ავტორი:

გლდანში დიდი რაოდენობით სამედიცინო ნარჩენების დაყრის ფაქტი გამოვლინდა - რა ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მუნიციპალური ინსპექცია?

გლდანში დიდი რაოდენობით სამედიცინო ნარჩენების დაყრის ფაქტი გამოვლინდა - რა ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მუნიციპალური ინსპექცია?

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ კრიმინალური პოლიციის დახმარებით, გლდანში, თბილისის შემოვლით გზაზე დიდი რაოდენობით სამედიცინო ნარჩენების დაყრის ფაქტი გამოავლინა და შესაბამისი რეაგირება მოახდინა. აღნიშნულ განცხადებას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე, შპს "ეკომედის" მანქანით, სამედიცინო ნარჩენები სისტემატურად იყრება.

„თბილისის მუნიციპალური ინსპექცია კომპანიის დირექტორს დაუკავშირდა. მან კომპანიის ბრალეულობა უარყო და პასუხისმგებლობა მძღოლს, ვ.ს.-ს დააკისრა. ვ.ს.-მ აღიარა კანონდარღვევა. კანონის თანახმად, ის დაჯარიმდა ნარჩენების მართვის კოდექსის 36-ე მუხლის მეორე ნაწილით (5000 ლარის ოდენობით).

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აღნიშნულზე ინფორმაცია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურსაც მიაწოდა. საქმე შემდგომი მოკვლევისთვის გადაეცა გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს, რათა შესაძლებელი გახდეს კომპანიის უფლებამოსილების მოძიება სახიფათო და სამედიცინო ნარჩენების გადაზიდვაზე, ასევე, საჭიროებისამებრ, მისი განადგურების ლიცენზიისა. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა დაადგინოს, რამდენად აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს საწარმო, სადაც უტილიზაცია უნდა განხორციელდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.