ავტორი:

"მტერი წავიდა, გაიქცა..." - ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში ჩავიდა (ფოტოები)

"მტერი წავიდა, გაიქცა..." - ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში ჩავიდა (ფოტოები)

რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა.

"მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ხალხის, ჩვენი გულების, შვილების და მომავლის გადარჩენისთვის", - ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინელ სამხედროებს იზიუმიდან მიმართა, სადაც მან უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.

"ბოლო თვეები ძალიან რთული იყო თქვენთვის, ამიტომ გთხოვთ: გაუფრთხილდით თავს, თქვენ ხართ ყველაზე ძვირფასი, რაც კი გაგვაჩნია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვერცერთი ოკუპანტი ვერ შეძლებს უკრაინელების გულების დაპყრობას.

"ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია ალბათ, შესაძლებელია, მაგრამ ჩვენი ხალხის, უკრაინელი ხალხის ოკუპაცია ნამდვილად შეუძლებელია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დღეს, როდესაც დამცველები უკრაინის მიწებს ოკუპანტებისგან ათავისუფლებენ, უკრაინის დროშა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

"ადრე, როცა მაღლა ავიხედავდით, ყოველთვის ვეძებდით ცისფერ ცას, მზეს, დღეს კი, ზემოთ ახედვისას, ჩვენ და განსაკუთრებით დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი მხოლოდ ერთს ვეძებთ - ჩვენს სახელმწიფო დროშას. ეს ნიშნავს. რომ გმირები აქ არიან, ეს ნიშნავს, რომ მტერი წავიდა, გაიქცა“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.