ავტორი:

"მინდა დაგარწმუნოთ, დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე..." - ოლაფ შოლცის გზავნილი ქართველებს: მთავარი მესიჯები ღარიბაშვილისა და კანცლერის პრესკონფერენციიდან

"მინდა დაგარწმუნოთ, დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე..." - ოლაფ შოლცის გზავნილი ქართველებს: მთავარი მესიჯები ღარიბაშვილისა და კანცლერის პრესკონფერენციიდან

ევროკავშირის საბჭოში შევთანხმდით, რომ საქართველოს მივცეთ ევროკავშირის პერსპექტივა - ევროკომისიის რეკომენდაციები ამ გზაზე მნიშვნელოვანი გახლავთ. ცნობილია, რომ ამას სჭირდება ერთობლივი, ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალისა“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც შოლცი აღნიშნავს, გერმანია საქართველოს ევროპაში მიმავალ გზაზე დაეხმარება.

"რუსეთის აგრესია უკრაინაზე არის წლის მთავარი მოვლენა. გერმანია მხარში უდგას უკრაინას, ეხმარება მას სამხედო, პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ ფარგლებში. კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია. ასევე გამოაცხადა რომ ხელს შეუშლის ყველა მცდელობას რუსეთის მიმართ დაწესებული სანციქებისთვის თავის არიდებისა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან. წელს ფედერალურმა მთავრობამ ამისთვის თანხები გამოყო, ასევე საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოერბისთვის.

მოგეხსენებათ, ევროკავშირის საბჭოში შევთანხმდით, რომ საქართველოს მივცეთ ევროკავშირის პერსპექტივა. მე მინდა საქართველო გავამხნევო, რომ ამისთვის საჭირო რეფორმების ნაბიჯები გადადგას. ამ გზაზე ევროკომისიის რეკომენდაციები გახლავთ მნიშვნელოვანი. ცნობილია, რომ ამას სჭირდება ერთობლივი ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალისა. ამიტომ მინდა დაგარწმუნოთ, გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება. დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე“,- აღნიშნავს შოლცი.

  • კანცლერის თქით, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისათვის.

"პირველ რიგში პოლიტიკური მხარდაჭერა გახლავთ მნიშვნელოვანი. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისათვის. ეს გახლავთ ცენტრალური შეხედულება ყველასი და საბოლოო ჯამში ეს არის კანდიდატი ქვეყნების საქმე, რომ შეასრულონ ეს კრიტერიუმები, მაგრამ ჩვენგან საქართველოს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისათვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იქნას განხორციელებული. გარდა ამისა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების განვითარებაზეა ლაპარაკი, ამიტომაც გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის საქმეში, ამის გაფართოებაც შეიძლება, ბევრი სხვა სფერო არსებობს სამომავლო განვითარებისთვის, ეს გახლავთ ენერგეტიკის სფერო და ამაზე გვქონდა დღეს ჩვენ ლაპარაკი“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

  • თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის მხარდაჭერას იმ გზაზე, რომელსაც ეწოდება ევროპული ინტეგრაციის გზა

"როგორც ბატონმა კანცლერმა სულ ახლახანს აღნიშნა და ეს ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ, ეს არის ბატონი კანცლერის პოზიცია, იგი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. გერმანია ყოველთვის მხარს უჭერდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და ახლაც დადასტურდა აღნიშნული გადაწყვეტილებით. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, გერმანიის მხარდაჭერას ამ გზაზე, რომელსაც ეწოდება ევროპული ინტეგრაციის გზა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის გზა, რომელიც ჩვენი გასავლელია, მაგრამ ამ გზაზე ჩვენ გვჭირდება პარტნიორების მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს და რომელიც აქ ბატონმა კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა", - განაცხადა პრემიერმა.

როგორც პრემიერი განმარტავს, ევროპული პერსპექტივა და ევროპული გზა არის ჩვენი ხალხის არჩევანი. ამასთან, დასძენს, რომ მიღწეული იქნა ისიტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.

"ჩვენი ხელისუფლება არის თანმიმდევრული იმ საკითხში, რაც ეხება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანებას. ევროპული პერსპექტივა და ევროპული გზა არის ჩვენი ხალხის არჩევანი. ეს არის გზა და პროცესი, რომელიც შეუქცევადია და ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაქსიმალურად დააჩქარა. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს მოვაწერთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი.

ახლა, ამ ისტორიულ დროს მიღწეული იქნა ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ევროპული პერსპექტივის მონიჭებას.

რაც შეეხება კითხვას, თუ რამდენ ხანში წარმოგვიდგენია გაწევრიანება, რა თქმა უნდა, ეს არ არის დამოკიდებული სურვილზე, ეს არის პროცესი, რომელსაც ყველა მაქსიმალური პასუხისმგებლობით მივყვევით. გვესმის, რომ ამის დაჩქარება შუძლებელია, გარკვეული კრიტერიუმებია, რომელიც უნდა შევასრულოთ. ამას ჩვენი ქვეყნის მომზადება სჭირდება, იმ დღისთვის როდესაც ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება.

გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ქვეყნის გარდაქმნა, მოდერნიზაცია, განვითარება, რეფორმების ჩატარება. ამას უკავშირდება 12 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც მოგვცემს საშუალებას ევროპული კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე იყოს ეს მიღწეული“,- აღნიშნა პრემიერმა.