ავტორი:

"წულუკიანის უწყების მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო დაღუპვის წინაშე ვართ" - სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი

"წულუკიანის უწყების მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო დაღუპვის წინაშე ვართ" - სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი

საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, ფედერაციის "ძალიან დიდ პრობლემებზე“ საუბრობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ ავთანდილ ცინცაძემ განუცხადა, დაფინანსების შეწყვეტა სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა, რაც ყოველგვარი განმარტების გარეშე მოხდა.

მისივე თქმით, "გადაწყვეტილება ქართული სპორტის დაღუპვას“ ნიშნავს და ამაში "ძალიან დიდი წვლილი სწორედ იმ ხელმძღვანელ პირებს მიუძღვით, რომლებიც კონკრეტულ სამინისტროს ხელმძღვანელობენ“.

  • ავთანდილ ცინცაძის თქმით, ევროპის ჩემპიონატზე პირადი თანხებით მხოლოდ 5 ქართველი სპორტსმენია გაგზავნილი.

"წელს სამბოს დაფინანსება არ მიუღია. ამის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ყოველგვარი განმარტების გარეშე შეუწყდა დაფინანსება. ეს არის იმ ადამიანების გადაწყვეტილება, რომლებიც ხელმძღვანელი პირები არიან ამ სამინისტროში. მე ხმამაღლა შემიძლია ვისაუბრო, რომ 2012 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, (შემდეგ 3 წელი პანდემია იყო) ქართველი სპორტსმენები დებდნენ ისეთ შედეგებს, როგორიც არასდროს ყოფილა. მაგალითად, 2012 წელს 454 მედალი იყო, შემდეგ მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდებოდა და 2019 წელს უკვე 1254 მედალი მოიგეს ქართველმა სპორტსმენებმა.

მე არ მინდა ამას მიმართულება მიეცეს, რომ ხელისუფლებას სპორტი არ აინტერესებს, აქ არის კონკრეტულად ამ სამინისტროს ხელმძღვანელობის ბრალეულობა, რომ დღეს არამარტო სამბო, არამედ ზოგადად ქართული სპორტი არის ძალიან დიდი პრობლემების წინაშე. დღევანდელი ხელისუფლება სპორტზე და ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარ ხალხზე ნამდვილად ფიქრობს, თუმცა იმ სამინისტროში ვინც არიან ხელმძღვანელ პოზიციებზე, მათი იმედი ნამდვილად არ მაქვს.

დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ იყო გარკვეული ტურნირები, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა. საქართველო 2016 წლიდან ყოველ წელს მსოფლიო ჩემპიონის, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული არჩილ ჩოხელის სახელობის ტურნირს მასპინძლობდა. 2022 წელს საერთაშორისო ფედერაციამ მიანიჭა ამ ტურნირს ევროპის თასის წოდება, რომელიც წელს ვერ ჩავატარეთ იმიტომ, რომ სამინისტროს მიდგომა იყო ასეთი. ეს იყო საერთაშორისო ფედერაციის კალენდრით გათვალისწინებული ტურნირი. ამას აუცილებლად მოყვება ფინანსური სანქციები და საქართველომ შესაძლებელია ვერასდროს ვეღარ უმასპინძლოს საერთაშორისო ტურნირებს - ამას ცოტა ხანში შეგვატყობინებენ. აი, ეს არის მტრობა მეტი არაფერი. ჩვენი თანხებით ევროპის ჩემპიონატზე 5 სპორტსმენი გვყავს გაგზავნილი, რომელთაც არც მომზადება და არც არაფერი გაუვლიათ. 5 სპორტსმენი კი არა, ბოლო წონის კატეგორიაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა და მთელი ნაკრები უნდა ყოფილიყო ამ ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა რას ვიზამთ, რეალობა სხვა არის“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

მისივე თქმით, 2013 წელს 33 000 რეგისტრირებული სპორტსმენი ჰყავდათ, ხოლო 2019 წელს მათი რიცხვი 171 000-მდე გაიზარდა.

ავთანდილ ცინცაძის თქმით, დაფინანსების შეწყვეტის გამო მძიმე პრობლემები აქვთ სხვა სხვა სპორტულ ფედერაციებსაც.