ავტორი:

როგორ შეუნარჩუნა ქართველმა ნეიროქირურგმა პაციენტს ხელი, რომლის ამპუტაციაც ერთადერთ გამოსავლად განიხილებოდა - უიშვიათესი ოპერაციის დეტალები

როგორ შეუნარჩუნა ქართველმა ნეიროქირურგმა პაციენტს ხელი, რომლის ამპუტაციაც ერთადერთ გამოსავლად განიხილებოდა - უიშვიათესი ოპერაციის დეტალები

2021 წლის თებერვალში გიორგი დუმბაძის ცხოვრება სამტრედიის ავტობანზე მომხდარმა ავტოავარიამ სრულიად შეცვალა. ის თავის მამიდაშვილთან ერთად გურიაში მიდიოდა, როცა ავტომობილზე კონტროლი დაკარგა და ხრამში გადავარდა.

გონზე მოსულმა იფიქრა, რომ მძიმე დაზიანებები არ ჰქონდა, თუმცა ხელს ვეღარ იმორჩილებდა და მისი მოძრაობა სრულად შეზღუდული ჰქონდა.

„როცა გონზე მოვედი, უკანა სავარძელზე ვიყავი. წინ გადმოსვლისას მივხვდი, რომ მარჯვენა ხელი „უკან დამრჩა“, შემდეგ მარცხენა ხელის დახმარებით ავამოძრავე და მანქანიდან გადმოვვარდი. მალევე მოვიდა სასწრაფო დახმარება და ორივე, ქუთაისის საავადმყოფოში გადაგვიყვანეს, ჩემი მამიდაშვილიც კლინიკაში იწვა. კვლევები ჩამიტარეს და მითხრეს, რომ ნერვზე პრობლემა არ მქონდა და ძვლები ფირფიტაში ჩამისვეს. ამის მიუხედავად, ხელს ვერ ვგრძნობდი, შემდეგ ტრავმატოლოგმა მითხრა, ოპერაციისას ვნახე, ნერვია დაზიანებულიო. შემოვლისას ექიმები ამბობდნენ, ამპუტაციაა საჭირო, არაფერი ეშველებაო... “ - გვიამბობს გიორგი.

პირველი ოპერაციის შემდეგ გიორგიმ მძიმე დღეები გაიარა, ტკივილი არ ცხრებოდა და ხელის მდგომარეობაც უფრო რთულდებოდა.

„ხელს ფერი ჰქონდა შეცვლილი, საერთოდ ვერ ვამოძრავებდი, თითებსაც ვერ ვშლიდი, სრულიად უმოქმედო იყო. თბილისში რომ ჩამოვედი, საშინელი ტკივილები მქონდა. დავდიოდი ექიმიდან ექიმთან და სულ მაგას ვკითხულობდი: „მართლა მოსაჭრელია?“ დედაჩემი ემიგრაციაშია და ჩემი ძმა დამყვებოდა ყველგან, მხარს მიჭერდა ყველაფერში. რომელ ექიმთანაც მივედი, ყველა სხვადასხვა კვლევას მიტარებდა და შემდეგ ამბობდნენ, ამას არაფერი ეშველებაო. საუბარი იყო მყესების ამოღებასა და გადანაცვლებაზეც, საბოლოოდ კი საზღვარგარეთ წასვლასაც განვიხილავდი.“ - იხსენებს გიორგი.

თურქეთში წასვლის გადაწყვეტილების მიღებამდე, ერთ-ერთი ნათესავისგან შეიტყო ქართველი ნეიროქირურგის რუდიკო ჯიგანიას შესახებ და გადაწყვიტა, მასთანაც ეცადა ბედი. საბოლოოდ, ექიმის კომპეტენტურობის, მისი ემპათიისა და ყურადღების გამო, საქართველოში დარჩა და ურთულესი ოპერაციიდან ორ კვირაში, ხელი 4-თვიანი შუალედის შემდეგ, პირველად გაამოძრავა. ტკივილები თავდაპირველად შეუმსუბუქდა, შემდეგ კი საერთოდ მოეხსნა.

ნეიროქირურგი რუდიკო ჯიგანია იხსენებს, რომ ტრავმის მიღების შემდეგ პაციენტს ადგილობრივ კლინიკაში ჩაუტარდა პირველადი ოპერაციები, ძვლის ოსტეოსინთეზი და სხვა რეანიმაციული ღონისძიებები. შედეგად, იმის გამო, რომ ხელის მოძრაობა სრულად იყო შეზღუდული და მკურნალობის შეთავაზებულ მეთოდებს არ ექვემდებარებოდა, ამპუტაცია შესთავაზეს.

როგორც ექიმი იხსენებს, მასთან გიორგი დუმბაძე ავტოსაგზაო შემთხვევიდან 4 თვის შემდეგ მივიდა, როცა მდგომარეობა უფრო დამძიმებული იყო.

