მუსიკალურად გავჩერდი, მოვკვდები... დღეს უკვე სოლო მომღერლებს ცოცხალი ბენდები ჰყავთ, რასაც მივესალმები, მომწონს და ყველას დიდ პატივს ვცემ. ჩემი ბოლო კონცერტი მაყურებელმა ნახა კიდეც, ცოცხალი კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად...

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ფილმის "დედა ერთი საათით“ გადაღება. ამისთვის მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი. შემდეგ ახალ ეტაპზე უნდა გადავიდე - სერიალის ჩანაფიქრი მაქვს, რომელიც საქართველოში მინდა, გადავიღო. შეიძლება უცხოური კომპანია ჩამოვიყვანო, რომელიც ამ სერიალით დაინტერესებული იქნება, ძალიან მომწონს ამ პროექტის თემატიკა.

ჩემი აზრით, ადამიანებს ერთმანეთის სიყვარული აკლიათ. ჩემთვის უკრაინის ომის კადრების ხილვა 21-ე საუკუნეში, კატასტროფა იყო. როგორ შეიძლება, ადამიანებს ასე მოექცე?! მაშინ, როდესაც მეტად უნდა განვვითარდეთ, წინ წავიდეთ, ამ დროს ასეთი რამ ხდება. ამიტომ ვამბობ, რომ სიყვარული გვაკლია. შეგრძნებები, ემოციები, ურთიერთობები, ერთმანეთის ტკივილის გაზიარება, მისგან არგაქცევა - არის მთავარი. დადებითზე უნდა ვიფიქროთ. დილა მადლობით უნდა დავიწყოთ, რომ კიდევ ერთი დღე გაგვითენდა. ყველამ უნდა გადაწყვიტოს, რომ ერთმანეთს ერთ დღეს თუნდაც მადლობა გადავუხადოთ - უბრალოდ, მადლობა ყველაფრისთვის და არაფრისთვის. წარმოიდგინეთ, რამხელა პოზიტივი იქნება... სამწუხაროა, რომ ასე არ ხდება. ჩვენ ადამიანებს ერთმანეთი გვჭირდება. სიყვარული უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად მთავარი! ამის გარეშე ვერაფერს გააკეთებ. ასე რომ, მიყვარს ჩემი საქმე, ვაკეთებ მას და ვემსახურები ადამიანებს.