ავტორი:

"Груსული ოცნება“ -  რუსეთის აგენტი ელჩები" - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ ელჩად დასანიშნთა სიაში 2 აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდა

"Груსული ოცნება“ -  რუსეთის აგენტი ელჩები" - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ ელჩად დასანიშნთა სიაში 2 აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდა

სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ მისი სუს-ში მუშაობისას საგარეოდან კონტრდაზვერვაში გადმოგზავნილ ელჩად დასანიშნთა სიაში 2 აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდა, თუმცა გომელაურმა უთხრა, რომ "ორივეზე თანხმობა გაეშვა“.

სუს-ში მუშაობის პერიოდში, კონტრდაზვერვაში სტანდარტულად გადმოიგზავნა ელჩად დასანიშნი კანდიდატების სია - აღმოჩნდა, რომ ორი მათგანი ირიცხებოდა აგენტურულ ბაზაში - გომელაურმა მითხრა, ორივეზე გამეშვა თანხმობა და მე შევასრულე, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილის მორიგ წერილშია აღნიშნული, რომელიც მის "ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

გოგაშვილი ვარაუდობს, რომ ახლა აღნიშნული პირების გადანიშვნის პერიოდია და პრეზიდენტის წარმომადგენელს ან დეპუტატს, რომელსაც მსგავს ინფორმაციაზე წვდომა აქვს, კონკრეტული გვარების დასახელებას სთავაზობს.

"Груსული ოცნება“ - ნაწილი 3 - რუსეთის აგენტი ელჩები.

სანამ საგარეო საქმეთა სამინისტრო რომელიმე ქვეყანაში საქართველოს ელჩს ან დიპლომატიური სტატუსის მქონე ნებისმიერ კანდიდატს წარადგენს, სუს-ში აგზავნის დასანიშნი კანდიდატების სიას. სუს-ის ფუნქციაა, გადაამოწმოს ყველანაირად კანდიდატი, ასევე, დამატებით ვალდებულებას ანიჭებს "თავისუფლების ქარტიაც“, თუ კანდიდატი ირიცხება სუს-ის აგენტურულ ბაზაში ან აქვს საეჭვო კავშირები მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან, ის დაუყოვნებლივ იბლოკება და შემდეგ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

ჩემი სუს-ში მუშაობის პერიოდში, საგარეოდან კონტრდაზვერვაში გადმოიგზავნა სტანდარტულად ელჩად დასანიშნი კანდიდატების სია. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ორი მათგანი ირიცხება აგენტურულ ბაზაში (სუკი), შესაბამისად, მე გადავეცი დავალება შეეჩერებინათ მათი დანიშვა, დანარჩენების სია კი გადავაგზავნე საგარეო საქმეთა სამინისტროში. დაბლოკილმა კანდიდატებმა გაჭიანურების შემდეგ მოიკითხეს საგარეო საქმეთა სამინისტროში თუ რა ხდებოდა, სადაც უთხრეს, რომ გოგაშვილმა დაბლოკა ისინი. მათ, ბუნებრივია, შეაწუხეს თავის "პატრონი“, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი ატეხა, დაურეკა ივანიშვილსა და კვირიკაშვილს. დამიბარა ჩემმა უფროსმა, გომელაურმა და მომთხოვა თუ რა მიზეზით მყავდა დაბლოკილი ელჩობის კანდიდატები. "შეფმა ცალკე დამირეკა და კვირიკაშვილმა ცალკე ამ საქმეზეო“ - თქვა გომელაურმა. ერთის რეკომენდატორი ყოფილა გოგა ხაინდრავა და დეტალურად გამირკვიე, რა ხდებაო. მე მას ავუხსენი ყველაფერი და გავაცანი ოპერატიული ცნობა აგენტების შესახებ, მან მითხრა, რომ ცნობა დამეხია და ორივეზე გამეშვა თანხმობა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რაც მე შესაბამისად შევასრულე.

ამ "ელჩების“ გადანიშვნის პერიოდი ჩემი ვარაუდით ახლა უწევს და არ არის გამორიცხული, ეს უკვე პრეზიდენტის მაგიდაზე იდოს. სურვილის შემთხვევაში, პრეზიდენტის წარმომადგენელს ან დეპუტატს, რომელთაც აქვთ წვდომა მსგავს ინფორმაციაზე, შემიძლია მივაწოდო კონკრეტული გვარები.

პ.ს. ამ "ინციდენტის“ შემდეგ გოგა ხაინდრავა გადამემტერა. იყო კიდევ ორი "ინციდენტი“, რომელიც არ არის პირადული და მე საზოგადოებას ამის შესახებ მივაწვდი ინფორმაციას, რადგან ეს საკითხები ეხება ადამიანების უფლებების დარღვევებს“,- აცხადებს გოგაშვილი.