„პაციენტი ძალიან დათრგუნული იყო, მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ექიმების მიმართ ნდობა ჰქონდა დაქვეითებული, რადგან ბევრი კვლევისა და სპეციალისტებთან გადამისამართებების მიუხედავად, შედეგი მაინც არ ჩანდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, თავდაპირველად შევხედო პაციენტს და შევაფასო მდგომარეობა, სწორედ ამიტომ, პირველად კონსულტაციაზე მოსული პაციენტი, მდგომარეობის პირველად შეფასებამდე თანხას არ იხდის. გიორგისთან საუბრის შემდეგ დავნიშნეთ ელექტრონეირომიოგრაფია და გავაკეთეთ რენტგენი, რათა მოტეხილობა შეგვეფასებინა. შემდეგ, ექოსკოპიით გამოვავლინეთ, რომ ნერვის დაზიანებასთან გვქონდა საქმე, საბოლოოდ კი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (MRI) დადგინდა, რომ დაზიანებული იყო მხრის წნული თავისი ყველა ტოტით, წნულის ყველა საინერვაციო ნერვი და კუნთი. ჩატარებული კვლევების შემდეგ დაისვა დიაგნოზი, ეს იყო მხრის წნულის და უფრო გამოხატულად, სხივის ნერვის დაზიანება,“ - იხსენებს ნეიროქირურგი, რუდიკო ჯიგანია.

გადაწყდა, ოპერაციული ჩარევა, რაც გულისხმობდა ნევროლიზისა და დეკომპრესიის არა ორ, როგორც ეს სტანდარტულად ხდება, არამედ ერთ ეტაპად გაკეთებას.

„ასეთ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და ოჯახის წევრების მხარდაჭერას. სწორედ პაციენტის განწყობამ, იმან რომ არ დანებდა და გამოსავლის ძიება განაგრძო, შედეგი გამოიღო. საბედნიეროდ, ოპერაციის შემდეგ აღდგა ხელის მოძრაობა და იდაყვის მოხრა დაიწყო, მაშინ, როცა ტკივილის გამო გასინჯვისას, მიკარების საშუალებასაც არ მაძლევდა.

ახლა მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი. პაციენტის ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ის საკუთარ თავს უკვე თავად ემსახურება,“ - აღნიშნავს ნეიროქირურგი.

კითხვაზე, რა სირთულეებთან იყო მხრის წნულის ოპერაცია დაკავშირებული, რუდიკო ჯიგანია გვპასუხობს, რომ ნაცვლად ჩვეულებრივ, ორ ეტაპად ჩატარებული ქირურგიული მანიპულაციისა, ერთ ეტაპად ჩატარდა, რაც საკმაოდ რთული და იშვიათი შემთხვევაა, თუმცა სასურველი შედეგი გამოიღო.

„5-6 საათი ვიყავით საოპერაციოში. როდესაც პაციენტის ცხოვრების ხარისხზე ხარ პასუხისმგებელი, ცდილობ ყველაფერი გააკეთო. ასეთ დროს სირთულეები, დაღლა უკანა პლანზე გადადის და ბოლომდე იხარჯები, დარწმუნებული ვარ, ყველა ქირურგი ასეა. მინდა აღვნიშნო, რომ რა სირთულის შემთხვევაც არ უნდა იყოს, სასურველი შედეგის მიღება შეუძლებელია ფიზიოთერაპევტების დახმარებისა და პაციენტის მონდომების გარეშე,“ - განმარტა ექიმმა.

ნეიროქირურგი რუდიკო ჯიგანია საქართველოში 2 წლის წინ დაბრუნდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა, სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა. „დიდი ხანი საქართველოში არ ვცხოვრობდი, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა კლინიკებში მომიწია ოპერაციების ჩატარება და საბოლოო არჩევანი „ნიუ ჰოსპიტალსზე“ შევაჩერე, სადაც დღესაც ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ვიფიქრე, რომ უნდა დავრჩენილიყავი და ჩემი ცოდნა, შესაძლებლობები აქ გამომეყენებინა. ყველამ იცის, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, არიან პაციენტები ვინც საჭირო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე უფასო კონსულტაციების ჩატარება, რათა შევძლო იმ პაციენტების მიღება, ვისაც სპეციალისტთან ვიზიტის შესაძლებლობა არ აქვთ“, - განმარტა რუდიკო ჯიგანიამ.

რუდიკო ჯიგანიასთან უფასო კონსულტაციებზე დეტალური ინფორმაციის მიღება, საინფორმაციო ცენტრის საშუალებით არის შესაძლებელი (ტელ: 032 2 190 190).

„20-25 პაციენტიც რომ იყოს, მაინც ყველას ვიღებ, რადგან მესმის რამდენად მძიმე მდგომარეობაში შეიძლება იყოს პაციენტი, რომელიც მოდის ჩემთან და ვცდილობ, მაქსიმალურად შევუმსუბუქო მათ მდგომარეობა“, - აღნიშნა სპეციალისტმა.