ავტორი:

"ეტყობა დონეცკში უფუნქციოდ დარჩა და ადრენალინის მისაღებად აფხაზეთში წამოსვლა სურს" - რას ამბობენ სოხუმში ავიძბაზე, რომელიც ირწმუნება, რომ "დონეცკის რესპუბლიკიდან" არ გაუშვეს?

"ეტყობა დონეცკში უფუნქციოდ დარჩა და ადრენალინის მისაღებად აფხაზეთში წამოსვლა სურს" - რას ამბობენ სოხუმში ავიძბაზე, რომელიც ირწმუნება, რომ "დონეცკის რესპუბლიკიდან" არ გაუშვეს?

ოკუპირებული აფხაზეთის ოდიოზური ფიგურა ახრა ავიძბა ირწმუნება, რომ ის რუსეთის მიერ კონტროლირებადი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ვიღაცებს არ სურთ, აფხაზეთში დაბრუნდეს.

ავიძბა ბოლო ხანებში რეგიონში მიმდინარე ყველა პოლიტიკური პროცესის აქტიური მონაწილეა. ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში ამბობს, რომ აბსურდული მიზეზების გამო, პირადად, ასლან ბჟანიას მითითებით, მას აფხაზეთში არ უშვებენ, "რაც წარმოუდგენელი სისულელეა".

ავიძბას თქმით, ის მოსკოვში აპირებდა წასვლას, მაგრამ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "საზღვრის" გადაკვეთა ვერ შეძლო.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, ავიძბა დარწმუნებულია, რომ ФСБ-ს სამსახური ასლან ბჟანიას მითითებით მოქმედებს და ეს შეზღუდვაც მას უკავშირდება და მას "პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს" უწოდებს.

"მე მაინც აუცილებლად ჩავაღწევ აფხაზეთში და ტყუილად ირჯებით... თუმცა, ტყუილად არ გეშინიათ. მელოდეთ!" - ამბობს ავიძბა მიმართვაში.

ადგილობრივების აზრი, ახრა ავიძბას მიმართვასთან დაკავშირებით, ორად გაიყო. ნაწილის თქმით, ახრა პატრიოტია და მისი აღშფოთება სრულიად სამართლიანია.

სხვების თქმით, ეტყობა, ახრა დონეცკში უფუნქციოდ გრძნობს თავს და ადრენალინის მისაღებად აფხაზეთში წამოსვლა და იქ ერთი-ორი ბუნტის მოწყობა სჭირდება.

"ბჟანია კარგად იცნობს მის ნატურას და იცის, რომ თუ ახრა დაბრუნდება, ისედაც "ხალისიან ქვეყანაში", არ მოვიწყენთ"- წერს ადგილობრივი იაგო ჯამდელიანი.

"ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, კი არ უნდა დაებლოკათ, უნდა შემოეშვათ და თუნდაც ამდენი ბიჭის საზარბაზნე ხორცად გამოყენებისთვის, უნდა გაასამართლონ, მაგრამ იციან, რომ კანონით ახრას ვერაფერს მოუხერხებენ და ასე აირიდეს თავიდან ზედმეტი თავის ტკივილი. ახლა ეს ფიგურა არც რუსეთში სჭირდება ვინმე და ჩვენთან - მით უმეტეს" - წერს ინტერნეტმომხმარებელი კალიას დუმოსი.

გამოცემის ცნობით, ახრა ავიძბა, დონბასში საომარ მოქმედებებში 2014 წლიდან მონაწილეობს და არაერთი ჯილდოს მფლობელია. რამდენიმე ხნის წინ, მას "დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში" გმირის წოდება მიანიჭეს.

ახრას სახელს უკავშირდება ადგილობრივი. ე.წ. ინტერნაციონალური ბატალიონის დაარსება, რომელშიც პერიოდულად ირიცხებიან აფხაზეთიდან წასული, სრულიად მოუმზადებელი ახალგაზრდები და ადგილობრივები რეგიონში უდიდეს ადამიანურ დანაკარგზეც საუბრობენ.

გარდა ამისა, 2019 წლის პოლიტიკური დაძაბულობის დროს, როდესაც სოხუმის ცენტრში მდებარე კაფეში ორი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ჩაცხრილეს, ის აფხაზეთში დაბრუნდა და იმ დროინდელი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას, გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში გამართულ აქციებს სათავეში ჩაუდგა. პროცესები ხაჯიმბას გადადგომით დასრულდა.

2020 წლის ივნისში ავიძბამ აფხაზეთის "პრეზიდენტის" ადმინისტრაციაში დაიწყო მუშაობა, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებს კურირებდა და ბჟანიას თანაშემწის პოსტი ეჭირა. თუმცა, მალევე, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, "საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვის" მიზეზით.

2021 წლის 4 მარტს ავიძბა აფხაზეთში, დონეცკელ მეგობრებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით იარაღის უკანონო შენახვა-გასაღების ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მედია წერდა, რომ მას და მის მეგობრებს, სახელმწიფო გადატრიალება ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა, ის პირობითი სასჯელის მოხდის მუხლით, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.