ავტორი:

"შანხაის სამიტზე", ვისაც არ დაეზარა, პუტინი ყველამ ალოდინა. აგრძნობინეს, რომ ის აღარ არის ჰეგემონი და ლიდერი რეგიონში" - როგორ აისახება რუსეთის გავლენის შესუსტება მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონზე

"შანხაის სამიტზე", ვისაც არ დაეზარა, პუტინი ყველამ ალოდინა. აგრძნობინეს, რომ ის აღარ არის ჰეგემონი და ლიდერი რეგიონში" - როგორ აისახება რუსეთის გავლენის შესუსტება მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონზე

უკრაინის კონტრშეტევის შედეგად რუსული სამხედრო ნაწილები მარცხს მარცხზე განიცდიან. მიუხედავად იმისა, რომ ომის დასრულებას კიდევ კარგა ხანი დასჭირდება, ფაქტია, რომ ხარკოვის ოლქში მსოფლიოში მეორე არმიის წარუმატებლობის შემდეგ რეგიონულ პოლიტიკაზე პუტინის რეჟიმის გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის პარალელურად ვითარება გართულდა ჩვენს რეგიონშიც - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ისევ სამხედრო დაპირისპირებაა, რაშიც მხარეები, ტრადიციულად, ერთმანეთს ადანაშაულებენ. ურთულესი ვითარებაა ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზეც, სადაც სამხედრო შეტაკებები დაიწყო. რჩება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიოში მომხდარი ცვლილებებისა და რუსეთის გავლენის შესუსტების ფონზე ახალი გამოწვევები ჩნდება. რა შეიძლება მოხდეს რუსეთში და როგორ აისახება ეს ჩვენს ქვეყანაზე? გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე:

- პროგნოზირება იმისა, რა შეიძლება მოხდეს რუსეთში, რთულია, რადგან საერთაშორისო ურთიერთობები ზუსტი მეცნიერება არ გახლავთ და ნებისმიერი სცენარი დამოკიდებულია სხვადასხვა ცვლადისა და არაერთი ფაქტორის ერთობლიობაზე, ასევე იმაზე, რომელ თეორიულ ჭრილში განვიხილავთ ამ სცენარებს.

რუსეთის არმიამ უკრაინაში დაკარგა ოპერატიული უპირატესობა. მან არა მხოლოდ უკან დაიხია, არამედ დათმო მნიშვნელოვანი პოზიციები. ახლა უკრაინის მთავარი ამოცანაა, ეს უპირატესობა, რომელიც კონტრშეტევით მოიპოვა, შეინარჩუნოს და სტრატეგიულ დომინირებაში გადაზარდოს, ანუ საბოლოოდ ბრძოლის ველის სრული კონტროლი აიღოს ხელში.

რუსეთს არ აქვს კონვენციური შეიარაღების საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ შექმნილი ვითარების შემოტრიალება შეძლოს. დღეს რუსეთი დგას რამდენიმე გამოწვევის წინაშე. თუ ის ბრძოლას გააგრძელებს, შეიძლება სრული სამხედრო-პოლიტიკური კატასტროფა განიცადოს. უკრაინის რესურსები შეივსება უახლოეს მომავალში, როდესაც ლენდ-ლიზი სრული მასშტაბით ამოქმედდება. აღსანიშნავია ისიც, რომ რაც მეტად გააქტიურდება უკრაინა, მით მეტად მოიმატებს მისი მხარდაჭერა, რადგან ეს დასავლეთში სარისკო ინვესტიციად აღარ ფასდება. დღეს ყველა მიიჩნევს, რომ უკრაინას შეუძლია გამარჯვება და მისი მხარდაჭერა რენტაბელურ ინვესტიციად მიიჩნევა. შესაძლებელია, რუსეთი აღმოჩნდეს სამხედრო-პოლიტიკური მარცხის წინაშე. როგორ შეიცვლება ვითარება ბრძოლის ველზე, სადამდე გაგრძელდება უკრაინის სამხედრო წარმატება, ცალკე მსჯელობის თემაა, მაგრამ ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, მოვლენების განვითარების მეორე ვარიანტია, რუსეთმა აღიაროს მარცხი და უკრაინასთან გარკვეულ საზავო პირობებზე შეთანხმდეს. ორივე ვარიანტის შემთხვევაში რუსეთში ეს გამოიწვევს ძლიერ ტურბულენტობას. საზოგადოება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იკვებებოდა რუსეთის უძლეველობის მითით, აღმოაჩენს, რომ დამარცხდა, თან დამარცხდა იმასთან, ვისაც ხელოვნურ სახელმწიფოდ მიიჩნევდა. ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებაში რა მოხდება, გავლენის ცენტრებში რა როგორ გადათამაშდება, რთული სათქმელია. რუსეთისთვის ყველაზე უარესი სცენარი, რომელიც ხშირად განიხილება, არის პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება, რაც გულისხმობს, რომ რუსეთში ახლანდელი ელიტა შეიცვლება და დაიწყება დიდი წმენდა არმიაში, რადგან ჯოხი ვიღაცაზე უნდა გადატეხონ, ამ ყველაფერს კი შეიძლება მოჰყვეს სხვა ტიპის პოლიტიკური ცვლილებები და ძალაუფლებისთვის უკიდურესად მძიმე ბრძოლა დაიწყოს.

