ავტორი:

"როცა დასასვენებლად ბავშვებთან ერთად მივდივარ, ვინმე მიმყავს, ვინც მათზე ზრუნვაში მეხმარება" - მსახიობის უცხოური არდადეგები: სად მოასწრო მოგზაურობა ზურა ნიჟარაძემ?

"როცა დასასვენებლად ბავშვებთან ერთად მივდივარ, ვინმე მიმყავს, ვინც მათზე ზრუნვაში მეხმარება" - მსახიობის უცხოური არდადეგები: სად მოასწრო მოგზაურობა ზურა ნიჟარაძემ?

ამ ზაფხულს მსახიობმა ზურა ნიჟარაძემ 3 ქვეყანაში მოგზაურობა მოასწრო, ახლა კი ბათუმური არდადეგებისთვის ემზადება... როგორც გვითხრა, ისეთ ობიექტებს არ სტუმრობს, სადაც ოკუპანტი ერის სიმღერები ჟღერს...

- რა თქმა უნდა, ზაფხული დასვენების, მზის, სითბოს, სიყვარულის დროა. წელიწადის ამ დროს სხვადასხვანაირად ვიწყებ. გააჩნია, როგორი სიტუაციაა: ზოგჯერ სამუშაო სეზონი ივნისშივე სრულდება, ზოგჯერ - 10 აგვისტომდე გრძელდება, გადაღებები მაქვს... საერთოდ, ძალიან მიყვარს ზაფხულიც, ზღვაც...

- როგორც ვიცი, სამოგზაუროდ უკვე იყავით...

- შვეიცარიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში ვიყავი, ქალაქები დავათვალიერე... მოგზაურობა 1 თვით ადრე დავგეგმე. შვეიცარიაშიც და საფრანგეთშიც ჩემი მეგობრები ცხოვრობენ, მათ წამიყვანეს და იქაურობა დამათვალიერებინეს. შევხვდი წარმოშობით ქართველ ფრანგებს, რომლებიც საფრანგეთში შრომობენ. ძალიან კარგი, გულთბილი ხალხია...

- დასვენება მოახერხეთ?

- დასასვენებლად არ წავსულვარ, უფრო მეტად იქაურობის დათვალიერება მინდოდა. იყო შემთხვევა, როცა დღეში 17 კმ მანძილი ფეხით გავიარე. მეგობრები თან დამყვებოდნენ, ყველაფერს მიხსნიდნენ... როცა დასასვენებლად მიდიხარ, 1 კმ მანძილის ფეხით გავლაც არ გიწევს: აუზზე გადიხარ, მზის გულზე წვები, ნომერში ადიხარ...

- უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას, ძირითადად, რით ინტერესდებით, თქვენს ყურადღებას რა იქცევს?

- უპირველეს ყოვლისა - კულტურა. არქიტექტურა ძალიან მაინტერესებს, ასევე - იქაური კერძები... მუზეუმებში არ ვყოფილვარ. ბუნების სასწაულები უფრო მეტად მაინტერესებს, რაც მაგალითად, შვეიცარიაში, საფრანგეთშია. როგორ შეიძლება, შვეიცარიის ბუნება და შენობა-ნაგებობები არ მოგეწონოს ადამიანს?! გერმანიაშიც სასწაული არქიტექტურაა, ასევე - გადასარევი ლუდი, სოსისები... საფრანგეთში კერძების დასაგემოვნებლად 2-ჯერ ვიყავით გასულები. ეტყობა, იქაური სამზარეულო კარგად ვერ დავაგემოვნე, თუმცა გული არ მწყდება: ჩემი ბავშვობის მეგობრის, გიორგი ჯვარშეიშვილის გადასარევ ოჯახში ვიყავი, სადაც არაფერი გვაკლდა. მოკლედ, ფრანგული სამზარეულო კარგად ვერ გავიცანი, მაგრამ რასაც გავეცანი, არ გავგიჟებულვარ.

- ეგზოტიკური კერძებიდან რა გაგისინჯავთ?

- ახლა - არაფერი, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას, უცნაური რაღაცები გამისინჯავს. სულ ვამბობ: თუ სადმე რამე ეგზოტიკური კერძია, მსოფლიო ისე "დაპატარავდა", რომ შეიძლება, საქართველოშიც ჩვეულებრივად ნახო და გასინჯო. მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში არ ვიცოდით, ჰუმუსი რა იყო, ახლა უკვე ჩვენთანაცაა... თუნდაც ზღვის ნებისმიერ პროდუქტს საქართველოშიც შეჭამ. ჩვენ იმ თაობის წარმომადგენლები ვართ, ვინც არ ვიცოდით, ავოკადო რა იყო, ბანანიც მერე შემოიტანეს...

- ბათუმში როგორ ისვენებთ ხოლმე?

- საქართველოში ასეთი არდადეგები ვიცი: ან დასასვენებლად უნდა წახვიდე, ან - დროის ტარებისთვის. ჩემს სიცოცხლეში ბათუმში არ დამისვენია, რადგან იქ სატელეფონო ზარები არ წყდება - ზაფხულობით მთელი სამეგობრო, სანაცნობო ბათუმში იმყოფება. რესტორნიდან რესტორანში, კლუბიდან კლუბში დავდივართ... ამას "დასვენება" არ ჰქვია. დასვენება კარგია მაგალითად, ბახმაროში (2 წლის წინ ვსტუმრობდი), ბათუმში კი დროის გასატარებლად, საქეიფოდ, დასალევად, საცეკვაოდ მიდიხარ ადამიანი. არც გამიგონია, რომ ბათუმში ვინმე დასასვენებლად მიდიოდეს... დასვენებისას დილის 7 საათზე უნდა ადგე, 9-მდე მზეს მიეფიცხო, შემდეგ სახლში წახვიდე, ისადილო, შუადღისას დაისვენო, საღამოს 5-ზე ზღვის სანაპიროზე გახვიდე და 8-მდე იქ იყო, მერე 1 საათით, სადმე დაჯდე და ლუდი ან შავი ღვინო დალიო, საღამოს 11 საათზე კი - დაწვე და დაიძინო.

- საკურორტო რომანი გქონიათ? სერიოზულ ურთიერთობაში გადაზრდილა?

- საკურორტო რომანი ალბათ, უფრო ბავშვობაში მქონია: როცა დასასვენებლად ხარ, ვიღაცას გაიცნობ, ერთად დროს ხშირად ატარებთ, ერთობით... 2 ადამიანი ერთმანეთით ინუსხება, ოღონდ - ეს ამბავი იქვე რჩება. შეიძლება მერე, მოკითხვის დონეზე, კონტაქტი შეინარჩუნონ... საერთოდ, მოწონება, სიყვარული, გულთბილი დამოკიდებულება ყველაფერს უხდება. დასვენებისას ყველაფერი გაქვს ადამიანს, სიყვარულის გარდა. ალბათ, სიყვარულსაც ადამიანები თავიანთ ქვეცნობიერში იგონებენ. ჩემი და ბევრის შემთხვევაში, საკურორტო რომანი "იქვე დარჩენილა", მაგრამ ჩემს 1-2 მეგობარს სწორედ არდადეგების დროს გაუცნია თავისი რჩეული და ურთიერთობა აუწყვია.

- ოჯახთან ერთად დასვენებას ახერხებთ ხოლმე?

- კი, როგორ არა! ოჯახთან ერთად დასასვენებლად წასვლას ყოველთვის ვახერხებ. ჯერ ერთი, ჩემი შვილები ცუდი ბავშვები არ არიან, მეორეც - თან დედა ან ვინმე მიმყავს, ვინც ბავშვებზე ზრუნვაში მეხმარება. მოკლედ, ეს ამბავი არ მიჭირს...წაიკითხეთ სრულად