ავტორი:

სომხეთის პარლამენტთან შეკრებილები ეროვნული დაუმორჩილებლობის აქციებს აანონსებენ

სომხეთის პარლამენტთან შეკრებილები ეროვნული დაუმორჩილებლობის აქციებს აანონსებენ

სომხეთის ეროვნული ასამბლეის შენობასთან ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია კვლავ იმართება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მონაწილეები ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის საკითხში "მოღალატურ პოლიტიკასა და აზერბაიჯანთან მონობის დოკუმენტზე ხელმოწერის განზრახვაში ადანაშაულებენ“.

აქციაზე საზოგადო და პოლიტიკურმა მოღვაწემ, არცახის გარდაცვლილი გმირის, კარინ ტონოიანის დედამ განაცხადა, რომ აუცილებელია დაუმორჩილებლობის სადღეღამისო აქციების დაწყება.

მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ხვალ 08:30 საათზე რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ.

"ჩვენ დავბლოკავთ მთავრობის შენობას, ეროვნულ ასამბლეას, პროკურატურას, ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც ინარჩუნებს ამ პრინცს, ამ მარიონეტებს ხელისუფლებაში“, - აღნიშნა ტონოიანმა.

მანვე განაცხადა, რომ ეს ტრიბუნა სხვისი საკუთრება არ არის და გამოსვლები იმის შესახებ, თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს ოპოზიციურ მოძრაობას, სრულიად უადგილოა.

მისი თქმით, მოძრაობის ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირების ნებისმიერი მცდელობა განწირულია მარცხისთვის.

ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციები სომხეთში 14 სექტემბერს განახლდა.