მარცხის შემთხვევაში რუსეთის პოზიციები და გავლენა ყველგან შესუსტდება. ჩვენ ამის პირველ ნიშნებს უკვე ვხედავთ. ცენტრალური აზიის რეგიონში "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" სამიტზე, ვისაც არ დაეზარა, პუტინი ყველამ ალოდინა. ამით აგრძნობინეს, რომ ის აღარ არის ჰეგემონი და ლიდერი რეგიონში. ამასთანავე, გამოჩნდა, ვინ არიან ლიდერები. უპირველესად, ეს არის ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, მერე კი - თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი. მოკლედ, ცენტრალურ აზიაში ორი ახალი ლიდერი გამოიკვეთა. ეს ძალიან საინტერესო ცვლილებაა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომავალი წლისთვის ყაზახეთი დატოვებს "კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას". ამასთანავე, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის გაჩნდა დაპირისპირების ახალი კერა, დაიღუპნენ ადამიანები. ეს კონფლიქტი დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ახლა გააქტიურდა. მოკლედ, რუსეთის პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდა წინა აზიაში, სადაც მას დიდი კონკურენტები ჰყავს, შესუსტდა სამხრეთ კავკასიაშიც - რაც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ხდება, რეგიონში რუსული გავლენის მოსალოდნელი ჩამოშლით არის განპირობებული.

რუსეთის დასუსტება თუ გაგრძელდა, ბუნებრივია, ამა თუ იმ მიმართულებით გაჩნდება ძალის ვაკუუმი. რუსეთის გავლენა, მოგეხსენებათ, ემყარება არა განვითარების პოზიტიურ დღის წესრიგს, არამედ ძალის პრიმატს, შესაბამისად, თუ რუსეთი სუსტდება და კრიზისების მაკონტროლებელი ძალა ილევა, ბუნებრივად ჩნდება სიცარიელე, რაც დიდხანს არ დარჩება. ვხედავთ, რომ მისი შევსება უკვე დაიწყეს სხვა აქტორებმა. ამას აუცილებლად მოჰყვება გამოწვევები ყველა იმ რეგიონისთვის, რომლებზეც დიდი იყო რუსეთის გავლენა, მაგრამ ამავე დროს გაჩნდება შესაძლებლობებიც.

- რუსეთის გავლენის შესუსტება როგორ შეიძლება ეს აისახოს საქართველოსა და მთელ ჩვენს რეგიონზე?

- ეს ჩვენს რეგიონზე უკვე აისახა და ვხედავთ, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის რა პროცესიც დაიწყო. აზერბაიჯანი თავს ესხმის სომხეთს, ფაქტობრივად, უკვე გასცდა ყარაბაღს და შეიძლება ითქვას, რომ ლაპარაკი დაიწყო რეგიონში აზერბაიჯანული პოლიტიკური დღის წესრიგის ძალისმიერი გზით იმპლემენტაციაზე, რასაც მხარს უჭერს თურქეთი. სომხეთი აღმოჩნდა სრულიად იზოლირებული. შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანას, საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან მოყოლებული, ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას.

საქართველო არის აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი, მაგრამ ის, რაც დღეს სომხეთში ხდება, ჩვენთვისაც გარკვეულ რისკს შეიცავს. შექმნილმა ვითარებამ გააჩინა სერიოზული გამოწვევები ირანის მხრიდანაც. რეგიონში უსაფრთხოების გარემო გაცილებით მყიფე და ტურბულენტურია, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ როდისმე ყოფილა. ასეთ დროს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, რაღაცით დააბალანსოს რეგიონული აქტორების გავლენა. დღეს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის შესუსტებული გავლენით გაჩენილი ვაკუუმის შევსებას ცდილობენ თურქეთი, ირანი და აზერბაიჯანი. ჩვენ გვჭირდება ამ გავლენის დაბალანსება, ამისთვის კი გვაქვს ერთი გზა - საქართველოს მჭიდრო კავშირის შენარჩუნება იმ აქტორთან, რომლის რეგიონიდან განდევნაც, რუსეთთან ერთად, სურთ თურქეთსა და ირანს და ეს არის დასავლეთი. ჩვენ უნდა ვიყოთ რეგიონში დასავლური ინტერესების პლაცდარმი და გრძელვადიან პერსპექტივაში სომხეთს, რომელიც დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად გამოვა რუსული გავლენის ორბიტიდან, დავეხმაროთ იზოლაციის დაძლევასა და დასავლეთთან ინტეგრაციაში. ვიმეორებ, აზერბაიჯანიც და თურქეთიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორები არიან, მაგრამ სომხეთი, რომელიც დააღწევს თავს რუსეთს და შეძლებს სტაბილურად განვითარებას, არის ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ რეგიონში მოხდეს ძალთა პარიტეტის შენარჩუნება. ჩვენ არ გვჭირდება რომელიმე ქვეყნის ჰეგემონობა, ჩვენ გვჭირდება პარიტეტული თანამშრომლობა და პარტნიორობა ჩვენს მეზობლებთან... იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: