ავტორი:

კვარაცხელიას მოპოვებული თერთმეტმეტრიანი და კიდევ ერთი მოგებული მატჩი - "ნაპოლიმ" "რეინჯერსი" სტუმრად დაამარცხა

კვარაცხელიას მოპოვებული თერთმეტმეტრიანი და კიდევ ერთი მოგებული მატჩი - "ნაპოლიმ" "რეინჯერსი" სტუმრად დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "ნაპოლი" "რეინჯერსს" დაუპირისპირდა. "ნაპოლის" შეხვედრებს ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებული ემოციით ელოდება, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი თამაში იხილონ.

"რეინჯერსი"- "ნაპოლის" პირველი ტაიმი ფრედ დამთავრდა

მეორე ტაიმი საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა. "ნაპოლიმ" შოტლანდიური გუნდი სტუმრად, გლაზგოში დაამარცხა. ქართველმა მარცხენა გარემარბმა ამ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მას მერე, რაც "ნაპოლის" პოლონელმა ფეხბურთელმა ჟელენსკიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, ხვიჩა კვარაცხელიას გამომუშავებული თერთმეტმეტრიანით დაწინაურდა "ნაპოლი".

67-ე წუთზე ხვიჩას დარტყმული ბურთი ბარიშიჩს ხელზე მოხვდა და პოლიტანომ სტუმრები პენალტით დააწინაურა. 70-ე წუთზე კვარაცხელიას მორელოსმა მაისურზე მოქაჩა, წააქცია, თუმცა არბიტრმა დაინდო და მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა. მერე ქართველი დრიბლინგისას ტავერნიემ საჯარიმოს წინ მოცელა და ყვითელი ბარათი დაიმსახურა. 82-ე წუთზე მან კუთხიდან სცადა ცხრიანში ბურთის ჩახვევა, თუმცა არ გამოუვიდა. მერე კვლავ განახორციელა დრიბლინგი, კარის წინ გაკეთებული გადაცემა კი არაზუსტი გამოუვიდა. შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ 85-ე წუთზე დალაშქრა გლაზგოელთა კარი და მატჩის ბედიც გადაწყდა. მწვრთნელმა სპალეტიმ კვარაცხელია 90-ე წუთზე შეცვალა. "ნაპოლის" რიგებში მას ჯერ ერთ შეხვედრაში ამდენი ხანი არ უთამაშია. კომპენსირებულ დროში გლაზგოელების კარი ნდომბელემაც დალაშქრა და კვარაცხელიას გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

"ნაპოლი“ A ჯგუფში 6 ქულით ლიდერია და შემდეგ მატჩს ტურნირზე 4 ოქტომბერს ამსტერდამში „აიაქსთან“ გამართავს, იქამდე სერია A-ში 18 სექტემბერს „სან სიროზე“ „მილანს“ დაუპირისპირდება, 1-ელ ოქტომბერს კი "ტორინოს“ უმასპინძლებს.