ავტორი:

სარაკეტო შეტევა ზელენსკის მშობლიურ ქალაქზე - დარტყმა კაშხალზე, რომელსაც მდინარე ინგულეცში წყლის დონის აწევა მოჰყვა: რა განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა?

სარაკეტო შეტევა ზელენსკის მშობლიურ ქალაქზე  - დარტყმა კაშხალზე, რომელსაც მდინარე ინგულეცში წყლის დონის აწევა მოჰყვა: რა განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა?

რუსულმა ძალებმა გუშინ საღამოს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივოი როგზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, მტერმა ქალაქის კრიტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას დაარტყა, რის შედეგადაც ჰიდროტექნიკური ნაგებობები სერიოზულად დაზიანდა.

ბოლო ინფორმაციით, კაშხალზე სარაკეტო დარტყმის შედეგად მდინარე ინგულეცში წყლის დონის აწევის გამო ორ რაიონში მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ ვილკულზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რუსებმა მორიგი ტერორისტული აქტი ჩაიდინეს. კრივოი როგში 8 ფრთოსანი რაკეტით დიდ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს დაარტყეს. ვაკონტროლებთ სიტუაციას, ავარიის ლიკვიდაცია გრძელდება, ყველა შესაბამისი სამსახური ჩართულია და ადგილზე იმყოფება. მდინარე ინგულეცში წყლის დონემ მოიმატა. ზედმეტი რისკებისგან თავის დაღწევის მიზნით, რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლებს ევაკუაციას თხოვნით მივმართავ“, - აღნიშნა ვილკულმა.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.

"ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამჯერად - ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე სარაკეტო დარტყმა და კრივოი როგის დატბორვის მცდელობა. ოკუპანტებს მხოლოდ პანიკის დათესვა შეუძლიათ, საგანგებო სიტუაციის შექმნა, ხალხის სინათლის, გათბობის, წყლისა და საკვების გარეშე დატოვების მცდელობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ოკუპანტები უკრაინელებს ვერ გატეხენ, თავად კი ამ ქმედებებისთვის პასუხს აგებენ.

იხილეთ ასევე: