ავტორი:

"მიყვარს თბილისი. აქ საკმაოდ ხშირად მოვდივარ. აქ არის მამაჩემის ძეგლი" - ქსენია სობჩაკი საქართველოშია

"მიყვარს თბილისი. აქ საკმაოდ ხშირად მოვდივარ. აქ არის მამაჩემის ძეგლი" - ქსენია სობჩაკი საქართველოშია

ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი საქართველოშია. მისი თქმით, ის ქვეყანაში "პირადი ვიზიტით" იმყოფება. ტელეკომპანია "ფორმულასთან“ საუბრისას სობჩაკი აცხადებს, რომ ის საქართველოში ხშირად ჩამოდის. როგორც ირკვევა, ის საქართველოში კერძო ვიზიტით ერევნიდან ჩამოფრინდა.

"მიყვარს თბილისი. აქ საკმაოდ ხშირად მოვდივარ. აქ არის მამაჩემის ძეგლი. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთის მოქალაქეებს უარს ეუბნებინა საქართველოში შემოსვლაზე, ვიცი, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა აქ არ შემოუშვეს, მათ შორის ტელეკომპანია "დოჟდის“ ჟურნალისტი მიხაილ ფიშმანი. არ ვიცი, რატომ უთხრეს მას უარი. არიან ისეთები, რომლებსაც უპრობლემოდ უშვებენ. საქართველო სუვერენული ქვეყანაა. ასეთი გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერი ქვეყნის უფლებაა. საზღვარზე არანაირი პრობლემა არ მქონია“, - განაცხადა სობჩაკმა.

რამდენიმე დღის წინ, სობჩაკმა Bloody Lady Telegram-ის არხზე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ამოწმებენ შერჩევით თბილისის აეროპორტში რუსული პასპორტის მქონე მოქალაქეებს.

ჟურნალისტის თქმით, საქართველოში ჩამოსვლისთანავე რუსები "გაყავთ“ ცალკე ოთახში, სადაც სამი ძალიან ინტელექტუალური ადამიანი ზის. სობჩაკმა აღნიშნა, რომ ეს წარმომადგენლები არიან არა ქართველები, არამედ კარგი ინგლისურის მცოდნე ადამიანები, ვისთვისაც ეს ენა აშკარად მშობლიურია. ეს ხალხი ძალიან დეტალურ კითხვებს სვამს: საიდან მოდის ადამიანი, სად მიდის, სად ცხოვრობს რუსეთში, სად იცხოვრებს საქართველოში, რა არის მისი სამუშაო და რა შემოსავალი აქვს.

"ალბათ, შეგიძლიათ უარი თქვათ ამ სოციოლოგიურ კვლევაზე, მაგრამ შემდეგ ქვეყანაში არ შეგიშვებენ...“ - ამბობს სობჩაკი.

როგორ ჩანს, თავად არ "დაკითხეს“ ან ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, რადგან სობჩაკმა საქართველოს საზღვარი დაუბრკოლებლად გადაკვეთა, განსხვავებით ზოგიერთი რუსი ჟურნალისტისგან, რომლებსაც შესვლის პრობლემა ექმნებათ.