ავტორი:

"ირანი სომხეთს ეუბნება, თუ თქვენ ზანგეზურის კორიდორისთვის იბრძოლებთ, თქვენთან ვართ და თქვენს გვერდით ვიბრძოლებთო" - სომეხი პოლიტოლოგი: რას წარმოადგენს ეს კორიდორი და რას ითხოვს აზერბაიჯანი?

"ირანი სომხეთს ეუბნება, თუ თქვენ ზანგეზურის კორიდორისთვის იბრძოლებთ, თქვენთან ვართ და თქვენს გვერდით ვიბრძოლებთო" - სომეხი პოლიტოლოგი: რას წარმოადგენს ეს კორიდორი და რას ითხოვს აზერბაიჯანი?

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებული სამხედრო კონფლიქტის მიზეზებსა და იმაზე, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები აზერბაიჯან-სომხეთს შორის, მათ შორის სომხეთში, ერევანში ფაშინიანის წინააღმდეგ დაწყებული აქციების შემდეგ, "ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეფან გრიგორიანს ესაუბრა.

- ბატონო სტეფან, წესით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების ვითარებებზე უნდა დაგვეწყო საუბარი, მაგრამ რადგან ახლა არანაკლებ აქტუალური საკითხია პრემიერ ფაშინიანის განცხადება, შემდეგ ამ განცხადების უარყოფა, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაციები ვრცელდება, უმჯობესი იქნება თუ ამ თემით დავიწყებთ საუბარს. რა განაცხადა ფაშინიანმა და რა გახდა მიზეზი იმისა, რომ ამ განცხადების შემდეგ ერევანში მრავალათასიანი მიტინგები დაიწყო ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით?

- ყველასათვის ცნობილია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო ომი სომხეთმა და ყარაბაღმა წააგო, რამაც საკმაოდ გაართულა ვითარება სომხეთის შიდა პოლიტიკაში. 2020 წლის ომის შემდეგ მთელი 2021 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი თავისი სამხედრო ძალებით ცდილობდა სომხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიმართულებით პოზიციების დაკავებას.

ამ პროცესების ფონზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თითქოს იყო პოზიტიური დინამიკა, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც გაიმართა, რომლებმაც ორ ქვეყანას შორის შეთანხმების დოკუმენტზე დაიწყეს მუშაობა ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს მონაწილეობით, მაგრამ აზერბაიჯანი ულტიმატიურად ითხოვდა სომხეთისაგან არა მხოლოდ ყარაბაღის სტატუსზე უარის თქმას, არამედ ისეთ საკითხებში დათმობებს, რომელიც ლაჩინის კორიდორსა და ასევე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის საკითხებს უკავშირდება.

გასაგებია, რომ აზერბაიჯანი ომში გამარჯვებული მხარეა, მას ეხმარება თურქეთი, რბილად რომ ვთქვათ, რუსეთმა მხარი არ დაუჭირა სომხეთს. მეტიც, მოსკოვი ახლა აქტიურად და კოორდინირებულად მუშაობს აზერბაიჯანთან. სომხეთი რეგიონში მარტოა დარჩენილი, ამან განაპირობა ის, რომ აზერბაიჯანი ახლა კიდევ უფრო აქტიურად მოქმედებს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ძალისმიერი მეთოდებით გადასაწყვეტად. ამ პროცესების ფონზე აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებებით შეძლო სომხეთის ტერიტორიაზე პოზიციების დაკავება.

- რა ტერიტორიები დაიკავა აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიაზე?

- მე იმას გეტყვით, რაც პრემიერმა ფაშინიანმა გუშინ საღამოს ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრაზე თქვა. პრემიერმა ჩვენთან და პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიის 11 კილომეტრი დაიკავა.

მათ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის გასწვრივ მნიშვნელოვანი სიმაღლეები და საგუშაგოები დაიკავეს. ცეცხლს უხსნიან სომხურ პოზიციებს. ამას უკვე ადასტურებს აშშ, კანადის, ევროკავშირის განცხადებებიც. სიტუაცია მართლაც კრიტიკულია. ყველა ითხოვს აზერბაიჯანისგან ცეცხლის შეწყვეტას.

- რის მიღწევას ცდილობს აზერბაიჯანი ამ სიმაღლეების დაკავებით?

- აზერბაიჯანს სურს ერევანმა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც რუსეთის შუამავლობით მზადდებოდა. საუბარია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე. სომხეთი ამ შეთანხმების ორ პუნქტს არ თანხმდება. ამ შეთანხმებაში საუბარი იყოს ყარაბაღზე, იმაზე, რომ მხარეები ყარაბაღის სტატუსის საკითხს სამომავლოდ გადადებენ. სომხეთის ხელისუფლების მტკიცებით, ერევნის ეს წინადადება ბაქომ თავიდან მიიღო, შემდეგ კი, სამხედრო დაპირისპირების დაწყების წინ უარი თქვა.

კიდევ არის ერთი პუნქტი, რომელზეც ერევანი და ბაქო ვერ თანხმდებიან, გახლავთ ზანგეზურის კორიდორი, რომელიც აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს ხმელეთით დაუკავშირდეს ნახჭევანსა და თურქეთს. საუბარია სომხეთის ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქ მეღრიზე გამავალ გზაზე, რომელიც სომხეთ-ირანის საზღვარზე მდებარეობს.

ამ საკითხში სომხეთის პოზიცია ასეთია - კი ბატონო იარსებოს კორიდორმა აზერბაიჯანსა და ნახჭევან-თურქეთს შორის, მაგრამ მასზე კონტროლი სომხეთს უნდა ჰქონდეს. ამ გზაზე არსებობს სახმელეთო და სარკინიგზო კორიდორი, რომელიც ქალაქ მეღრიზდე გადის.

აზერბაიჯანი ამ კორიდორს ზანგეზურის კორიდორს ეძახის და არ თანხმდება მასზე სომხეთის კონტროლს. ეს გახლავთ ის პუნქტი, რომელსაც პრემიერი ფაშინიანი და მისი ხელისუფლება არ თანხმდება. არ თანხმდება იმის გამო, რომ ასეთ შემთხვევაში სომხეთი სახმელეთო კავშირს დაკარგავს ირანთან.

- რაც შეეხება პრემიერ ფაშინიანის განცხადებას, ამაზე რას გვეტყვით?

- ვიდრე პრემიერის განცხადებაზე გეტყვით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ახლა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს იმის გამო, რომ სომხეთს არ უნდა ზანგეზურის კორიდორზე კონტროლი აზერბაიჯანის ხელში გადავიდეს. სომხეთი მზადაა ხელი შეუწყოს აზერბაიჯანსა და თურქეთს ერთმანეთთან ჰქონდეთ სახმელეთო კომუნიკაციის საშუალება, მაგრამ არ უნდა მის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებს, ვთქვათ რუსეთს, ან კიდევ სხვას ჰქონდეს კონტროლის საშუალება.

რაც შეეხება ფაშინიანის განცხადებას. გუშინ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა ამ თემებზე. მის გამოსვლაში იყო ელემენტები, რომ სომხეთმა ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოაწერა. არადა, ის ამ საკითხებზე მსჯელობდა, მაგრამ ხალხმა აღიქვა, რომ მას უკვე ჰქონდა შეთანხმებაზე ხელი მოწერილი. გააგრძელეთ კითხვა

ავტორი: კობა ბენდელიანი