ავტორი:

"მრავალი სიცოცხლის გადამრჩენო, შენ ვერ გადაგარჩინეთ" - 36 წლის ექიმი ჯემალ გელაშვილი გარდაიცვალა

"მრავალი სიცოცხლის გადამრჩენო, შენ ვერ გადაგარჩინეთ" - 36 წლის ექიმი ჯემალ გელაშვილი გარდაიცვალა

ახალგაზრდა ექიმი ჯემალ გელაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი კოლეგები ავრცელებენ. 36 წლის გელაშვილი რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი იყო და ბათუმის კლინიკა "მედალფაში" მუშაობდა.

მისი კოლეგები წერენ, რომ კოვიდპანდემიის დროს გელაშვილი რეანიმაციის ხელმძღვანელი იყო.

"გაგანია პანდემიის დროს, კოვიდ რეანიმაციაში კარდიოლოგი დასჭორდათ. სრული ეკიპირებით ავედი კოვიდ რეანიმაციაში, რას ვხედავ - კოვიდ რეანიმაციის ხელმძღვანელი, ჩვენი ჯეკო სრულიად უპირბადოდ და დაცვის გარეშე დადიოდა.

ხმამაღლა ვუყვირე - რას შვები? ასე როგორ შეიძლება-მეთქი!!!! მიპასუხა - კოლეგავ, იმ ცარიელ საწოლს ხომ ხედავ??? ის ჩემი საწოლია. მეც კოვიდი მჭირს. ექიმები აღარ გვყოფნის.

ასე რომ, მეც ჩემს თავს ვმკურნალობ, თან ვმორიგეობ და თან ამ უბედურებსაც ვუვლიო. დღეს ეხ ბიჭი ზეცაში წავიდა. მრავალი სიცოცხლის გადამრჩენო მეგობარო, შენ ვერ გადაგარჩინეთ!!!!" - წერს გარდაცვლილის კოლეგა იოსებ სიხარულიძე.

რა გახდა ახალგაზრდა მედიკოსის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბოლო დროს გელაშვილი "მედალფაში" გადიოდა მკურნალობას. როგორც ახლობლები ამბობენ, ის კომაში იყო, რის შემდეგაც გარდაიცვალა.

"ჯემალი უძვირფასესი ადამიანი იყო, საუკეთესო მშობლების შვილი, უწესიერესი ბავშვი და საუკეთესო ახალგაზრდა. ამ ეტაპზე გარდაცვალებასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მხოლოდ ის ვიცი, რომ კომაში იყო" - გვითხრა გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა.