ავტორი:

"როცა ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ოსს" - კობახიძე

"როცა ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ოსს" - კობახიძე

როდესაც ჩვენ ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თეორიულად იმის დაშვება, რომ საქართველოს ცხინვალსა და აფხაზეთში ომი მოუწიოს, ნიშნავს არა მხოლოდ რუსულ საოკუპაცო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთან ომს.

"თუ საჭიროა ომი, უნდა იომო. მაგრამ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ფაქტორები - ერთი ფაქტორი არის ის, რომ ყველაფერი უნდა ავწონოთ, მათ შორის რესურსების კუთხით, ასევე ის, რას მოუტანს შესაძლო ომი საქართველოს - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე ერთი ძალიან მგრძნობიარე საკითხია, რომელსაც საზოგადოებაც ითვალისწინებს - თეორიულად რომ დავუშვათ, რომ ჩვენ გვიწევს ომი ცხინვალში, აფხაზეთში - ასეთ დროს შენ ომში შედიხარ არა მარტო რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთან, რაც ჩვენ გამოვიარეთ 30 წლის წინ. ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ძმათამკვლელი ომი, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ.

ამიტომ, როდესაც საუბარი იყო პლებისციტზე, ამის უკან იდგა ის, რომ საზოგადოებას არ უნდა ომი სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, შესაძლო შედეგებისა და იმის გათვალისწინებით, რომ 30 წლის წინანდელის გამეორება არ გვინდა - აფხაზებთან და ოსებთან ომში შესვლა არ გვინდა. ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ! როდესაც საუბარია დეოკუპაციაზე, აქ ღირებულებებიც მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა კი, ჩვენთვის უნდა იყოს იმ ურთიერთობების აღდგენა, რომელიც ხელოვნურად ჩაჭრეს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის.

მაშინ იყო რუსული პროვოკაციები და ყველაფერი ამას მოჰყვას. ამას უნდა გავუფრთხილდეთ და აქედან გამომდინარე, არ უნდა დავუშვათ არავითარი ომი, სადაც კიდევ ერთხელ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან იარაღით ხელში ქართველები და აფხაზები და ქართველები და ოსები. როდესაც ჩვენ ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.