ავტორი:

ბილეთის მსურველი ათასობით ადამიანი რეალურ და ონლაინ რიგებში და სრული ანშლაგის მოლოდინი - როგორ ემზადებიან ქართველი ფანები საქართველო-მაკედონიის მატჩისთვის?

ბილეთის მსურველი ათასობით ადამიანი რეალურ და ონლაინ რიგებში და სრული ანშლაგის მოლოდინი - როგორ ემზადებიან ქართველი ფანები საქართველო-მაკედონიის მატჩისთვის?

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადება. ის "ერთა ლიგის" ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში, ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ ითამაშებს.

მატჩი პარასკევს, 23 სექტემბერს "დინამო არენაზე" გაიმართება. ბილეთების გაყიდვა დღეს, 17 სექტემბერს, დილის 11 საათზე დაიწყო "დინამო არენის" სალაროებსა და tkt.ge-ზე.

მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ დილიდან tkt.ge დიდი ხარვეზებით მუშაობს, მომხმარებლები ჩივიან, რომ ბილეთის ონლაინ შეძენას თითქმის ვერ ახერხებენ, ხოლო "დინამო არენას" სალაროებთან დიდი რიგებია.

ფოტო: მთავარი არხი

tkt.ge-ს რაც შეეხება, ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ საიტზე შესვლის დროს მათ რამდენიმე ათასი კაცის შემდეგ უწევთ რიგი, ხოლო როცა მათი ჯერი დგება, საიტი მთლიანად ეთიშებათ. ჯერჯერობით უკმაყოფილო გულშემატკივრების საპასუხოდ საიტს განმარტება არ გაუკეთებია.

უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სრული ანშლაგი, რომელსაც 23 სექტემბერს "დინამო არენაზე" ვიხილავთ, ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა. უმეტესობა, დიდი ალბათობით, სწორედ მისი შეუდარებელი თამაშის სანახავად წავა სტადიონზე.

შეგახსენებთ, 23 სექტემბერს (20:00 სთ) ჩრდ. მაკედონიას ვუმასპინძლებთ, სამი დღის შემდეგ კი გიბრალტარს (22:45 სთ) ვესტუმრებით. საქართველოს ნაკრებს 10 ქულა აქვს და "ერთა ლიგაზე" როგორც ერთი დივიზიონით დაწინაურებასთან, ასევე ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფთან ახლოსაა.