ავტორი:

"იფუშება უკრაინაში მარცხის კვალდაკვალ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი. ერდოღანი და ალიევი კი სხედან უსტაბაშებივით" -  ფოტო "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტიდან

"იფუშება უკრაინაში მარცხის კვალდაკვალ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი. ერდოღანი და ალიევი კი სხედან უსტაბაშებივით" -  ფოტო "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტიდან

15-16 სექტემბერს, უზბეკეთში "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" სამიტი იმართება, მასში მონაწილეობის მისაღებად სამარყანდში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინიც ჩავიდნენ. პირველი სამუშაო დღის ბოლოს გავრცელდა ფოტო, რომელზეც ორგანიზაციის წევრი თუ სტუმარი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური ვახშამია აღბეჭდილი, რომლის თაობაზეც პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი წერს:

"ნახევარი წლის წინ ერდოღანივით პუტინი იჯდა ხოლმე, გახსოვთ ალბათ. იფუშება უკრაინაში მარცხის კვალდაკვალ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი. ერდოღანი და ალიევი კი სხედან უსტაბაშებივით. ასეა, დრონი მეფობენ... ხარბი და გაუმაძღარი არ უნდა იყო კაცი..."

ფოტოზე არ ჩანს ჩინეთის ლიდერი, გავრცელებული ინფორმაციით, ის ვახშამს კოვიდ შეზღუდვების გამო არ დაესწრო. მოგეხსენებათ, ჩინეთში კვლავაც მკაცრი კოვიდ რეგულაციებია დაწესებული.

"შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“ 2001 წელს, დასავლეთის საერთაშორისო ორგანიზაციების საპირწონედ შეიქმნა. მასში ჩინეთთან და რუსეთთან ერთად, გაერთიანებული არიან: ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, ასევე პაკისტანი და ინდოეთი. მეთვალყურის სტატუსი აქვთ: ირანს, ავღანეთს, ბელარუსსა და მონღოლეთს. პარტნიორ ქვეყნებად მიიჩნევიან: აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი, თურქეთი და შრი-ლანკა. ამჯერად სამიტს სტუმრის სტატუსით ესწრებიან თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები.