ავტორი:

"ზელენსკიმ ხომ გამოაცხადა, რომ არ არის მზად და არ სურს საუბარი რუსეთთან - არ არის მზად და ნუ არის" - პუტინი

"ზელენსკიმ ხომ გამოაცხადა, რომ არ არის მზად და არ სურს საუბარი რუსეთთან - არ არის მზად და ნუ არის" - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის პირობები დაასახელა.

"ერდოღანი ასევე გვთავაზობს შეხვედრას პრეზიდენტ ზელენსკისთან და მიაჩნია, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დადებითი შედეგი“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა უზბეკეთში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, პირველი პირობა შეხვედრისთვის არის ის, რომ კიევის ხელისუფლება დათანხმდეს.

"თუმცა, ისინი უარს ამბობენ! ზელენსკიმ ხომ გამოაცხადა! საჯაროდ თქვა - არ ვიცი სად, მაგრამ საჯაროდ - რომ არ არის მზად და არ სურს საუბარი რუსეთთან. არ არის მზად და ნუ არის“, - განაცხადა პუტინმა.

დღესვე პუტინმა კომენტარი გააკეთა უკრაინაში მიმდინარე ომზე და დასავლეთთან ურთიერთობაზე.

მისი თქმით, რუსეთის ბირთვული ობიექტების ტერიტორიებზე ცდილობდნენ ტერაქტის მოწყობას, მაგრამ ახლა ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

"რუსეთი გარკვეულ დრომდე შეკავებულად პასუხობს უკრაინის დარტყმებსა და ტერაქტებზე“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, გაცილებით სერიოზული ზომები იქნება მიღებული, თუკი კიევის ხელისუფლება ვერ შეიგნებს, რომ ასეთი მეთოდები დაუშვებელია.

"სულ ახლახან, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ორი დარტყმა განახორციელეს და მოდი, ჩავთვალოთ, რომ ისინი გამაფრთხილებელი იყო. თუკი მომავალში ვითარება მსგავსადვე წარიმართება, პასუხი გაცილებით სერიოზული იქნება“, - აღნიშნა კრემლის ლიდერმა.

მანვე ხაზგასმით თქვა, რომ „სპეცოპერაციის“ გეგმა კორექტირებას არ ექვემდებარება.

"გენერალური შტაბი იღებს ოპერატიულ გადაწყვეტილებებს, რაღაც გადამწყვეტია, ძირითადი მიზანი კი დონბასის ტერიტორიის გათავისუფლებაა. ეს მუშაობა გრძელდება მიუხედავად უკრაინის არმიის კონტრშეტევებისა“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ახლა ომში მონაწილეობს არმიის მხოლოდ საკონტრაქტო ნაწილი.

"ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩვენ ვომობთ არა სრული არმიით, არამედ რუსეთის არმიის მხოლოდ ნაწილით, მხოლოდ საკონტრაქტო ნაწილით. ბუნებრივია, ეს დაკავშირებულია პირადი შემადგენლობის გარკვეულ პარამეტრებთან და ასე შემდეგ... ამიტომ ჩვენ არ ვჩქარობთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა პუტინმა.

დღესვე პუტინმა განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი არ არის უკრაინის პროექტი უსაფრთხოების გარანტიებზე.