ავტორი:

"მის გარეშე ჩემთვის ჯოჯოხეთია... არის ზურას ერთი განსაკუთრებული მეგობარი, რომელიც ხშირად გვნახულობს" - როგორ ცხოვრობს დოიჯაშვილის ოჯახი მისი გარდაცვალების შემდეგ?

"მის გარეშე ჩემთვის ჯოჯოხეთია... არის ზურას ერთი განსაკუთრებული მეგობარი, რომელიც ხშირად გვნახულობს" - როგორ ცხოვრობს დოიჯაშვილის ოჯახი მისი გარდაცვალების შემდეგ?

დაიბადა ძველ თბილისში, კალაუბანში, მისი ბავშვობის სახლი ახლაც დგას იქ, სადაც მისი მეუღლე და შვილები ცხოვრობენ... შენობის ერთი მხარე შოთა ნიშნიანიძის ქუჩაზე გამოდის, მეორე - თავად მისივე სახელობის ქუჩაზე... კი, ამ ადგილს 2021 წელს მომღერალ ზურა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭა.

"ის, რომ ზურას სახელობის ქუჩა არსებობს, სასიხარულოც არის და ამავე დროს სევდაც გეუფლება. დავდივარ მის ქუჩაზე, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ზურა აღარ არის და ქუჩაც ჩემთვის ცარიელია,“ - გვეუბნება ზურა დოიჯაშვილის მეუღლე, ქეთი ვადაჭკორია.

როგორ ცხოვრობს ქალბატონი ქეთი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ და არის თუ არა დრო მისთვის მკურნალი, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად ესაუბრება.

- არა, დრო არ არის მკურნალი... დრო რაც უფრო გადის, ემოცია, განცდები უფრო მძაფრდება... რთულია მის გარეშე ცხოვრება...

- ზურა ისრაელში საავადმყოფოში რომ მკურნალობდა, მისი აქაური მეგობრები გვეუბნებოდნენ, რომ მას თბილისის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო...

- თბილისის და საქართველოს გარეშე რომ არ შეეძლო ცხოვრება, მართალია, მაგრამ ამას მის დაავადებასთან არანაირი კავშირში არ ჰქონდა. ეს ემოციური ფონი გახლდათ, რადგანაც მაინც უჭირდა სხვა ქვეყანაში ყოფნა... რეალურად კი ისრაელი მისთვის უცხო ქვეყანა არ ყოფილა. იქ 1996 წლიდან გასტროლებზე დადიოდა, ბევრი კონცერტი ჰქონია, მეგობრები ჰყავდა... მერე ჩვენ საქართველოს პარალელურად, ისრაელის მოქალაქეებიც ვიყავით... მაგრამ ზურასთვის მთავარი იყო თავის ქვეყანაში, თავის მეგობრებთან ერთად ყოფნა. საყვარელი ქვეყნისა და აურაცხელი მეგობრის გარეშე დიდ ტკივილს განიცდიდა...

- ახლა აქ ხართ?

- კი. ჩემი და ჩემი შვილების სურვილია, ვიყო იქ, სადაც ზურაა... ყველანი აქ ვართ, მეც და შვილებიც.

- როგორია მის გარეშე ცხოვრება?

- ჩემთვის ჯოჯოხეთია... შეძლებისდაგვარად მისი სულისთვის ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ ცრემლი და მონატრება ისეთი რამ არის, რომ მოგაწვება, ვერ აკონტროლებ...

- ზურას სიმღერების მოსმენა გიჭირთ?

- ხშირად ვუსმენ, დღეში რამდენჯერმე. მოსმენა მძიმეა, მაგრამ სურვილი მაქვს, რომ მოვუსმინო... საერთოდ მისი სიმღერების პირველი მსმენელი ვიყავი, მე მასმენინებდა. ჩემი აზრი აინტერესებდა... თუმცა მე არ ვმღერი, - მეუბნებოდა, სმენა არ გაქვსო...

- შვილები?

- მუსიკა ჩემს ბიჭს უყვარს და გემოვნებიან მუსიკას მუდმივად უსმენს. საერთოდ, ჩემს ოჯახს უყვარს მუსიკა. ჩვენთან მუსიკით თენდებოდა და ღამდებოდა. ამან შვილებზე გავლენა იქონია. ...2 გოგო და ერთი ბიჭი მყავს. უფროსმა გოგონამ ახლა მესამე შვილი გააჩინა, თომა პეტრე-პავლობას დაიბადა. ახლა პატარას უმცროსისგან ველოდებით...

- გილოცავთ... ქალბატონო ქეთი, რას მიხვდით, რაც თქვენი მეუღლე ამ ქვეყნად აღარ არის?

- რომ ზურა იყო ყველაფერი თავიდან ბოლომდე. მისი ერთგულება, იუმორი, უღალატობა, გამორჩეულად ნათქვამი - ყველაფერი კარგად იქნება, დამშვიდება... დაუვიწყარია.

- მისი მეგობრები თქვენი ოჯახის მიმართ ყურადღებას იჩენენ?

- შეძლებისდაგვარად. დღეს ისეთი ცხოვრებაა, ყველას თავის პრობლემები აქვს, მაგრამ არის ერთი განსაკუთრებული მეგობარი, რომელიც ხშირად გვნახულობს.

- ზურას უახლოესი მეგობრები, მამუკა ონაშვილიც როგორ ადრე და უეცრად წავიდა...

- მამუკას ამქვეყნიდან წასვლაც ძალიან მძიმე იყო. მასთან 30-წლიანი მეგობრობა გვაკავშირებდა, რაც არ არის ცოტა. ეს იყო ყოველდღიური ურთიერთობა, უამრავი ერთად გატარებული დღეები, წლები. ზურა და მამუკა ახლო მეგობრები იყვნენ და საერთოდ განსხვავებული დუეტი, რომლის მსგავსი სამეგობროში არ მეგულება.

- გარდაცვალებამდე რა იყო ზურას ბოლო სიტყვები, რომელიც გითხრათ?

- იცით, რომ ბოლო პერიოდში თელ-ავივის კლინიკაში გათიშული იყო, მაგრამ მანამდე, 4-5 თვით ადრე მითხრა - ცოლად გამომყევიო... რა თქმა უნდა, თანხმობა ვუთხარი... რეალურად კი ხელი მთხოვა 1978 წელს, ძალიან დიდი ხნის წინ, გასულ საუკუნეში... ზოგადად ზურა ყველაფერს იუმორით აკეთებდა, ეს ცხოვრების ყველა ეტაპზე მისი თანამდევი იყო.

- მის საფლავზე, საბურთალოს სასაფლაოზე, ხშირად დადიხართ თუ გიჭირთ მისვლა?

- მიჭირს, მაგრამ მაინც ვცდილობ, ხშირად მივიდე... იმ სასაფლაოზე, მასთან ახლოს დაკრძალული არიან: ზურა ვადაჭკორია, უჩა კორძაია, გიო ხუციშვილი და სამწუხაროდ, კიდევ ბევრი კარგი ადამიანი... ალბათ ახლა იქ აგრძელებენ მეგობრობას და კონცერტებსაც ატარებენ. ...ზურასთან ურთიერთობა ჩემთვის, პირველ რიგში, იყო დიდი მეგობრობა... ემოციურად ამაყი ვიყავი, რომ გვერდით ასეთი ადამიანი და ცხოვრების ასეთი თანამგზავრი მყავდა. თუმცა ამის გამო ცხვირაწეული არასდროს ვყოფილვარ...