ავტორი:

"კვარა" მართავს" - დამარცხებული "მილანი", გაბრაზებული კვარაცხელია და შექება პიოლისგან - რას წერს ქართველი ფეხბურთელი მატჩის შემდეგ

"კვარა" მართავს" - დამარცხებული "მილანი", გაბრაზებული კვარაცხელია და შექება პიოლისგან - რას წერს ქართველი ფეხბურთელი მატჩის შემდეგ

ფეხბურთის სამყარომ მორიგი მნიშვნელოვანი მატჩი იხილა. იტალიის "სერია ა"-ში ერთმანეთს "მილანი" და "ნაპოლი" დაუპირისპირდნენ. ცხადია, ქართველების განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ მატჩისკენ იყო მიპყრობილი, რადგანაც "ნაპოლის“ რიგებში მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია პირველად ითამაშებდა ლეგენდარულ სტადიონზე, "სან სიროზე," ლეგენდარული "მილანის" წინააღმდეგ.

ქართველ ფეხბურთელს გულშემატკივრის იმედი არც ამჯერად გაუცრუებია. ხვიჩას ქმედებების შედეგად მილანის სამმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო, გარდა ამისა, კვარაცხელიამ 11-მეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც მისმა თანაგუნდელმა, პოლიტანომ ზუსტად შეასრულა და მატჩის პირველი გოლი სწორედ ასე გავიდა.

მაყურებელმა გაბრაზებული კვარაცხელიაც იხილა. მას შემდეგ, რაც "მილანის" ფეხბურთელი მას უხეშად ეთამაშა. როგორც ფანები ამბობენ, ხვიჩამ ხასიათი გამოავლინა.

საბოლოოდ, მატჩი ნეაპოლელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1-2 დასრულდა. ამ გამარჯვებით "ნაპოლის“ 17 ქულა აქვს და "სერია ა"-ს ცხრილის სათავეშია.

აღსანიშნავია, რომ კვარას შესახებ მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე მილანის მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ ისაუბრა და მას "ბრწყინვალე ფეხბურთელი" უწოდა.

მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხხბურთელმა "ისტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კარგი თამაშის გამო გუნდი შეაქო. ასევე აღნიშნა, რომ ახლა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის დროა.

"მნიშვნელოვანი სამი ქულა, გუნდის შესანიშნავი თამაში. ახლა საქართველოს ეროვნული ნაკრების დროა", - წერს კვარცხელია და მილანი ნაპოლის დაპირისპირების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

კვარაცხელიას თამაშს დადებითი შეფასებები მოჰყვა იტალიურ მედიაში. "კვარა მართავს" - ასეთი სათაური აქვს გამოტანილი გაზეთ Corriere dello Sport-ს დღევანდელი ნომრის გარეკანზე.