ავტორი:

ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, საზღვარზე ესკალაციას 105 სომეხი სამხედრო ემსხვერპლა

ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით,  საზღვარზე ესკალაციას 105 სომეხი სამხედრო ემსხვერპლა

საზღვარზე ესკალაციის დროს, სომხეთის მხრიდან 105 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სამთავრობო საათზე განაცხადა.

"ქედს ვიხრი ჩვენი მოწამეების წინაშე... აზერბაიჯანმა მოახდინა აგრესია სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ მან დაამყარა კონტროლი ზოგიერთ ტერიტორიებზე", - განაცხადა მან.

ამავდროულად, აზერბაიჯანის საგარეო უწყება ავრცელებს განცხადებას, რომ სომხეთის სამხედრო პროვოკაცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ გრძელდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად.

"სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო პროვოკაცია, რომელიც დაიწყო აზერბაიჯანის წინააღმდეგ 2022 წლის 12 სექტემბერს, გრძელდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო საპასუხო ზომებს იღებს ლეგიტიმური სამხედრო მიზნების წინააღმდეგ.

"საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჰუმანიზმის პრინციპების დაცვით, აზერბაიჯანულმა მხარემ გამოაცხადა მზადყოფნა ცალმხრივად გადასცეს სომხეთს სომეხი სამხედროების ცხედრები, რომლებმაც ჩაიდინეს დივერსიული აქტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, რის შესახებაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ეცნობა“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე განცხადებით, ის ფაქტი, რომ სომხეთი არ წყვეტს თავის პროვოკაციულ ქმედებებს და არტილერიიდან ესვრის აზერბაიჯანულ პოზიციებს, მიუთითებს მის ინტერესზე რეგიონში სიტუაციის ესკალაციისადმი.

"მოვუწოდებთ სომხეთს, თავი შეიკავოს დესტრუქციული ქმედებებისგან და დაიცვან ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა. მშვიდობა რეგიონში შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს მხოლოდ საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვის საფუძველზე", - ხაზგასმით აღნიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.