ავტორი:

დილეტანტურად ჩატარებული ოპერაციის შემდეგ განვითარებული მძიმე ავადმყოფობა და ბრძოლა სიცოცხლისთვის - "არავინ მინახავს მასავით მამაცი და ძლიერი..."

დილეტანტურად ჩატარებული ოპერაციის შემდეგ განვითარებული მძიმე ავადმყოფობა და ბრძოლა სიცოცხლისთვის - "არავინ მინახავს მასავით მამაცი და ძლიერი..."

ჯერ კიდევ რადიოში მუშაობისას, წლიდან წლამდე, მასზე და მისი მოსწავლეების წარმატებებზე ბევრი რეპორტაჟი მომიმზადებია, შემდეგ - სტატიები დამიწერია და არც საქებარი სიტყვები დამიშურებია, რადგან ამას ნამდვილად იმსახურებდა და ახლა კიდევ უფრო მეტად იმსახურებს - ეს არის ადამიანი, რომელიც 2005 წლიდან მოყოლებული, ბევრჯერ დადგა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, მაგრამ ვერაფერმა გატეხა. დღეს იგი კვლავ ამ ზღვარზე აღმოჩნდა, უკვე მერამდენედ და მას ჩვენი - საზოგადოების თანადგომა სჭირდება!

ქეთევან შარმიაშვილთან დიდი ხნის წინ სიმღერამ შემახვედრა. ის თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონიდან არის და სწორედ მან ჩამოაყალიბა სიონში პირველი ბავშვთა ანსამბლი "სიონის ზარები“, რომელმაც ის ულამაზესი კუთხე მხოლოდ ტბითა და ჰაერით კი არა, ფშაური ფოლკლორითაც პოპულარული გახადა. სხვათა შორის, სწორედ "სიონის ზარების“ პირველი თაობის წარმომადგენელი იყო ქეთევანის აღზრდილი, ბევრისთვის საყვარელი შემსრულებელი და ადამიანი, ტრაგიკულად დაღუპული თეონა ქუმსიაშვილი. სწორედ ამ ანსამბლის ერთ-ერთი თაობის და შემდეგ უკვე თიანეთის სხვადასხვა სკოლების ბავშვები მონაწილეობდნენ საქართველოს რადიოს პირველ არხზე ჩემს მეგობრებთან ერთად დაარსებული ბავშვთა ქართული სიმღერის პირველ ფესტივალში. მათ უშუალოდ ქეთევან შარმიაშვილი ამეცადინებდა, რადგან თავად არის მომღერალიც და დირიჟორიც - მას დღევანდელი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და სცენაზეც ხშირად მღეროდა. თუმცა ქეთევანმა მომღერლობას მაინც თავისი კუთხისთვის - ფშავისთვის და ფშაველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის კარგი საქმეების კეთება ამჯობინა. პირადად მე სწორედ მისგან გავიცანი ივრის ფშავი და შევიყვარე, მან "შემახვედრა“ ივრის ლაშარს - უდიდეს სალოცავს, მან კიდევ უფრო "დამაახლოვა“ ჩემს უძვირფასეს პოეტს - მირზა გელოვანს, რომლის სახლ-კარში მოხვედრაზე ბავშვობაში ბევრჯერ მიოცნებია, სწორედ მისგან გავიგე, რა გულიანი ხალხი ცხოვრობს თიანეთის მუნიციპალიტეტში, მან "გამაცნო“ ჩემი საყვარელი გმირი, ყველაზე მამაცი მელექსე ქალი - ხვარამზე... ]

ამ სიყვარულში გამონაკლისი ნამდვილად არ ვარ, რადგან ქეთევანი ნებისმიერ სტუმართან ყოველთვის საუკეთესოდ წარმოაჩენდა და წარადგენდა ხოლმე ფშავსა და ფშაველებს, რადგან წლების განმავლობაში თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის სამსახურს სწორედ იგი ხელმძღვანელობდა... და საუკეთესოდაც ხელმძღვანელობდა! რაც ქეთევანი მახსოვს, სწორედ იგი იყო იმ კუთხის ყველა ლამაზი საღამოს, დღის, ღონისძიების ავტორიც, ორგანიზატორიც, სცენარისტიც, წამყვანიც, ცხადია, თავის მიერ შემოკრებილ გუნდთან ერთად... მერე კულტურის სამსახურის ხელმძღვანელად სხვა მიიყვანეს და ქეთევანმა თიანეთის პირველ საჯარო სკოლასა და კულტურის სახლში განაგრძო მუშაობა და დღემდე იქ მუშაობს. მოსწავლეთა შესანიშნავი ანსამბლი ჰყავს, მაგრამ ბოლო წლებში ჯანმრთელობის გაუარესებამ ძალიან შეაფერხა ბავშვებთან მეცადინეობები, ქეთევანი წლებია, თბილისშია და, ფაქტობრივად, მუდმივად იბრძვის სიცოცხლისათვის, თუმცა მაინც ვერ უღალატა მოსწავლეებს - მათ დისტანციურ გაკვეთილებს უტარებს. ბავშვები და მათი მშობლები მაინც მოუთმენლად ელიან საყვარელ ქეთევან მასწავლებელს, ქეთევანს კი სწორედ ბავშვების განსაკუთრებული სიყვარული აძლიერებს - საკუთარი ოჯახი არ ჰყავს, არც შვილები ჰყავს და თავისი მოსწავლეები, ლამის, შვილებივით ჰყავს. ამას ბავშვებიც გრძნობენ და იმიტომაც არიან ასე მიჯაჭვულები მასზე, მაგრამ... ქეთევანმა ბავშვებთან პირისპირ მუშაობა რომ შეძლოს, უპირველესად, ჯანმრთელობამ უნდა შეუწყოს ხელი.

ჯანმრთელობის პრობლემები კი მას 2005 წელს, უბედური შემთხვევით გამოწვეული მუხლის ტრავმით და დილეტანტის მიერ სპონტანურად ჩატარებული ე.წ. ოპერაციით დაიწყო. მას კიდევ რამდენიმე მძიმე ოპერაცია, ტკივილი, ტანჯვა და უძილო ღამე მოჰყვა, ტკივილებიც აწუხებდა და სიარულიც უჭირდა. მერე კი... 2015 წელს ქეთევანს სარკომის დიაგნოზი დაუსვეს. ასე დაიწყო ბრძოლა სარკომასთან. თავად ვახლდი ქეთევანს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, სადაც საოცარი, გამორჩეული ადამიანები, დიდი ხნის წინ თბილისიდან იქ გადასახლებული ირინა ვისკუშენკო და მისი მეცნიერი ვაჟი - ნიკოლაი ვისკუშენკო დაგვეხმარნენ. ქეთევანს სრულყოფილი დიაგნოზი დაუსვეს - მარცხენა მუხლის სახსრის რბილი ქსოვილების მულტირეციდივული და მეტასტაზური დაბალხარისხიანი სარკომა, მეტასტაზი არსებობდა ბარძაყის ლიმფურ კვანძებშიც. რადგან ქეთევანი ფეხის მოჭრის წინააღმდეგი იყო, თურქმა ონკოლოგმა და ქირურგმმა, ორთოპედ-ტრავმატოლოგმა იუსუპ ილდიზმა ორი უნიკალური ოპერაცია ჩაატარა - პირველი მუხლზე, რომელიც 9 საათს გაგრძელდა და ორი კვირის შემდეგ მეორე, ბარძაყის მეტასტაზების ამოკვეთისას - 4-საათიანი. ამას მოჰყვა თბილისში რადიოსხივური თერაპია, რომელმაც პროცესი კი შეაჩერა, მაგრამ, სამწუხაროდ, დამწვრობა გამოიწვია. ქეთევანი ერთხანს ყოველწლიურად ჩადიოდა თურქეთში და ფეხის მდგომარეობას იმოწმებდა. 2019 წელს მუხლის ნაჭრილობევთან, დამწვრობის ადგილას ინფექცია განვითარდა და ფეხის მდგომარეობა კვლავ დამძიმდა. ანკარაში მორიგ კვლევაზე ჩასულ ქეთევანს სასწრაფოდ ოპერაცია დასჭირდა. ამ ოპერაციებს და თურქეთში ე.წ. პეტის ყოველწლიურ კვლევას მხოლოდ საკუთარი ფინანსებით ქეთევანი ვერაფრით შეძლებდა, რომ არა სიონელებისა და თიანეთელების, ადგილობრივი თუ ქვეყნის ხელისუფლების, მისი მეგობრების დახმარება, შემწეობა, თანადგომა. რადგან ეს ადამიანი ძალიან უყვარს თიანეთს, ყველა მეგობარს, დიდს თუ პატარას, ვინც კი მას იცნობს... თურქეთიდან ჩამოსულ ქეთევანს ზედიზედ კიდევ ორი სამწუხარო ამბავი დაემართა: ისევ და ისევ სხივური თერაპიის დამწვრობისგან დასუსტებულმა ფეხის ძვლოვანმა სტრუქტურამ უმტყუნა და ნაოპერაციევი ფეხი მოტყდა. კვლავ სასწრაფო ოპერაცია და ლითონის ჩადგმა დასჭირდა, მაგრამ ლითონის ფირფიტა ვერ მიიღო სხეულმა, ნაჭრილობევი გაურთულდა, და კიდევ ერთი ოპერაცია დაინიშნა - ამჯერადაც ლითონით, ოღონდ სხვა მეთოდით, ამას კვლავ ინფექცია და მისი ხანგრძლივი, თუმცა - უშედეგო მკურნალობა მოჰყვა. ყველაფერს კი 2020 წელს დაერთო ჰემორაგიული ინსულტი, რამაც ისევ და ისევ მარცხენა კიდურების - ხელისა და ფეხის პარალიზება გამოიწვია. სხვა გამოსავალი აღარ იყო და სასწრაფოდ გახდა საჭირო ფეხის ამპუტაცია. ამპუტაციის შემდეგ ექიმებმა დააფიქსირეს სიმსივნური რეციდივი. ქეთევანს უკვე ერთი წელიწადია, ფეხი ამპუტირებული აქვს.

მიუხედავად 11 ოპერაციისა და ტანჯვისა, მიუხედავად გაუსაძლისი ტკივილებისა, ეს ადამიანი ყოველდღიურად მაოცებს - მუდამ მხნედაა, მუდამ - მედგრად ებრძვის საშინელ დაავადებას, მუდამ იბრძვის სიცოცხლისთვის და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ მდგომარეობაში მყოფი თავის თიანეთელ მოსწავლეებს მაინც არ ღალატობს - დისტანციურად უტარებს სიმღერის გაკვეთილებს და - საკმაოდ შედეგიანადაც. თუმცა ნატრობს იმ დღეზე, როდესაც უშუალოდ შეხვდება თავის საყვარელ ბავშვებს, ჩაეხუტება, საკონცერტო პროგრამებს მოამზადებს და სცენაზე უდირიჟორებს.

ქეთევანის ამბავს ვინც მოისმენს, ვერაფრით წარმოიდგენს, როგორ შეიძლება ერთმა ქალბატონმა ამდენ ტანჯვას გაუძლოს ისე, რომ არასდროს დაიწუწუნოს ან ცრემლი დაგანახოს, არავის მოგვახვიოს თავს საკუთარი ტკივილები, არავინ შეგვაწუხოს. მაგრამ ქეთევანს ეს შეუძლია, მან ეს შეძლო... ღვთის რწმენით, მეგობრებისა და გულმოწყალე ადამიანების თანადგომით!

ალბათ, სწორედ მისი მამაცი ბუნებაა მიზეზი, რომ ყველას გამორჩეულად გვიყვარს, გამორჩეულად პატივს ვცემთ მის სიმტკიცეს და ბრძოლას სიცოცხლისთვის! არავინ მინახავს მასავით მამაცი და ძლიერი...

ვიცი, ქეთევანს არ უნდა თქვენი შეწუხება, მაგრამ ჩვენ, მეგობრები მარტო ვერ შევძლებთ მის დახმარებას და ამიტომ გადავწყვიტეთ, თქვენთვის მოგვემართა:

ქეთევანი იკეთებს მარცხენა ფეხის პროთეზს. ვინაიდან ყველა პრობლემა,ინსულტის ჩათვლით, მისი სხეულის სწორედ მარცხენა მხარეს უკავშირდება, სწორედ ეს მხარე უნდა იყოს განსაკუთრებით დაცული. ქეთევანს უკვე აღარ გააჩნია მთლიანი პროთეზის საზღვარგარეთ გაკეთებისთვის ფინანსური სახსრები, ამიტომ იკეთებს სამამულო წარმოებისას, მაგრამ მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, მისი გადაადგილება მეტად დაცული და უსაფრთხო რომ იყოს, საჭიროებს პროთეზის გერმანული წარმოების მუხლის სახსარს, ეს ყველაფერი კი ჯდება მხოლოდ 5000 ლარი.

გთხოვთ, ამ მებრძოლ ქალბატონს დავუდგეთ გვერდით, მივცეთ შანსი, რომ უკვე მერამდენედ, ხელახლა აიდგას ფეხი! დარწმუნებული ვარ, ერთად ყველაფერს შევძლებთ, ამ ეტაპსაც გადავლახავთ და ქეთევანსაც დავუბრუნებთ თავის სიონს, თიანეთს და საყვარელ მოსწავლეებს!

ანგარიშის რეკვიზიტებია:

"თი-ბი-სი ბანკი“

GE45TB7358445061100098

მიმღები: ქეთევან შარმიაშვილი

ავტორი: ირმა ხარშილაძე