ავტორი:

"მითხრეს, რომ დღესვე, იმავე რეისით ვარშავაში უნდა დავბრუნებულიყავი" - უკრაინელი ტელეწამყვანი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

"მითხრეს, რომ დღესვე, იმავე რეისით ვარშავაში უნდა დავბრუნებულიყავი" - უკრაინელი ტელეწამყვანი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

უკრაინელი ტელეწამყვანი, რომა დრიბნოი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს.

მისი განცხადებით, 17 სექტემბერს ვარშავიდან თბილისში უნდა ჩამოფრენილიყო იმისთვის, რომ უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო ღონისძიებებში მიეღო მონაწილეობა, თუმცა თბილისის აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, მას პოლიციელმა განუცხადა, რომ თბილისში, საქართველოში ვერ შეუშვებდნენ.

კითხვაზე, თუ რატომ და რა მიზეზით არ უშვებდნენ, უპასუხეს, რომ აქვთ უფლება, არ განუმარტონ, რატომ არ უშვებენ და მიზეზს წაიკითხავდა ფურცელში, რომელსაც პასპორტთან ერთად გადასცემდნენ.

"მითხრეს, რომ დღესვე, იმავე რეისით ვარშავაში უნდა დავბრუნებულიყავი. ორმა პოლიციელმა გამაცილა თვითმფრინავამდე, ჩემი პასპორტი და აღნიშნული ფურცელი კი ბორტგამცილებელს გადასცეს“, - აცხადებს ჟურნალისტი.

მისი თქმით, ვარშავაში ჩაფრენის შემდეგ ბორტგამცილებელმა პასპორტი და ფურცელი გადასცა, თუმცა მასში საქართველოში შეშვებაზე უარის თქმის მიზეზი განმარტებული არ იყო.

ამასთან, რომა დრიბნოის მტკიცებით, მას თბილისის აეროპორტში განუცხადეს, რომ ჩემოდანი უკვე თვითმფრინავში იყო. ვარშავაში ჩასვლის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ ჩემოდანი თვითმფრინავში არ იყო.

“სავარაუდოდ, ჩემოდანი საქართველოშია. აი, ახლა ვზივარ აეროპორტში და ვცდილობ გავარკვიო, რა არის მიზეზი“, - აცხადებს ტელეწამყვანი.