ავტორი:

"კადიროვი შოიგუს წინააღმდეგ - ჩეჩნეთის ლიდერს რუსეთის თავდაცვის მინისტრობა სურს, თუმცა კრემლისგან უარია" - რას წერს მედია "რამზანის მისწრაფებაზე"?

"კადიროვი შოიგუს წინააღმდეგ - ჩეჩნეთის ლიდერს რუსეთის თავდაცვის მინისტრობა სურს, თუმცა კრემლისგან უარია" - რას წერს მედია "რამზანის მისწრაფებაზე"?

"კადიროვს მადა ყოველდღიურად ეზრდება - ამჯერად ის უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებით უკმაყოფილოა და თავდაცვის მინისტრის პოსტს ითხოვს, რათა "ელვისებური შეტევით მიიღოს ეფექტური შედეგი უკრაინის გასათავისუფლებლად" - წერენ რუსი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც გამოცემა kavkaz-uzel.eu-მ გაავრცელა ინფორმაცია "კადიროვის მისწრაფებების" შესახებ.

მანამდე ჩეჩნეთის ლიდერმა რუსეთის გუბერნატორებს მოუწოდა, ნუ დაელოდებიან კრემლის გადაწყვეტილებას საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით და თავად გამოაცხადონ მობილიზაცია.

"კადიროვი უკმაყოფილოა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობით, შედეგებით და უფრო მნიშვნელოვან პოსტს ითხოვს, სიტუაციის წელში გადასატეხად, თუმცა კრემლში ის უარით გამოისტუმრეს... ბოლო დღეებია, კადიროვი სერგეი შოიგუს მწვავე კრიტიკოსად იქცა. თუმცა, უდავოა, რომ ეს წარუმატებელი კამპანია შოიგუს თანამდებობის დაკარგვად დაუჯდება" - წერს გამოცემა პოლიტოლოგ სერგეი ჟავორონკოვსა და კონსტანტინ მიჩენკოზე დაყრდნობით.

11 სექტემბერს, კადიროვმა ხარკოვის მიმართულებით ჩავარდნილ სამხედრო ოპერაციებზე პასუხისმგებლობა შოიგუს დააკისრა და თქვა, რომ თავდაცვის მინისტრმა უპატიებელი შეცდომები დაუშვა.

მისი თქმით, თუ უახლოეს ხანებში არ მოხდება სტრატეგიული ცვლილებები სპეციალურ სამხედრო ოპერაციებში, ის იძულებული გახდება, თავდაცვისა და ქვეყნის ხელმძღვანელობას თავად აუხსნას, თუ რა ვითარებაა რეალურად უკრაინაში.

"თუმცა, პუტინს ჯერჯერობით არ გამოუთქვამს მზადყოფნა, კადიროვს ამ თემაზე დაელაპარაკოს" - წერს გამოცემა. კადიროვის აქტიურობას ხისტი პასუხი გასცა პუტინის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა, რომელმაც ჩეჩნეთის ლიდერს ადგილი ირიბად მიუჩინა.

პოლიტოლოგ დმიტრი ორეშკინის თქმით, კადიროვის მიმართვა, "სპეციალური სამხედრო ოპერაციის არასწორ სტრატეგიაზე", არის მისი რამდენიმე დღის წინანდელი განცხადების გაგრძელება, სადაც ის თანამდებობიდან წასვლაზე საუბრობდა.

"ეს ნიშნავდა, მომბეზრდა მხოლოდ ჩეჩნეთის მართვა, უფრო მეტი გავლენები მჭირდება" - ამბობს ორეშკინი.

გამოცემასთან საუბარში, პოლიტოლოგი სერგეი ჟავორონკოვი ამბობს, რომ რუსული პოლიტელიტისა და გენერალიტეტის მხრიდან, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუზე დიდი შეტევაა დაწყებული.

"მის ერთ-ერთ შემცვლელად იუნუს-ბეკ ევკუროვი განიხილება, რომელიც 2000-2019 წლებში ინგუშეთის რესპუბლიკას ხელმძღვანელობდა, 2019 წლიდან კი შოიგუს ერთ-ერთ მოადგილედ დანიშნეს. ის კადიროვის იმდენად ახლობელი ადამიანია, რომ მზად იყო ჩეჩნეთისთვის ინგუშეთის ტერიტორიის ნაწილი გადაეცა, რაც კინაღამ სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის შემდეგ, ევკუროვი რესპუბლიკას გაარიდეს და მოსკოვში გადაიყვანეს, სადაც მალევე დააწინაურეს. ის პროფესიონალი სამხედროა. შოუგუსავით პროფესიით მშენებელია, არმიაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მსახურობდა" - ამბობს პოლიტოლოგი.

მისივე თქმით, ახლა, შოიგუს მოხსნა, გარკვეული მიზეზების გამო, ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, დემოკრატიულ ქვეყანაში, მას დაშვებული შეცდომებისთვის, არათუ გაათავისუფლებდნენ, სასჯელიც არ ასცდებოდა.

შოიგუს კრიტიკის პარალელურად, გამოცემა Новыми Известиями-მ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს რამზან კადიროვმა პუტინს წერილობით მიმართა, თუნდაც გამოსაცდელი ვადით დაენიშნა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, რასაც რუსი დეპუტატის, გენადი ზიუგანოვის თხოვნა-მიმართვა მოჰყვა, არ დაეშვა კადიროვის ამ თანამდებობაზე დანიშვნა.

"ჯერ სად არიან, კადიროვს მადა გახსნილი აქვს და არაერთი მითითების, შენიშვნის მიუხედავად, მისი გაჩუმება ძნელია... მან დაიჯერა, რომ რაღაც შეუძლია, რაღაცას წარმოადგენს და ძალიან მალე გადავა შეტევის ახალ ეტაპზე. ასე ხდება, როდესაც ქვეყანა ჭაობს ემსგავსება. პოლიტ-ელიტაში არსებულ დაპირისპირებაზე უკვე ვრცელდება ინფორმაციები" - წერს რუსი პოლიტოლოგი ვლად ხურკოვსკი.