ავტორი:

სომხეთმა "აზერბაიჯანის აგრესიის" გამო დასახმარებლად რუსეთს მიმართა

სომხეთმა "აზერბაიჯანის აგრესიის" გამო დასახმარებლად რუსეთს მიმართა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთმა "სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიის“ გამო, რუსეთს მიმართა და "მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების“ რეალიზაცია მოითხოვა. რუსეთისადმი მიმართვის გადაწყვეტილება წუხელ, ერევანში მიიღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობდა. სომხეთმა მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოსაც და "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას", რომლის წევრები სომხეთთან და რუსეთთან ერთად არიან ბელარუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი.

შეგახსენებთ, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ღამის განმავლობაში უკიდურესად დაძაბული ვითარება იყო. ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები მოხდა, რასაც, გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი მოჰყვა. მხარეები კონფლიქტსა და ზარალზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. თავდაპირველად ინფორმაცია თურქულმა მედიამ გაავრცელა.

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, - ინფორმაცია სომხურმა მედიამ გაავრცელა.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია "აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართულებით განხორციელებული პროვოკაციული, აგრესიული ქმედებების შესახებ, რასაც თან ახლდა საარტილერიო დაბომბვა და მსხვილ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლის გახსნა“.

ნიკოლ ფაშინიანმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მიუღებლად მიიჩნია აზერბაიჯანული მხარის ქმედებები და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ადეკვატური რეაგირების მნიშვნელობას.

ამასთანავე, სომხეთის პრემიერი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსაც ესაუბრა.

იხილეთ ასევე: