ავტორი:

ვახტანგ ხელაშვილი - ამერიკელ კოლეგებთან ჩვენი ურთიერთობა არ შემწყდარა, მათი მხრიდან დახმარება დღემდე გრძელდება

ვახტანგ ხელაშვილი - ამერიკელ კოლეგებთან ჩვენი ურთიერთობა არ შემწყდარა, მათი მხრიდან დახმარება დღემდე გრძელდება

იმ დღიდან დაწყებული, ამერიკელ კოლეგებთან ჩვენი ურთიერთობა არ შემწყდარა, მხოლოდ და მხოლოდ ღრმავდება და მათი მხრიდან დახმარება დღემდე გრძელდება, ის ხალხი, ვინც მაშინ ჩვენ გვერდით იდგა, დღესაც აგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას, - აცხადებს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმი ვახტანგ ხელაშვილი.

16 სექტემბერს ჯო ენის საუნივერსიტეტო კლინიკის 26 წლის იუბილეა, რომელიც 1996 წლის 16 სექტემბერს დაფუძნდა, როგორც ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულება, რაც იმ დროისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დაარსება ჯო ენ მაკგოვენის სახელთანაა დაკავშირებული. 1988 წელს სანქტ-პეტერბურგში კინოფესტივალზე ყოფნისას ჯო ენმა, რომელიც ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, თარჯიმანი გაიცნო, რომლის შვილსაც გულის მანკი ჰქონდა. რადგანაც სანქ-პეტერბურგში გულის მანკის მკურნალობა შეუძლებელი იყო, მაკგოვენმა გოგონა სამშობლოში წაიყვანა სამკურნალოდ და აშშ-ში ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შემდეგ სანქტ-პეტერბურგში კარდიოქირურგიული კლინიკის დაარსება გადაწყვიტა. 1989 წელს ჯო ენი ქირურგებთან ერთად საბჭოთა კავშირში დაბრუნდა და სანქტ-პეტერბურგის N1 საბავშვო ჰოსპიტალში გულის თანდაყოლილ დაავადებათა მქონე ბავშვების სამკურნალო ინტენსიური პროგრამა დანერგა.

ჯო ენ მაკგოვენმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის სისტემის შექმნაში. აშშ-ში ქართველ ექიმ ირაკლი მეტრეველთან შეხვედრის შემდეგ, ჯო ენმა სანქტ-პეტერბურგში უკვე მოქმედი ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრის ანალოგის საქართველოში დაარსების სურვილი გამოთქვა და მეორე არაკომერციული ორგანიზაცია „Global Healing“ დააფუძნა.

ჯო ენ მაკგოვენი საქართველოში ბავშვთა კარდიოლოგიისა და გულის ქირურგიის კლინიკის გახსნიდან ზუსტად ერთ კვირაში, 1996 წლის 23 სექტემბერს, სანქტ-პეტერბურგში, მის მიერვე დაფუძნებულ კლინიკაში, გულის ინსულტით გარდაიცვალა.

ჯერ კიდევ მაშინ, 1996 წელს ჰოსპიტალი საქართველოში აღჭურვილი იყო უმაღლესი სტანდარტების თანამედროვე აპარატურით, რასაც საინტერესო ისტორია აქვს - 1996 წლის 8 აგვისტოს საქართველოში პირველი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოფრინდა აშშ-დან, რომელმაც ჯო ენის სამედიცინო ცენტრისთვის ის სამედიცინო აპარატურა ჩამოიტანა, რომელსაც საქართველოში გულის მანკით დაავადებული ბავშვები უნდა განეკურნა და მას შემდეგ, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, კვალიფიციური ექიმების წყალობით, წარმატებით ახორციელებს გულის პრობლემებთან დაკავშირებულ ყველანაირი სახის ოპერაციას (გარდა გულის გადანერგვისა).

ბატონი ვახტანგ ხელაშვილი იმ ექიმთაგანია, რომელიც ჯოენში დაარსების დღიდან მუშაობს. იგი ჩვენთან საუბარში 1990-იანი წლების რთულ პერიოდს, კლინიკის დაარსების დეტალებს იხსენებს და უახლოესი გეგმების შესახებაც გვესაუბრება, რაც მის პედაგოგიურ საქმიანობას უკავშირდება.

- ბატონო ვახტანგ, 16 სექტემბერს ჯოენის კლინიკის დაარსებიდან 26 წელი სრულდება. თქვენ თავიდანვე იყავით ჩართული ამ პროცესში, იმ გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელი ხართ, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა და პირველი ნაბიჯები გადადგა ამ დიდი საქმის განვითარების გზაზე.

როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს, როგორ დაიწყო ყველაფერი და რას ნიშნავდა იმ დროს, ჯოენის სამედიცინო ცენტრის დაფუძნება?

- როგორც იცით, ჯოენის სამედიცინო ცენტრი 1996 წელს შეიქმნა, ძალიან მძიმე პერიოდში და წარმოიდგინეთ, რა დიდი მოვლენაა, როცა ასეთ პირობებში ხდება ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის საქართველოში ჩამოფრენა, რომელიც სრულად იყო დატვირთული იმ აღჭურვილობით, რაც გულის ქირურგიის ცენტრის შექმნისათვის იყო საჭირო. ეს უდიდესი დახმარება იყო, არამხოლოდ მატერიალური, არამედ, მორალური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისა და ჯოენის გუნდისათვის.

იმ დღიდან დაწყებული, ამერიკელ კოლეგებთან ჩვენი ურთიერთობა არ შემწყდარა, მხოლოდ და მხოლოდ ღრმავდება და მათი მხრიდან დახმარება დღემდე გრძელდება, ის ხალხი, ვინც მაშინ ჩვენ გვერდით იდგა, დღესაც აგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას. როცა საჭიროა, მათთან ჩავდივართ კიდეც და გამოცდილებას გვიზიარებენ, მათგან კიდევ ბევრ რამეს ვსწავლობთ.

ის თანამშრომლობა, რომელსაც 1996 წელს ქალბატონ ჯოენის მიერ ჩაეყარა საფუძველი, დღემდე გრძელდება. ჩვენი კლინიკის განვითარებაში ამერიკული მხარის უდიდესი როლია. ამერიკელი კოლეგები გვასწავლიდნენ ყველაფერს აქაც და აშშ-ის კლინიკებშიც.

რაც შეეხება ამ შენობას, თავდაპირველად, ყველაფერი დანგრეული იყო, აგურ-აგურ ვაშენეთ ყველაფერი. ის, რასაც თქვენ დღეს ხედავთ, 1996 წელს მძიმე მდგომარეობაში არსებული განყოფილება იყო. ნულიდან, პირველი აგურიდან დაწყებული ჩვენი ხელით გავაკეთეთ ყველაფერი ექიმებმა. დამხმარე პერსონალის - მუშების აყვანის საშუალება არ იყო. ბევრი რამის ზიდვა ჩვენ თვითონ გვიწევდა, თუმცა, მოტივაცია და შემართება იმდენად მაღალი იყო, დაღლას ვერ ვგრძნობდით.

- ქალბატონი ჯოენი როგორ გაიცანით?

- ის შესანიშნავი პიროვნება იყო და მის მიმართ მხოლოდ თბილი გრძნობები გამაჩნია, იმდენად დადებითი და ყურადღებიანი პიროვნება იყო. როცა აშშ-ში, პეტერბურგში გამოცდილების მისაღებად დავდიოდით, სერიოზულად გვიჭერდა მხარს და ისეთი საიმედო პატრონი გვყავდა, რომელიც გარეთ არ დაგვტოვებდა. ბინის ქირასაც კი, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, ის უზრუნველყოფდა.

- იმ რთულ დროს, რა მნიშვნელობის იყო საქართველოში ჯოენის სამედიცინო ცენტრის დაფუძნება? რამდენად ხშირი იყო ავადობა პაციენტებში?

- მინდა მოგახსენოთ, რომ გულის თანდაყოლილი მანკების კორექცია საქართველოში მაშინ საერთოდ არ ხდებოდა. ადეკვატურად დიაგნოზის დასმაც კი ვერ ხერხდებოდა. აქედან გამომდინარე, ვერც შესაბამისი მკურნალობა ტარდებოდა.

ჩემი თაობის ხალხს კარგად ახსოვს, თუ რა რთული პერიოდი იყო, 1990-იანი წლები და კარდიო-ქირურგიული კლინიკის გახსნა საქართველოში, ძნელი დასაჯერებელი და ოცნების ტოლფასი იყო. თუმცა შესანიშნავი გუნდი შეიკრა ამ ადამიანების თაოსნობით - ირაკლი მეტრეველი, ავთო ცინცაძე, მერაბ თევზაძე, ვახტანგ ლაშხია და სხვები. ამ ხალხისა და იდეის გარშემო მოხდა საკმაოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გაერთიანება და ძლიერი, ერთსულოვანი კოლექტივი შედგა. ეს იყო ის ფაქტორი, რამაც წარმატება განაპირობა იმ რთულ პერიოდში.

დღესდღეობით, ეს საქმე ძალიან წინ წავიდა და იმ დროს რომ გადავხედოთ, ზოგჯერ მე თვითონაც მიკვირს, ასე როგორ განვითარდა ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ეს იმ გუნდის შემართების შედეგია, რომელიც მაშინ ჩვენი სამედიცინო ცენტრის სათავეში იყო.

- აღნიშნეთ, რომ ამერიკელ კოლეგებთან მჭიდრო კავშირითა და თანამშრომლობით, ბევრი რამ შეისწავლეთ. როგორი იყო თქვენი მაშინდელი შთაბეჭდილებები, როდესაც გაღატაკებული საქართველოდან სრულიად სხვა რეალობაში აღმოჩნდით?

- შედარებაც შეუძლებელია, იმდენად დიდი იყო განსხვავება. იყო არაფერი და იყო ის, რისკენაც მიისწრაფვი. ნულიდან, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით წინ და ამ ყველაფერს ბევრი წელი დასჭირდა, მაგრამ როცა ხედავ, რომ დადებითი დინამიკაა, ეს შენც ძალას გმატებს და მეტი შემართებით ხარ, მეტი გამოწვევისთვის ხარ მზად. როცა პოზიტიური პროცესები აღარ არის, სტაგნაცია, უკუსვლა იწყება, ეს გარდაუვალია. ამიტომ, სიფრთხილით და უნდა იმოქმედო.

მაგალითად, ახლა, თითქოს ხომ უკეთესი პირობებია, მაგრამ ეს სფერო სახელმწიფოს მხრიდან მეტ მხარდაჭერას საჭიროებს. მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმ ურთულესი პირობებისა, რაც მაშინ იყო, ჩვენ სერიოზული მხარდაჭერა გვქონდა მაშინდელი სახელმწიფოს მეთაურებისგან. პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო, ჯანდაცვის მინისტრი კი - ავთანდილ ჯორბენაძე და რომ არა მათი, სახელმწიფოს მხარდაჭერა, მიუხედავად ამერიკელი კოლეგების დახმარებისა, ჩვენი მცდელობები ასეთ მყარ შედეგებს ვერ გამოიღებდა.

- როგორი იყო ამ ყველაფერში ედუარდ შევარდნაძის როლი და როგორ მოახერხა თქვენმა გუნდმა სახელმწიფოსგან ამ დონის მხარდაჭერის მიღება? რით შეძლო მათი დაინტერესება?

- ეს, რა თქმა უნდა, ერთ და ორ დღეში არ მომხდარა, ბიზნესგეგმის წარდგენა იყო საჭირო, მუდმივი სამუშაო პროცესი და შეხვედრები მიმდინარეობდა, საბოლოო ჯამში, დარწმუნდნენ, რომ ეს გუნდი მართლაც საქმის გამკეთებელი იყო. მაშინ ყველა ძალიან ახალგაზრდები და მონდომებულები ვიყავით...

სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, აღნიშნული მაღალტექნოლოგიური და ძვირადღირებული პროექტების არსებობა შეუძლებელია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო.

- ამ გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ, ჯოენი ერთგვარი ტრამპლინი იყო თქვენი სამედიცინო საქმიანობის შემდგომი განვითარებისთვის?

- დიახ, რა თქმა უნდა. სულ სხვა მიმართულებით ვაპირებდი მუშაობას, თეორიულადაც არ განვიხილავდი, რომ ბავშვთა კარდიოლოგიით დავკავდებოდი. ცხადია, ჩემი არჩევანით კმაყოფილი ვარ.

- სად მუშაობდით მანამდე?

- მოზრდილთა კარდიოლოგიაში. შემდეგ კი, მერაბ თევზაძემ და ირაკლი მეტრეველმა თანამშრომლობა შემომთავაზეს და მათი მოწვევით შემოვრჩი ამ საქმეს, მედიცინის ამ მიმართულებას, რაზეც მანამდე თეორიულადაც არ მიფიქრია, გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ვმუშაობდი.

- დღევანდელობას და იმ დროს თუ შევადარებთ, ძალიან დიდი ტექნოლოგიური პროგრესია, თუმცა, კვალიფიციურ სპეციალისტებს სწორად შერჩევა უნდა, პაციენტები ყველა კლინიკას თუ ექიმს არ ენდობიან... აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო ისიც, თუ როგორ მიიღებდა საზოგადოება ჯოენის კლინიკის მიერ დანერგილ სიახლეებს, რამდენად გენდობოდათ და გამოგყვებოდათ. ცნობიერების ამაღლება და მეტი პაციენტის მოზიდვა, მათი ნდობის მოპოვება და გამართლება როგორ ხდებოდა ეტაპობრივად?

- იმ პერიოდში, სიტუაცია ცოტა განსხვავებული იყო იმ მხრივ, რომ ამდენი კლინიკა არ არსებობდა, მით უმეტეს, კარდიოლოგიური. გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგია საქართველოში მაშინ საერთოდ არ ხდებოდა. აქედან გამომდინარე, ბავშვები, სამწუხაროდ, იღუპებოდნენ. როგორც აღვნიშნე, დიაგნოზი ვერ ისმებოდა და შესაბამისად, მკურნალობაც ვერ ხდებოდა, რადგან როცა დიაგნოზი არ იცი, პაციენტს სხვაგანაც ვერ გაუშვებ სამკურნალოდ...

მერე უკვე, ქირურგიასთან და რეანიმაციასთან ერთად, კარდიოლოგიური სამსახურის განვითარება და სერვისის შეთავაზება გახდა შესაძლებელი. თავიდან, ეს ჩვენი ამერიკელი კოლეგების ჩამოსვლის პერიოდს ემთხვეოდა - წელიწადში ორჯერ, ისინი აქ აკეთებდნენ ოპერაციებს, მერე კი ნელ-ნელა ისე მოგვამზადეს, რომ ჩვენმა ქირურგებმა თვითონ დაიწყეს ოპერაციების კეთება, დიდი წარმატებით გააგრძელეს და განავრცეს ეს საქმე. დღესდღეობით შესანიშნავი შედეგები აქვთ. თუკი რაიმე სირთულის ოპერაცია არსებობს, ყველაფერია გაკეთებული ჯოენის ცენტრში, გულის გადანერგვის გარდა.

- ჯოენში ჩატარებული პირველი ოპერაცია თუ გახსოვთ? რა ემოცია იყო თქვენთვის?

- დიახ, კარგად მახსოვს ის დღე, ჩავატარეთ ღია არტერიული სადინარის ქირურგიული კორექცია. შედეგი მშვენიერი იყო. ემოციების დრო არ გვქონდა, საკმაოდ დაძაბულები ვიყავით და სრულად იმის აღქმა, გააზრება, თუ რამ როგორ ჩაიარა, უკვე მერე მოხდა, როცა უკვე წლები გავიდა და რეტროსპექტიულად გადავხედეთ.

პირველი ოპერაციები, როგორც წესი, დიდი სირთულით არ გამოირჩევა, რადგან შედარებით მარტივი პრობლემით იწყებ.

რა თქმა უნდა, ყოველთვისაა ისეთი შედეგებიც, რომელიც არ გინდა, არ გაკმაყოფილებს, მაგრამ ეს სამედიცინო საქმიანობის, სამუშაო პროცესის ჩვეულებრივი ნაწილია.

- ბევრი პაციენტი გყავთ მცირე ასაკის, რომლებიც დღეს უკვე დიდები არიან. როგორი განწყობაა ექიმისთვის წლების შემდეგ მათი ნახვა?

- ეს არის ალბათ, სწორედ ის სტიმული, რაც ძალას გაძლევს, რომ ეს რთული საქმე გააგრძელო. ის, რომ ბევრ პაციენტს არამხოლოდ სიცოცხლე, ცხოვრების ხარისხიც გაუუმჯობესე, ეს ბევრს ნიშნავს. ისინი დღეს სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ და მე ეს მიხარია.

- თქვენ მკურნალობის ინოვაციური მეთოდების შემომტანი იყავით საქართველოში..

- რადგან გულის თანდაყოლილი მანკების ინტერვენციული კარდიოლოგია 1990-იან წლებში აქ არ იყო, ეს საქმეც ნულიდან იყო დასაწყები. ამერიკელი კოლეგების უდიდესი მხარდაჭერით, მოხდა ის, რომ საქართველოში ეს პროგრამაც წარმატებით დაიწყო, განხორციელდა და დღემდე გრძელდება.

გამოცდილების და განათლების მიღების გარეშე განვითარება შეუძლებელია. ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ, ამ ყველაფერში დიდი როლი უჭირავს თვითონ კლინიკის პოზიციას. კლინიკა უნდა იყოს ორიენტირებული და მოტივირებული, რომ ინოვაციები შემოიტანოს, რაც მატერიალურად ყოველთვის მომგებიანი არ არის, მაგრამ პაციენტისთვის აუცილებელია.

- ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი დღეს რამდენად ზრუნავს თავისი კადრების აღზრდასა და განვითარებაზე? რამდენად უწყობს ფეხს მსოფლიოში მიმდინარე სიახლეებს?

- სურვილი მაქვს, ბევრად უფრო წინ ვიყოთ და ამისთვის ყველაფერს აკეთებს ჩვენი კლინიკის გუნდი. მნიშვნელოვანია, რომ ჯოენი საუნივერსიტეტო ჰოსპიტლად გადაკეთდა - მას შემდეგ, რაც ჩვენი ცენტრი ევროპის უნივერსიტეტმა შეიძინა, სერიოზული წინსვლა დაიწყო. მგონია, რომ ეს დადებითი დინამიკა შენარჩუნდება და მომავალს ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ.

- თქვენ, როგორც გამოცდილი ექიმი, რა პოტენციალს ხედავთ მომავალი თაობის მედიკოსებში? რამდენად დიდია მათი ინტერესი თავიანთი საქმის მიმართ?

- ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, მაგრამ დღესდღეობით, საქართველოს მედიცინის მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრს ამ სფეროში მუშაობა აღარ უნდა. ვინაიდან, საკმაოდ პრობლემური სპეციალობა ხდება - არასათანადო და არასტაბილური ანაზღაურებაა, სამუშაო ადგილები და კლინიკების ტექნიკური აღჭურვილობა მაინც და მაინც სათანადო დონეზე არ არის, მსოფლიო ტენდენციებს ცოტა ჩამორჩება; აპარატურა, რომელიც უშუალოდ კარდიო-ქირურგიაში გამოიყენება, საკმაოდ ძვირადღირებულია, თანაც ბევრი ჰოსპიტლის არსებობის პირობებში, როცა პაციენტები ასე გაფანტულია, თვითღირებულების დაფარვას ბევრი წელი სჭირდება. რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის ამ დარგის განვითარებას. ასე რომ, პრობლემა ერთი მეორეზე მიბმულია.

ნებისმიერი დარგი რაც უფრო პერსპექტიულია, რაც უფრო განვითარებული და სტაბილურია, ცხადია, მეტი ახალგაზრდა მოვა. მათი ქვეყნიდან გადინებაც არ უნდა ხდებოდეს.

- თქვენს პედაგოგიურ საქმიანობაზეც გვიამბეთ, რომელსაც უახლოეს პერიოდში შეუდგებით.

- პედაგოგიური საქმიანობა აქამდე არ მიცდია, ეს ჩემი პირველი მცდელობა იქნება და ვნახოთ, რა გამოვა. მე დადებითად ვარ განწყობილი და მთავარია, სტუდენტებს გამოადგეთ ის ცოდნა, რასაც მე გადავცემ. მე მათ კლინიკური კარდიოლოგია უნდა ვასწავლო.

ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, ბოლო პერიოდში, მჭიდრო ურთიერთობა აქვს ევროპის უნივერსიტეტთან, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ კურსდამთავრებულები დიდ გამოცდილებას და ცოდნას მიიღებენ. ვიმედოვნებ, ამ ცენტრში ახალგაზრდა, საუკეთესო კადრების აკუმულირება მოხერხდება. ამ თაობამ ეს საქმე უნდა გააგრძელოს და ესტაფეტა მათ უნდა გადავცეთ.

- და ბოლოს, რატომ უნდა მოვიდეს პაციენტი ჯოენში?

- ჯოენი შედგება საკმაოდ მოტივირებული და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან, ჩვენს ცენტრს დიდი გამოცდილება გააჩნია გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის ასპექტში. დაწყებულია და გრძელდება მეტი ახალი აპარატურისა და აღჭურვილობის შეძენა, რაც წინ წასწევს როგორც დიაგნოსტიკის, ისე მკურნალობის საკითხებს. ასე რომ, ჯოენი და მისი გუნდი ყველანაირად მზად ვართ პაციენტს კარგად ვუმკურნალოთ.