ავტორი:

"პანდემიამ მოზარდებში გამოიწვია ასოციალურობა, აუტიზაცია - ეკრანთან მიჯაჭვულობამ გაართულა იმის კონტროლი, რას უყურებენ ბავშვები" - რა საფრთხეებზე საუბრობს ფსიქოლოგი?

"პანდემიამ მოზარდებში გამოიწვია ასოციალურობა, აუტიზაცია - ეკრანთან მიჯაჭვულობამ გაართულა იმის კონტროლი, რას უყურებენ ბავშვები" - რა საფრთხეებზე საუბრობს ფსიქოლოგი?

კვლევებით დადგინდა, რომ პანდემიის შემდგომ მომატებულია დეპრესია, შფოთვა, მარტოსულობის განცდა, შეიძლება იყოს სუიციდის რისკიც. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოწყვლადები არიან კონკრეტული ფსიქიკური მდგომარეობებისკენ, ეს პანდემია აღმოჩნდა ერთგვარი წამახალისებელი, რომელმაც გამოიწვია გარკვეული პრობლემების განვითარება, წინ წამოწევა, რასაც აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ, - ამის შესახებ ბავშვთა ფსიქოლოგმა ქეთი დალინკევიჩმა „მედიაცენტრ მთავარში" განაცხადა.

როგორც დალინკევიჩმა აღნიშნა, პანდემიის შემდგომ სპეციალისტისთვის მიმართვიანობა თითქმის სამჯერ არის გაზრდილი.

„პანდემიამ მოზარდებში გამოიწვია ერთგვარი ასოციალურობა, აუტიზაცია, არა მარტო მოზარდები, ადამიანები შეეგუენ იმას, რაც პანდემიამ შემოგვთავაზა. ეს არის ჩაკეტილობა, სახლიდან მუშაობა, სახლიდან სწავლა, სახლიდან ურთიერთობა მეგობრებთან... რა თქმა უნდა, გაიზარდა ეკრანთან ყოფნის დრო. ზოგადად, პანდემიამ არა მხოლოდ ბავშვებსა და მოზარდებში, ზრდასრულებშიც გამოიწვია რეალური სირთულეები, რთული გახდა ბევრი საკითხის მენეჯმენტი და მათი ერთად მართვა. მაგალითად, სახლიდან მუშაობა და პარალელურ რეჟიმში ბავშვისთვის გარკვეული საჭიროებების დაკმაყოფილება, ან ბავშვის და მშობლის დროის ერთად პოზიტიურად გატარება. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარებულა კვლევები, რომელიც გამოკვეთდა მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს პანდემიის შემდეგ რამდენად გაიზარდა აგრესია.

თუმცა, ერთი ფაქტორი არის ის, რომ გაჯეტებთან, ეკრანთან მიჯაჭვულობამ მშობლებისთვის გაართულა იმის კონტროლი, რას უყურებენ ბავშვები ან მოზარდები. შეიძლება მოზარდი ეკრანთან 8-10 საათს ატარებდეს, არის შემთხვევები რომ 12 საათსაც, ამ შემთხვევაში აღარ ვიცით, რას უყურებს ის და როგორ ინფორმაციას იღებს. შეიძლება ეს იყოს აგრესიის შემცველი გარკვეული ინფორმაცია, თამაშები, ფილმები, ვიდეოები... გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია სოციალური ქსელები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ნებისმიერი შინაარსის ვიდეოების ატვირთვა, რაც შესაძლებელია, რომ ბავშვისთვის მოტივაციის მიმცემი გახდეს. ბევრი ბავშვი და მოზარდი არის შთაგონებული ამგვარი პოპულარული ადამიანების საუბრით.

სამწუხაროდ, ჩვენთან კვლევები ჩატარებული არ არის, თუმცა ამერიკულ და ევროპულ კვლევებზე დაყრდნობით, პანდემიის შემდგომ ძალიან გაზრდილია ფსიქიატრიული მდგომარეობები. უცხოური კვლევებით დადგინდა, რომ პანდემიის შემდგომ მომატებულია დეპრესია, შფოთვა, მარტოსულობის განცდა, შეიძლება იყოს სუიციდის რისკი. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გარკვეულწილად არიან მოწყვლადი კონკრეტული ფსიქიკური მდგომარეობებისკენ, პანდემია აღმოჩნდა ერთგვარი წამახალისებელი, რომელმაც გამოიწვია გარკვეული პრობლემების განვითარება, წინ წამოწევა, რასაც აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ. თუ ბავშვის მდგომარეობა როგორც ფსიქიკური, ასევე ქცევით, შეიცვალა, მშობელმა უნდა მიმართოს ფსიქოლოგს. მაგალითად, თუ ბავშვი ხალისიანი იყო, ახლა ჩაკეტილი და აგრესიული გახდა, ასევე თუ აქამდე აქტივობებში იყო ჩართული, ახლა კი ოთახიდან არ გამოდის, უარს ამბობს გარე აქტივობებზე, ეს არის სიგნალი.

თუ ეს გრძელდება ძალიან დიდხანს და არის მკვეთრად გამოხატული, თუკი ის მოზარდს ფუნქციონირებაში ხელს უშლის, სპეციალისტის ჩარევაა აუცილებელი. ამ ყველაფერს მშობელი უნდა აკვირდებოდეს. ეს სირთულეები ნამდვილად გამოიკვეთა და მომართვიანობა საგრძნობლადაა გაზრდილი. რა მომართვიანობაც სამი წლის წინ იყო, დღეს შემიძლია ვთქვა, რომ სამმაგად მეტია თუ კიდევ უფრო მეტი არა. არის შემთხვევები, როდესაც 2-3 კვირის განმავლობაში უწევთ ლოდინი, რომ ჩვენამდე მოვიდნენ და ჩაეწერონ. კარგი იქნება ამ ყველაფერში გვეხმარებოდეს სკოლა. პედაგოგები, სკოლის ფსიქოლოგი უნდა იყოს აქტიური დამკვირვებლები მოზარდებზე და ისინი უნდა ამჩნევდნენ გარკვეულ ცვლილებებს და ძახილის ნიშნებს. თუ ბავშვი აქამდე იყო ძალიან მხიარული, სკოლაში დაბრუნების შემდეგ კი არ არის აქტიური, ძირითადად უკანა რიგებში ზის, არ მონაწილეობს აქტივობებში დასვენებისას, მასწავლებელი უნდა დაელაპარაკოს მშობელს, აუხსნას მისი დაკვირვების შედეგი და საჭიროების შემთხვევაში ურჩიოს, რომ მიმართოს სპეციალისტს“ , - განაცხადა ქეთი დალინკევიჩმა.