ავტორი:

"რომ ვთქვა: "თეთრკანიანი, მელოტი მამაკაცი ეკონომისტების დედაც ვატირე“, ეს აკრძალული იქნება? რატომ არ მაქვს ამის უფლება?" - ალექსანდრე რაქვიაშვილი "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე

"რომ ვთქვა: "თეთრკანიანი, მელოტი მამაკაცი ეკონომისტების დედაც ვატირე“, ეს აკრძალული იქნება? რატომ არ მაქვს ამის უფლება?" - ალექსანდრე რაქვიაშვილი "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე

"რომ ვთქვა: "თეთრკანიანი, მელოტი მამაკაცი ეკონომისტების დედაც ვატირე“, ეს აკრძალული იქნება? და რატომ არ მაქვს ამის უფლება ბოლოს და ბოლოს? - ამის შესახებ "გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განაცხადა, სადაც "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მსჯელობენ.

  • რაქვიაშვილი დაინტერესდა, რას ემსახურება კანონში ცვლილებები და როგორ, რა სისტემით უნდა გაიზომოს ზიზღის წაქეზება.

"აქ არის ერთი ჩანაწერი და შინაარსი მაინტერესებს: რას ნიშნავს, "იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელებს, რომელიც პირის ან ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობების, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების, ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე“.

შეგიძლიათ მომიყვანოთ მაგალითი, როგორ შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანზე იმსჯელოთ, რაიმე პრობლემაზე ისე, რომ ეს პუნქტი არ დაირღვეს? აქ ასევე წერია, რომ ასე სიტყვის თავისუფლებას ვიცავთ. რომ ვთქვა - თეთრკანიანი, მელოტი მამაკაცი ეკონომისტების დედაც ვატირე, ეს აკრძალული იქნება? და რატომ არ მაქვს ამის უფლება ბოლოს და ბოლოს? კიდევ იცით, რა არ მესმის - ზიზღი რას ნიშნავს? ანუ ვიღაც ადამიანებმა, ბიუროკრატებმა, რომლებიც დაინიშნნენ, მათ უნდა გადაწყვიტონ ამ ჩემი გამონათქვამით ზიზღის წაქეზება მოხდა თუ არა? ანუ ზიზღი რა არის? განმარტება ხომ უნდა იყოს კანონში? როგორ იზომება ეს წაქეზება? ათქულიანი სისტემა გვექნება? გამოდის, ვისაც ადამიანებს ვაძლევ უფლებას ჩემი გამონათქვამი იყო თუ არა ზიზღის შემცველი და მოხდა თუ არა წაქეზება. ეს ხომ აბსურდია და ვერ შეიძლება იყოს სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის?! თუ თქვენ ეს მოგწონთ, მაშინ პირდაპირ ჩავწეროთ, რომ ვზღუდავთ სიტყვის თავისუფლებას იმისთვის, რომ რაღაცები ვაკეთოთ. უბრალოდ დაუშვებელია სიტყვების მიმართ ასეთი უპატივცემულობა. წერია, რომ ვიცავთ სიტყვის თავისუფლებას და მერე ეს [რაც წავიკითხე], როგორ არის ეს ერთმანეთთან თავსებადი, თუ შეიძლება განმიმარტეთ. მაგალითად, შეგიძლიათ შეაფასოთ რამდენად კონსტრუქციულად იქცევა "ნაციონალური მოძრაობა“ ზოგადად? მაინტერესებს, ეს თქვენი შეფასება იქნება ამ პუნქტთან თანხვედრაში თუ არა?!“ - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება იკრძალება. ამავე კანონპროექტით, "მაუწყებლობის შესახებ” კანონს "პასუხის უფლების“ შესახებ ჩანაწერი ემატება, კერძოდ, "პასუხის უფლება“ ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მაუწყებლის პროგრამაში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გადასცეს. მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრდეს. კანონპროექტის ინიციატორები "ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.

კანონპროექტს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი აცნობს.