ავტორი:

"ჩვენი ამოცანაა დასავლელმა პარტნიორებმა "ქართული ოცნების“ თავზე სახარების კითხვა დაამთავრონ" - გიორგი ვაშაძე

"ჩვენი ამოცანაა დასავლელმა პარტნიორებმა "ქართული ოცნების“ თავზე სახარების კითხვა დაამთავრონ" - გიორგი ვაშაძე

დღეს, ჩვენი ამოცანაა, ევროპამაც და ამერიკამაც, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა დაამთავრონ "ქართული ოცნების“ თავზე სახარების კითხვა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

მისი შეფასებით, "ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა და ის ხანგრძლივი ვადით ხელისუფლებაში ვერ იქნება.

თუმცა, მისი თქმით, დღეს საუბრის დაწყება ვადამდელი არჩევნების საკითხზე შეცდომაა.

"ჩემი პოზიცია იყო -" ჯერ გადახდი და ჰოპ, მერე დაიძახეო“, ვადამდელი არჩევნები, ვადამდელი არჩევნების ძახილით არ მოვა. შეიძლება მათ ( "ნაციონალურ მოძრაობას“ ) კონკრეტული სტრატეგია, ხედვა და გეგმა აქვს, მე არ ვარ ინფორმირებული მათ გეგმასთან დაკავშირებით. "სტრატეგია აღმაშენებელს“ ჩვენი პოზიცია გვაქვს პარტნიორ პოლიტიკურ ძალებთან და სხვა ადამიანებთან ერთად და ამას ყოველდღიურად მოქალაქეები თვალხილულად ნახავენ“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისი განმარტებით, ხალხი გადაწყვეტს, რამდენად არის განწყობა ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად.

"დღეს ვადამდელი არჩევნებით საუბრის დაწყება შეცდომა მგონია იმიტომ,რომ სწორედ ამაზე გადადის ყველას ყურადღება. რაც მთავარია, იმ ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციული ბრძოლის იარაღებით, რომელიც "ქართულ ოცნებას“ აქვს, კონცენტრაცია გაჭირვებიდან, ეკონომიკიდან, 12 პუნქტიდან "ქართულ ოცნებას“ ვადამდელ არჩევნებზე გადააქვს. ამიტომ, სტრატეგიულად სწორი მგონია, ამაზე ნაკლები ვისაუბროთ, მეტი ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენი მხარდაჭერა, დიდი პროევროპული ერთობა შევქმნათ და მერე უკვე ყველაფერი თავისთავად იქნება“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, "ქართული ოცნების“ უმრავლესობის დაშლა ძალიან რეალურად მიაჩნია.

"განწყობები ვიცი, ადამიანები ამ პრორუსულ ჭაობში ჩაყოლას არ აპირებენ“"-განაცხადა ვაშაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დღეს "ქართულ ოცნებასთან“ არანაირ მოლაპარაკებას და შეთანხმებას აზრი არ აქვს.

"უშედეგო პროცესში შესვლას აზრი არ აქვს. მარტო ჩვენ კი არა სამოქალაქო სექტორი გამოყარა პარტყა-პურტყით "ქართულმა ოცნებამ“ იმ სამუშაო ჯგუფიდან. თუ შევალ, ვერც მე და ვერცერთ სხვა პარტიას ვერ გამოგვყრის. "ქართულმა ოცნებამ“ უკვე ჩაშალა ეს პროცესი. დამერწმუნეთ, ამას ევროპა ხედავს და ამას თქვენ ევროკავშირის რეზოლუციაში ნახავთ, რომელსაც მიიღებენ. "ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა რიგგარეშე სესია, საკომიტეტო მოსმენები, დააყენა წინაპირობები, გამოაგდო სამოქალაქო სექტორი“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება დეპოლარიზაციისთვის ნაბიჯებს არ დგამს.

"სიყვარული ორმხრივია და არა ცალმხრივი, პირობითად, მეუბნებით იმეგობრე ადამიანთან, რომელმაც მეგობრობის ფურცელი უკვე გადახია და რაც ყველაზე მთავარია, მეუბნება, გემეგობრები, თუ სიტყვას არ ამოიღებ ჩემთან რომ დაჯდები, თუ ჩემს ბოსს ყოველთვის თამადად აღიარებ. ასეთ პირობებს გიყენებს და მგონი 2X2=4-ია“,-განაცხადა ვაშაძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის შეფასებით, "რიგი ოპოზიციური პარტიები არის არათანმიმდევრული, უსისტემო და ქაოსური“.

მისი თქმით, ეს შედეგიანი არ იქნება და ამით თავადაც ზიანდება.

"სტრატეგია რომელიც ჩვენ უნდა გვქონდეს არის- "ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. არ შეიძლება მუდმივად აკეთებდე false start-ებს და ცრუ დაპირებებს, ცრუ მოლოდინებს ქმნიდე. რაც გვაკლია, არის თანმიმდევრულობა, სისტემურობა, კომპლექსურობა“, - განაცხადა ვაშაძემ.