ავტორი:

91 წლის ფრანგმა რეჟისორმა სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა - "ეს გოდარის გადაწყვეტილება იყო. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ყველას სცოდნოდა“

91 წლის ფრანგმა რეჟისორმა სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა - "ეს გოდარის გადაწყვეტილება იყო. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ყველას სცოდნოდა“

Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დიდმა ფრანგმა რეჟისორმა, ჟან-ლუკ გოდარმა სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა. სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ 91 წლის რეჟისორმა "მიიღო გადაწყვეტილება, დაესრულებინა სიცოცხლე, რადგან მას მრავლობითი მძიმე დაავადება სტანჯავდა."

გოდარის ოჯახის წევრების თქმით, ის საკუთარ სახლში, მშვიდად გარდაიცვალა.

გოდარი, რომელიც 1930 წელს პარიზში დაიბადა, ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა შვეიცარიის სოფელ როლში განმარტოებულად.

გოდარის ოჯახთან დაახლოებული პირი ფრანგულ გაზეთ Libération-ს ესაუბრა და თქვა, რომ რეჟისორი "ავად არ იყო და უბრალოდ გადაიქანცა. ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სიცოცხლე დაესრულებინა. ეს გოდარის გადაწყვეტილება იყო და მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ყველას სცოდნოდა“.

ერიკ რომერთან, ჟაკ რივეტთან და ფრანსუა ტრიუფოსთან ერთად, პარიზში დაბადებული გოდარი "ახალი ტალღის" მიმდინარეობის ცენტრალური ფიგურა იყო. კინოს ეს ექსპერიმენტალური მოძრაობა 1950-იანი წლების ბოლოს გაჩნდა საფრანგეთში. ჟან-ლუკ გოდარი ისეთი საკულტო ფილმების გადაღებითაა ცნობილი, როგორიცაა "Breathless”, “Alphaville” და "Le Petit Soldat". მისი რამდენიმე ფილმი ხშირად ყველა დროის საუკეთესო ფილმების სიაში მოიხსენიება.

  • ევთანაზია - სიცოცხლის შეწყვეტის პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანი განუკურნებელი სენისგან გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილისაგან იტანჯება და ამ ტკივილის შესაჩერებლად ერთადერთი გზა მისი სიცოცხლის შეწყვეტა ხდება.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა