ავტორი:

გაიცანით BTU-ს სტუდენტი, რომლის სამეცნიერო ნაშრომები გერმანიის, კორეისა და ისრაელის სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნდა

გაიცანით BTU-ს სტუდენტი, რომლის სამეცნიერო ნაშრომები გერმანიის, კორეისა და ისრაელის სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნდა

21 წლის ლუკა ბაკლაგა „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტია, რომლის კვლევებმაც გერმანიის, ისრაელისა და კორეის სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება უკვე მიიქცია.

მისი სამეცნიერო ნაშრომები ავტორიტეტულ ჟურნალებში დაიბეჭდა და გაცნობით შეხვედრაზე მიიწვიეს გერმანიის ატომურ კვლევით ცენტრში, სადაც სამომავლოდ თანამშრომლობის შეთავაზებაც მიიღო. ლუკა უნივერსიტეტში ფინანსებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებაზე სწავლობს, ბავშვობიდან დაინტერესებულია STEM-ითა და ფიზიკა-მათემატიკით. მისი სამეცნიერო ნაშრომები უკავშირდება ხელოვნურ ინტელექტსა და რობოტებს, მათს სამომავლო განვითარებას.

როგორ მოხვდა ლუკას ნაშრომები „ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის“, ასევე ისრაელისა და კორეის სახელმწიფო უნივერსიტეტების სამეცნიერო ჟურნალებში, რა მიგნებები გააკეთა მან და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს თავად უამბო:

როგორ დაიწყე პირველ სამეცნიერო ნაშრომებზე მუშაობა და რამ განაპირობა მისი საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა?

კვლევითი საქმიანობით გასულ წელს დავინტერესდი, რაშიც როლი „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა“ ითამაშა. BTU-ში ტარდებოდა სამეცნიერო კონფერენციები, რაშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას, შემდეგ კი უკვე დავიწყე „ოქსფორდის“, „კემბრიჯისა“ და სხვა უნივერსიტეტების ბაზებში არსებული სხვადასხვა მეცნიერის საინტერესო ნაშრომების მოძიება და გარკვეული შთაგონება მივიღე. ეს პროცესები საბოლოოდ საკუთარი ნაშრომის დაწერაში დამეხმარა.

პირველი თემის იდეა კვანტური ფიზიკის შესახებ წიგნის წაკითხვის შემდეგ დამებადა. აღნიშნულ ნაშრომში - The study of quantum mechanics through Artificial intelligence and it's path to quantum integration, თეორიულად ასახულია კვანტური ფიზიკის მეშვეობით კვანტური ხელოვნური ინტელექტის მიღება, რაც მოლეკულურ დონეზე წინასწარმეტყველების საშუალებას გვაძლევს, რამაც შეიძლება რეალურად კაცობრიობას მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანოს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდა ნაშრომი „ჰაიდელბერგის უნივერსიტეტისა“ და კორეის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალებში, მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა კონფერენციაში, რის შემდეგაც ისინი თავად დამიკავშირდნენ და გამოქვეყნება შემომთავაზეს.

მე ვფიქრობ, რომ ჩემი ნაშრომების გამოქვეყნებით მოცემული შესაძლებლობა სამომავლოდ დამეხმარება ჩემი სამეცნიერო კარიერის განვითარებაში და გარკვეული წარმატების მიღწევაში.

რაც შეეხება ისრაელის აკადემიურ სამედიცინო/ტექნოლოგიურ ჟურნალში მეორე ნაშრომის გამოქვეყნებას, კონკრეტულად რის შესახებ არის ის?

ნაშრომის სახელწოდებაა „ავტონომიური რობოტები, რომლებიც ჰბაძავენ ადამიანებს და მათი აუცილებლობა ინდუსტრიულ რევოლუციაში“.

მოცემული ნაშრომის ფარგლებში შევქმენი ნეიროქსელების მაგალითი და დავუკავშირე ფიზიკურ რობოტს. ეს რობოტი კონკრეტულად ასახავს დარვინის რევოლუციურ მოდელს და ამტკიცებს დარვინის რევოლუციას. ფაქტობრივად, დავამტკიცე დარვინის თეორიის სიმართლე. მასში ჩანს, რომ ხელოვნურ ინტელექტს თვითგანვითარების საფუძველზე შეუძლია ადამიანს გადაასწროს აზროვნებაში, ტვინის უჯრედების გამრავლებაში.

აღნიშნული ნაშრომიც ჟურნალში სამეცნიერო კონფერენციის შემდეგ მოხვდა. კონფერენციას ესწრებოდა ისრაელის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი, რომელიც დაინტერესდა და აკადემიური ურთიერთობის გაგრძელება მთხოვა. შეთანხმების შემდეგ კი ნაშრომი ჟურნალში დაიბეჭდა.

ეს ჩემთვის მოტივაცია იყო, რომ ჩემი ნაშრომებით გარკვეულო შედეგი მოვუტანო კაცობრიობასა და მომავალ თაობას.

რატომ დაინტერესდი STEM მიმართულებით და როდის და როგორ დაიწყე მისი შესწავლა? რამდენად მოგამზადა მან კვლევითი საქმიანობის დასაწყებად?

STEM-ით ბავშვობაში დავინტერესდი, როცა ამერიკელი ფიზიკოსის რიჩარდ ფეინმანის წიგნი წავიკითხე. ფაქტობრივად, ამ წიგნმა დამანახა, რომ მეცნიერებით მსოფლიოს სილამაზეს ნახულობ. მაგალითად, თუ შევხედავთ მარტო ზღვას, უბრალო ადამიანი მხოლოდ ტალღებს დაინახავ, ხოლო მეცნიერულად უკვე ხედავ, რომ იქ არის ატომების შერწყმა, ასევე, რომ ქარი, რომელიც ქმნის ტალღებს, იმავენაირად ქმნის ნაპირს...

დავინტერესდი და დავიწყე წიგნების კითხვა, გარკვეულ კურსებზე სიარული, Youtube-ზე ვუყურებდი ვიდეოებს ფიზიკისა და მათემატიკის შესახებ, თუმცა ცოდნის მიღებაში წიგნები უფრო მეტად დამეხმარა.

როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ, წავიკითხო ფიზიკის, მათემატიკის ან ბიოლოგიის წიგნი, რომელიც დაკავშირებულია მეცნიერებასთან და განვითარებასთან.

ზოგადად, რატომ არის STEM-ი საინტერესო და როგორ ეხმარება ადამიანს განვითარებაში?

ჩემი აზრით, მთავარი რამ, რაც კაცობრიობასა და მომავალ თაობას ავითარებს, არის STEM მიმართულება. ჩემი აზრით STEM მიმართულება თავის მხრივაც ხელს უწყობს თვითგანვითარების პროცესს, იქნება ეს შემეცნებითი თუ მენტალური განვითარება. მეცნიერების შემეცნებით შენ ფაქტობრივად ხვდები, რატომ და რის გამო ცხოვრობ, როგორ მოძრაობს დედამიწა, რატომ ამოდის მზე და რატომ არის მთვარე...

უნივერსიტეტიც მეხმარება, ვისწავლო არა მხოლოდ ჩემი მიმართულების საგნები, არამედ ისეთიც, რაც მე მაინტერესებს, მაგალითად, გეოლოგია, რომელიც ჩემს ფაკულტეტზე შეიძლება არ იყოს, მაგრამ მაინტერესებდეს და ეს მნიშვნელოვანია. ასევე, მაძლევს შესაძლებლობას, შევიძინო ახალი კონტაქტები და ლექტორების მეშვეობით სხვადასხვა ავტორიტეტული უნივერსიტეტის მკვლევრებს დავუკავშირდე, რაც სტუდენტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

რას განიხილავ სამომავლო საქმიანობად და გააგრძელებ თუ არა მას საქართველოში? ასევე, მუშაობ თუ არა ახალ კვლევაზე?

მინდა, რომ გავაგრძელო სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე სწავლა ფიზიკის მიმართულებით როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ვგეგმავ, აკადემიური და კვლევითი მიმართულებით განვვითარდე.

ვფიქრობ, რომ ჩემი ნაშრომებითა და ჩემი ჩართულობით მეცნიერებაში შევიმუშავებ ინოვაციურ მეთოდს, რაც სასიკეთოდ გამოადგება საზოგადოებას. მინდა, რომ საქართველოში განვავითარო მეცნიერება, რადგან მიმაჩნია, რომ თუ ეს დარგი განვითარდა, ქვეყანაც განვითარდება.

ახლა ვმუშაობ ნაშრომზე, რომელიც დაკავშირებულია შავ ხვრელებთან და მათ განვითარებასთან. მოცემული ნაშრომით მინდა დავადასტურო, რომ ყველაფერი, დედამიწა, ჩვენ - ადამიანები - გარკვეული ინფორმაციისგან შევდგებით.

R