ავტორი:

"რამდენიმე დღე ნანგრევებში იყვნენ და შველას ითხოვდნენ" - რუსების მიერ მოკლული ოჯახის ამბავი: სტოლპაკოვების ცხედარს იზიუმის სასაფლაოზე მიაგნეს

"რამდენიმე დღე ნანგრევებში იყვნენ და შველას ითხოვდნენ" - რუსების მიერ მოკლული ოჯახის ამბავი: სტოლპაკოვების ცხედარს იზიუმის სასაფლაოზე მიაგნეს

უკრაინაში რუსული ჯარების მიერ ჩადენილი დანაშაულის ერთ-ერთი მაგალითია სტოლპაკოვის ოჯახის მკვლელობა, 31 წლის ელენა და 33 წლის დიმიტრი, ასევე მათი 5 წლის ქალიშვილი ოლესია საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვაში მოყვნენ, ხოლო მათი სიკვდილის მიზეზი ნანგრევების ქვეშ, ჟანგბადის ნაკლებობა გახდა.

ოჯახის ტრაგიკულ ბედზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში მრჩეველმა დარია გერასიმჩუკმა ისაუბრა.

"იზიუმში, ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად ოჯახი დაიღუპა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მათთან ერთად გარდაიცვალა უფროსი ქალიშვილიც, რომელიც 8 წლის იყო და ელენას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ნანგრევებში დაიღუპა ბავშვების ბებიაც. დაბომბვის სიხშირიდან გამომდინარე, ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გადარჩენა შეუძლებელი გახდა.

სახლის ნანგრევებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ისმოდა კვნესა, დახმარების თხოვნა... ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც 9 მარტს სახლი ჩამოინგრა, კიდევ ორი-სამი დღე ნანგრევების ქვეშ ისმოდა ხმები, ნანგრევებში დარჩენილები იძლეოდნენ ნიშნებს, მაგრამ მუდმივი დაბომბვის გამო ადგილზე მძიმე ტექნიკას ვერავინ მიიყვანდა, მაშინ ეს შეუძლებელი იყო“, - ამბობს ოჯახის მეგობარი.

სახლის დანგრევის შედეგად, რომელშიც სტოლპაკოვის ოჯახი ცხოვრობდა, სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობამაც სარდაფს შეაფარა თავი.

იზიუმში სასაფლაოზე, სადაც სტოლპაკოვის ოჯახია დაკრძალული, 445 საფლავი აღმოაჩინეს.

"ასობით და ათასობით უდანაშაულო ადამიანი, რუსებმა მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ უკრაინაში ცხოვრობდნენ“, - განაცხადა გერასიმჩუკმა.

შეგახსენებთ, რომ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში, რუსული არმიის უკან დახევის შემდეგ, მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, რომელშიც დაახლოებით 445 საფლავია. 2022 წლის 1-ელ აპრილს იზიუმი სრულად დაიკავეს რუსეთის ჯარებმა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ომის დაწყებიდან იზიუმში ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მრავალსართულიანი შენობების თითქმის 70% და ქალაქის ინფრასტრუქტურის 80%-ზე მეტი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ოკუპაციის პირობებში ქალაქში დარჩა დაახლოებით 10 ათასი მოსახლე - 46 ათასიდან, რომლებიც რუსეთის შემოჭრამდე იზიუმში ცხოვრობდნენ.