ავტორი:

"პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება? ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, რადგან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ" - ირაკლი კობახიძე

"პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება? ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, რადგან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ" - ირაკლი კობახიძე

"ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება?- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოსმენებთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის თქმით, მისი „მოსმენა უფრო საინტერესოა, რადგან ის ბევრი ინფორმაციის მატარებელია“.

„აბსურდულია განცხადებები და ჩვენ გვიწევს კომენტარების გაკეთება. ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, რადგან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ, ბევრ გადაწყვეტილებასაც ვიღებ და ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო გარკვეული სისტემური პრობლემა, რომელიც ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს. მე შეგახსენებთ, 2012 წლამდე, როცა ეს სისტემური უმძიმესი პრაქტიკა იყო დანერგილი, მაშინ, ერთი, რომ უსმენდნენ და მერე ამას პრაქტიკაშიც იყენებდნენ ადამიანების წინააღმდეგ. სწორედ, ასეთი ფორმით მოქმედებდა მაშინ რეპრესიული რეჟიმი. სწორედ ეს რეპრესიული რეჟიმი დამთავრდა და ჩვენ ეს სისტემური მოსმენა არაფერში გვჭირდება, რადგან რეპრესიული რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ არ გვაქვს. როცა ვიღაცები პარალელს ავლებენ, ეს ცარიელი სპეკულაციაა. როცა ამას რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, გასაგებია, როცა პრეზიდენტი ამას უერთდება, გასაგებია, რომ მას იგივე დღის წესრიგი ამოძრავებს, რაც რადიკალურ ოპოზიციას“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, სურს თუ არა, რომ მას შეხვედრაზე ან გადაწყვეტილების მიღებისას უსმენდნენ, კობახიძე პასუხობს, რომ „უკანონო მოსმენები არ მოსწონს“.

„თქვენ გაინტერესებთ უკანონო მოსმენას ვემხრობი თუ არა? რა თქმა უნდა, არა. რა კითხვას სვამთ, თქვენ მეკითხებით მომწონს თუ არა, უკანონო მოსმენა, რა თქმა უნდა, არ მომწონს, დამთავრდა, წერტილი, მორჩა“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ მას არ უსმენენ, კობახიძე ასე პასუხობს:

„მე ასე მგონია, როგორ შეიძლება რამეში იყო ამ სამყაროში დარწმუნებული“.